ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვლადიმერ ხუნდაძემ ავტოიმპორტიორი კომპანიის წარმომდგენლებთან, თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში შეხვედრა გამართა.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა დეტალურად განიხილეს ავტოიმპორტიორების მხარდაჭერის მიზნით დაგეგმილი საკანონმდებლო სიახლეები, რომლებიც ავტომობილების იმპორტის, ტრანზიტის და რეექსპორტის ხელშეწყობისა და კონტროლის პროცედურებს შეეხება. ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, იმპორტიორი უფლებამოსილი იქნება დადგენილი წესის შესაბამისად, დაიბრუნოს სატრანსპორტო საშუალებაზე გადახდილი იმპორტის გადასახადი და აქციზის 100 პროცენტი თუ აღნიშნული მსუბუქი ავტომობილი გაფორმდება ექსპორტის პროცედურაში და დატოვებს საქართველოს ტერიტორიას 180 კალენდარული დღის განმავლობაში (მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული 90 კალენდარული დღის ნაცვლად). ამასთან, ცვლილების თანახმად, საბაჟო საწყობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების განსათავსებელ ადგილებზე შესაძლებელი იქნება, ერთ სივრცეში (შერეულად) განთავსდეს, როგორც გაფორმებული, ასევე გასაფორმებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებები.
შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა და ავტოიმპორტიორებს შესაძლებლობა მიეცათ, მათთვის აქტუალურ კითხვებზე პასუხები მიეღოთ.
შემოსავლების სამსახურში გამართულ შეხვედრას, ასევე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები მერაბ არახამია და კიაზო ახალაია ესწრებოდნენ.