LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაშლიჯვრის მოსახლეობა კორპუსების მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებას და მეწყრის შესასწავლად ექსპერტთა ჯგუფის შექმნას ითხოვს

104
601DF45C-B5C3-4989-A00A-A122096409D2-w1200-r1

ვაშლიჯვრის მოსახლეობა კორპუსების მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებას და მეწყრის შესასწავლად ექსპერტთა ჯგუფის შექმნას ითხოვს. საორგანიზაციო ჯგუფმა ვაშლიჯვარში კორპუსების მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადების მოთხოვნით პეტიცია დღეს შეიტანა. პეტიციას 5 ათასამდე ხელმოწერა აქვს.

„მოვითხოვთ შეიქმნას ჯგუფი, რომელიც მთლიანად ფერდს შეისწავლის და შემდგომი მშენებლობა თუ ინფრასტრუქტურული პროექტი გადაწყდეს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობითა თუ საჯარო განხილვებით. ფერდობი მთლიანად უნდა შეისწავლონ და დასკვნა დადონ დამოუკიდებელმა ექსპერტებმა, რომელსაც მოსახლეობა ვენდობით”, — აცხადებენ ხელმომწერები.

მოსახლეობის თქმით, მერიამ ლისის დაზიანებულ ფერდზე უნდა დაამონტაჟოს სამონიტორინგო სისტემა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში დააკვირდება ფერდს და საჯარო წესით საზოგადოებას მუდმივად მიაწვდის ამის შესახებ ინფორმაციას, შეწყდეს მაჭავარიანის ქუჩიდან მიმავალი ესტაკადის მშენებლობა და არ გაიხსნას მაჭავარიანის ქუჩა იქამდე, ვიდრე არ იქნება ცნობილი ექსპერტიზის პასუხები და დასკვნები, შესწავლილი იყოს და გასაჯაროვდეს მთლიანად ვაშლიჯვრის უბნის გეოლოგიური ანალიზი.

ცნობისთვის, ვაშლიჯვრის მეწყრის ტანზე გეოდეზიური აზომვების პირველადი შედეგები ცნობილია. სპეციალისტების დასკვნით, ნაპრალიდან მარცხენა ბლოკიც დინამიკაშია და ვარაუდს, რომ უფრო მეტი მასა დაიძვრება, საფუძველი აქვს.

„პირველადი შედეგების დასაზუსტებლად მონიტორინგი კვლავ გრძელდება,” – ნათქვამია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის განცხადებაში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები