LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფორმაცია, თითქოს პატრიარქმა საკვირაო ქადაგებაზე, კომენდანტის საათისა და შეზღუდვების გაუქმებაზე ისაუბრა, სიმართლე არ არის: საპატრიარქოს განცხადება

63
Untitled design (13)

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მიმართვას ავრცელებს და უარყოფს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გუშინ, 2021 წლის 4 აპრილს, საკვირაო ქადაგებისას, კომენდანტის საათისა და შეზღუდვების გაუქმების შესახებ ისაუბრა.

როგორც საპატრიარქოს მიერ “ფეისბუქზე” გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და უწმინდესი და უნეტარესი 4 აპრილის საკვირაო მსახურებაზე არც ყოფილა.

“შეგახსენებთ, რომ კოვიდპანდემიის გამო, სახელმწიფოს მიერ დაწესებული გარკვეული შეზღუვებისა და რეგულაციების დაცვის შესახებ, არსებობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებები, საქართველოს საპატრიარქოსა და თავად უწმინდესისა და უნეტარესის ოფიციალური განცხადებები, რომლებიც მოგვიწოდებს, დავემორჩილოთ სახელმწიფოს მიერ დაწესებულ რეგულაციებს, დავიცვათ სოციალური დისტანცია, ვატაროთ პირბადე და გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას.”  – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც ასევე მოყვანილია ციტატა საპატრიარქოს 2020 წლის 25 ნოემბრის ოფიციალური მიმართვიდან:

“აუცილებელია, ტაძარში ყოფნის დროს მრევლმა დაიცვას დისტანცია და ეკეთოს პირბადე, ხოლო ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს ან რისკის ჯგუფს განეკუთვნება, სჯობს, თავი შეიკავოს მსახურებებზე დასწრებისგან. ზიარების ან სხვა საჭიროების შემთხვევაში მათ მოძღვარი სახლში მიაკითხავს”.

მიმართვაში ასევე საუბარია ვაქცინაციაზე, რომლის თაობაზეც საქართველოს ეკლესიამ მრავალგზის გამოხატა თავისი პოზიცია და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია:

“წმინდა სინოდის 2021 წლის 11 მარტის სხდომის განჩინების თანახმად, ეკლესია მიესალმება „იმ ფაქტს, რომ კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო“. თავის მხრივ, „საქართველოს ეკლესია დიდად აფასებს იმ სიკეთეს, რაც ზოგადად მედიცინას მოაქვს ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა.” – ვკითხულობთ გავრცელებულ მიმართვაში.

საპატრიარქოს პრესსამსახურში ასევე აცხადებენ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და საქართველოს ეკლესიის ნებისმიერი განცხადება მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის, საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნებისა” და გაზეთ “საპატრიარქოს უწყებანის” ოფიციალური ინტერნეტგვერდების მეშვეობით ვრცელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები