პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, კერძო სკოლას ენიჭება უფლებამოსილება, სწავლის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, ფინანსური დავალიანების დროს სემესტრის დასრულებიდან მომდევნო სემესტრამდე მოსწავლეს სტატუსი შეუწყვიტოს, მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე რადიო “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” ეხმიანება და კანონპროექტს მავნებლურს და მოუმწიფებელს უწოდებს.
მისი განცხადებით, ცვლილებების განხორციელება მოზარდებს ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ამყოფებს, ამიტომ უნდა შეჩერდეს კანონპროექტის განხილვა და დისკუსიაში პროფესიონალები უნდა ჩაერთონ.
“ეს კანონპროექტი არ არის მომწიფებული, ჩანს, რომ არ არის გავლილი შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან, კანონპროექტი არის ცალმხრივი. ამ პრობლემის მოგვარება სკოლისთვის ცალსახად სხვანაირად შეიძლება. როდესაც მშობელს უცებ დაატყდა ფინანსური გაჭირვება თავს და მისმა შვილმა კლასის შუაში უნდა გამოიცვალოს სკოლა, ძალიან რთულ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ამყოფებს ბავშვებს. უპრიანი იქნება, რომ კანონპროექტი შეჩერდეს და დისკუსიაში ჩართონ პროფესიონალები. ჩვენთან არიან მოზარდების და ბავშვთა ფსიქოლოგები და მათ ჰკითხონ აზრი, სანამ მსგავს ცვლილებას მიიღებენ. ამას ვისურვებდი”,- აცხადებს ანა დოლიძე.
ანა დოლიძეს მაგალითად ლუკა სირაძის საქმე მოჰყავს და აცხადებს, რომ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მოზარდების ყოფნა არ შეიძლება, სწორედ ამიტომ სკოლამაც პრობლემის მოსაგვარებლად ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომ მოზარდის მყიფე ფსიქიკა არ დააზარალოს.
“მინდა ყველამ კარგად გაიხსენოს ლუკა სირაძის საქმე. ნახოს ხალხმა რამდენი რამ დაიწერა მისი სკოლიდან გადასვლასთან დაკავშირებით, რომლის მიზეზიც თანხის გადაუხდელობა იყო. ყველამ ჩაიხედოს საკუთარ ბავშვობაში, შეხედოს თავის შვილებს და რაც მთავარია ჰკითხოს ფსიქოლოგებს, რას ნიშნავს როდესაც სკოლიდან გარიცხავ ბავშვს სასწავლო წლის შუაში და აიძულებ მას, რომ სკოლა გამოიცვალოს. მე ვფიქრობ, რომ ამ გამოსავალს ჩვენ უნდა ვერიდოთ და სხვა მიდგომებზე ვიფიქროთ, რომელიც დაიცავდა სკოლის ინტერესებსაც, მაგრამ ამავე დროს დაიცავდა ბავშვის ფსიქიკასაც.
როდესაც ამ ქეისებთან ექნება კერძო სკოლას შეხება, ინდივიდუალური შემთხვევების განხილვის შედეგად სკოლას უნდა ჰქონდეს და აქვს კიდევაც სამოქალაქო სამართლებრივი ბერკეტები, ერთი სემესტრის ფული ამოიღოს ოჯახებისგან. ამას ვერავინ ვერ გაექცევა. ჩვეულებრივი სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობაა მშობელსა და სკოლას შორის. პრობლემის გადაწყვეტა იმის ხარჯზე, რომ ბავშვი სკოლიდან გარიცხოს სემესტრის ბოლოს, როდესაც ის ახალ სამყაროში, ახალ კლასში უნდა შევიდეს, სადაც ყველაფერი უკვე დალაგებულია, მეგობრები შექმნილია, წრეები ჩამოყალიბებულია, ვიცით ეს რასთან არის დაკავშირებული. ამის შედეგად არ უნდა დაზარალდეს ბავშვი და მოზარდი, რომელთა ფსიქიკაც მყიფეა. ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ ისეთი გამოსავალი, როდესაც ორივე მხარის ინტერესი იქნება დაცული”, – აცხადებს ანა დოლიძე.
დოლიძის განმარტებით, პანდემიამ მთელ მსოფლიოში თითქმის ყველა ოჯახის ფინანსურ შემოსავალზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გაზრდილია იმ ბავშვების რაოდებობა, რომლებიც კერძო სკოლიდან საჯარო სკოლებში გადავიდნენ სასწავლებლად. ანა დოლიძე ფიქრობს, რომ რაოდენობის ზრდა, სწორედ პანდემიით გამოწვეულ ფინანსურ კრიზისს უკავშირდება.
“შარშანდელი წელი იყო უმძიმესი წელი ყველასთვის, პირველ რიგში ბავშვებისთვის, რომლებმაც უდიდესი წნეხი გაიარეს. სოციალური სამყარო არა, მეგობრები არა, სახლში მშობლები, რომლებიც კარგავენ სამსახურს. სტატისტიკურად ჩვენ ვიცით, რომ 10 ათასზე მეტი ბავშვი არ დადის არცერთ სკოლაში. ძლივს გამოაქვეყნა ეს ციფრი განათლების სამინისტრომ. შარშან 6 ათასი ბავშვი გადავიდა კერძო სკოლიდან საჯარო სკოლაში, სავარაუდოდ სწორედ თანხის გადაუხდელობის გამო. ეკონომიკურ დეპრესიაში შევედით ჩვენ, როგორც სახელმწიფო. ამხელა ციფრები აქამდე რომ ყოფილიყო, მანამდე დაძრავდნენ კერძო სკოლები ამ პრობლემატიკას. წელს იმიტომ დაძრეს, რომ წელს ძალიან დიდ ციფრებს შევეხეთ”, – განმარტავს ანა დოლიძე გადაცემაში “დღის თემა”.