ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, რომელიც მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ, მეწყრულ პროცესის განვითარებას ეხება, ნათქვამია, რომ კლდოვან ქანებში განვითარებულია მძლავრი კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესი.
ამავე დასკვნაში, რომელიც 17 მარტითაა დათარიღებული, ვკითხულობთ, რომ ვაშლიჯვრის მეწყრის გზის მიმართულებით გადაადგილდება დიდი ალბათობით დამატებით ნაპრალებს შექმნის.
„გამოკვლეულ ტერიტორიაზე განხორციელებული რამდენიმე ვიზიტის დროს, ვიზუალური დაკვირვების საფუძველზე გაიკვირვა, რომ მეწყრული პროცესი აქტიურ დინამიკაშია, (დინამიკა შესამჩნევია დროის მოკლე ორ-დღიან მონაკვეთშიც კი), რაც მოცემულ ვითარებაში შეუქცევად ხასიათს ატარებს და ფერდობის ბუნებრივი სტაბილიზაცია მოსალოდნელი არ არის,“ – ვკითხულობთ დასკვნის ამონარიდში, რომლის ავტორიც სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის სპეციალისტი, მირზა მესხია.
მისი ავტორობით შედგენილ დასკვნაში ასევე წერია, რომ მეწყრული პროცესების გააქტიურების მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ბუნებრივად, გეოლოგიურად არამყარი გარემო, ასევე ამ ტერიტორიაზე მიმდინარე საინჟინრო საქმიანობა.
„მეწყრის საშუალო სიგანე 100 მეტრია, მეწყრული სხეულის სიგრძე მთავარი საფეხურის წარბადან მაჭავარიანის ქუჩამდე (საავტომობილო გზამდე) 200 მეტრს შეადგენს, ვიზუალური დაკვირვებით აღნიშნული ნაპრალები ზედაპირულ ნაწილში ღიაა და მათი ღიობის სიგანე 0.5მ-დან 1.5მ- მდე იცვლება.
დიდი ალბათობით, მეწყრული სხეულის შემდგომი გადაადგილება, საავტომობილო გზის მიმართულებით, ფერდობის სხვადასხვა ნაწილში წარმოქმნის ახალ მეწყრულ ნაპრალებს და საფეხურებს.“ – ნათქვამია სპეციალისტის დასკვნაში.
ყოველივე ზემოთაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, დასკვნის ავტორის რეკომენდაციები შემდეგია:
- დაუყოვნებლივ შეწყდეს ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის პლატოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის (მ. მაჭავარიანის ქუჩა) შესაბამის მონაკვეთზე ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა.
განხორციელდეს მეწყრული პროცესის უწყვეტი მონიტორინგი (დაკვირვება) შესაბამისი მეთოდიკის მიხედვით. - დაიგეგმოს და განხორციელდეს მეწყრული პროცესის სტაბილიზირებისთვის საჭირო შესაბამისი ღონისძიებები, რაც გულისხმობს სხვადასხვა სახის დამცავი საინჟინრო ნაგებობების დაპროექტებასა და მოწყობას შესაბამისი კვლევებისა და გაანგარიშების საფუძველზე.
რაც შეეხება მეწყრული პროცესის სტაბილიზირებისაკენ მიმართულ ღონისძიებებს, დასკვნის ავტორი წერს, რომ შესაძლებელია განხილული იყოს დინამიკაში მყოფი მეწყრული მასის დაშლა და გატანა, რკინა-ბეტონის საყრდები კედლების მოწყობა, გრუნეტების მელიორაცია (ცემენტაცია), ხიმინჯების მოწყობა ქანების სუსტად გამოფიტულ ზონაში ჩაანკერებით და სხვა.