LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპარლამენტარების ასეთი განცხადება იმიტომ მივიღეთ, რომ ოპოზიციამ შეთანხმების დოკუმენტს ხელი არ მოაწერა: ნიკოლოზ სამხარაძე

44
ნიკოლოზ სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის მხრიდან რაიმე სანქციების გამოყენებას არ ელის. მისი თქმით, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, შექმნილ ვითარებაზე მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა, მაგრამ როდესაც ურთიერთშეთანხმების საკითხი დგას და ერთი მხარე თანახმაა შეთანხმებას ხელი მოაწეროს, ხოლო მეორე – არ არის თანახმა, ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ოპოზიციაზე გადადის.

სამხარაძე ევროპარლამენტარების განცხადებებს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მიმდინარე მოლაპარაკების ჩაშლას უკავშირებს და ამბობს, რომ “ქართული ოცნება” მზად იყო დოკუმენტისთვის ხელი მოეწერა.

“რატომ გაჟღერდა ევროპარლამენტარების ასეთი განცხადება? იმიტომ, რომ მოლაპარაკებები ვერ შედგა! შეთანხმებაზე ვინ არ მოაწერა ხელი? ჩვენ ხელს ვაწერდით, მაგრამ იმიტომ არ მოვაწერეთ, რომ თუ სხვა არავინ აწერდა, მხოლოდ “ქართული ოცნების“ ხელმოწერა არაფერს ნიშნავდა.

იგივე თქვა დანიელსონმა რომ მთავარი ამოცანა იყო, დოკუმენტზე ყველას მოეწერა ხელი. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ “ქართული ოცნება“ მზად იყო დოკუმენტზე ხელი მოეწერა. ჩვენ დოკუმენტის ძირითად ნაწილს ვეთანხმებოდით. იყო მცირე შენიშვნები, რაც ჩვენ გვქონდა, თუმცა ამ შენიშვნებზე შეთანხმება შესაძლებელი იყო,” – განაცხადა საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ მეორე მხარიდან დოკუმენტის მიუღებლობა იყო, მცირე შენიშვნების განხილვაც აღარ მომხდარა.

“ევროპარლამენტარების განცხადება მივიღეთ ისე, როგორც იქ წერია, რომ შეუთანხმებლობა ქვეყანას აზარალებს და აშორებს ევროპულ მომავალთან. ამას ჩვენ ვეთანხმებით – პოლიტიკური კრიზისი ქვეყანას ევროპულ მომავალთან აშორებს!“ – განუცხადა ჟურნალისტებს სამხარაძემ.

დამნაშავეა როგორც მმართველი, ისე მთავარი ოპოზიციური პარტიები, განსაკუთრებული პასუხისმგებობა ეკისრება ხელისუფლებაში მყოფ პარტიას: ევროპარლამენტარები