მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერის ანა დოლიძის განცხადებით, გაზრდილია იმ ბავშვების რაოდებობა, რომლებიც კერძო სკოლიდან საჯარო სკოლებში გადავიდნენ სასწავლებლად. ანა დოლიძე ფიქრობს, რომ რაოდენობის ზრდა, სწორედ პანდემიით გამოწვეულ ფინანსურ კრიზისს უკავშირდება. მისივე განცხადებით, “ამხელა ციფრები აქამდე რომ ყოფილიყო, მანამდე დაძრავდნენ კერძო სკოლები ამ პრობლემატიკას” და უფრო ადრე მოხდებოდა კანონპროექტში იმ ცვლილებების შეტანა, რომელიც ახლა “ზოგადი განათლების შესახებ” კანონში იგეგმება.
დოლიძის განმარტებით, პანდემიამ მთელ მსოფლიოში თითქმის ყველა ოჯახის ფინანსურ შემოსავალზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.
“შარშანდელი წელი იყო უმძიმესი წელი ყველასთვის, პირველ რიგში ბავშვებისთვის, რომლებმაც უდიდესი წნეხი გაიარეს. სოციალური სამყარო არა, მეგობრები არა, სახლში მშობლები, რომლებიც კარგავენ სამსახურს. სტატისტიკურად ჩვენ ვიცით, რომ 10 ათასზე მეტი ბავშვი არ დადის არცერთ სკოლაში. ძლივს გამოაქვეყნა ეს ციფრი განათლების სამინისტრომ. შარშან 6 ათასი ბავშვი გადავიდა კერძო სკოლიდან საჯარო სკოლაში, სავარაუდოდ სწორედ თანხის გადაუხდელობის გამო. ეკონომიკურ დეპრესიაში შევედით ჩვენ, როგორც სახელმწიფო. ამხელა ციფრები აქამდე რომ ყოფილიყო, მანამდე დაძრავდნენ კერძო სკოლები ამ პრობლემატიკას. წელს იმიტომ დაძრეს, რომ წელს ძალიან დიდ ციფრებს შევეხეთ”, – განმარტავს ანა დოლიძე გადაცემაში “დღის თემა”.
გადაცემაში “დღის თემა” მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ კანონპროექტის უარყოფით მხარეებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც კერძო სკოლას ენიჭება უფლებამოსილება, სწავლის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, ფინანსური დავალიანების დროს სემესტრის დასრულებიდან მომდევნო სემესტრამდე მოსწავლეს სტატუსი შეუწყვიტოს.