“რეალური საფრთხე” და “ევროკავშრის შესაძლო უარი საქართველოსთან პარტნიორობაზე” – პოლიტიკოსების პარალელურად, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებას აფასებენ და მოსალოდნელ სცენარზე საუბრობენ.
ტვ პირველთან საუბრის დროს, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა თქვა, რომ “ქართული ოცნება” უნდა დაფიქრდეს, თუ საით მიჰყავს ქვეყანა და პირველ რიგში, მისი პასუხისმგებლობაა, როგორ გამოვა ქვეყანა კრიზისიდან:
“ეს არის ძალიან რეალური საფრთხე. ჩვენ რომ შევხედოთ ვინ აწერს ამ განცხადებას ხელს, ვნახავთ, რომ აქ არიან სხვადასხვა პოზიციის მქონე ევროპარლამენტარები, რომლებიც გასული წლების განმავლობაში ძალიან მკაცრი პოზიციებითაც იყვნენ წარმოდგენილები “ქართულ ოცნებასთან” მიმართებაში.
“ოცნება” უნდა დაფიქრდეს, საითკენ მიჰყავთ ეს ქვეყანა და მათი პასუხისმგებლობაა პირველ რიგში ეს, თუ როგორ გამოვალთ ამ კრიზისიდან. ჩვენ ვიზიარებთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოსაზრებას, რომ ის, რაც ხდება ქვეყანაში, არის რუსეთის ინეტრესებში.” – თქვა ეკა გიგაურმა.
როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი აღნიშნავს, თუ პოლიტიკური ლიდერები ასე გაგრძელებენ, ქვეყანა ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება:
“ევროკავშირი უარს იტყვის ჩვენთან პარტნიორობაზე და ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იქნება სწორედ ეს განცხადება. ეს არის ერთგვარი გზავნილი იმისთვის, რომ თუ ასე გააგრძელებენ პოლიტიკური ლიდერები, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება ჩვენი ქვეყანა და ფაქტობრივად, ევროპულ მომავალს ვართმევთ მას. ეს ნიშნავს, ერთადერთს, რომ ჩვენ უკან დავბრუნდებით საბჭოთა კავშირში.” – ამბობს სიმონიშვილი.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტარებმა, საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევაზე უარის თქმის შემდეგ, 1 აპრილს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს.
ევროპარლამენტის წევრები წუხილს გამოთქვამენ, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები არ დათანხმდნენ ევროკავშირის მედიატორის, კრისტიან დანიელსონის შეთავაზებას და საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობების მხრივ მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობენ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პოლიტიკური პარტიებისგან კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს ლიდერები ევროკავშირის მხრიდან ჩვეულ საქმიანობასთან დაბრუნებას არ უნდა მოელოდნენ.
გზავნილები ევროპარლამენტარების მხრიდან, სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული: კარლ ჰარცელი