LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ორად გაყოფილი” ვაშლიჯვრის ფერდობი და სპეციალისტები კვლავ გამოსვლის ძიებაში

1240
fortuna.ge (13)

ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერის საშიშროება ყოველდღიურად უფრო რეალური ხდება – უკვე გაჩენილი ნაპრალი, რომელიც ფერდობს ორად ჰყოფს, კვლავ მოძრაობაშია და უფრო მეტიც – გეოლოგების შეფასებით, მეწყრული პროცესები ინტენსიურად მიმდინარეობს, ხოლო მიწის გადაადგილება დღე-ღამეში 5 სანტიმეტრით იმატებს. დედაქალაქის მერია კი გერმანელ ექსპერტებთან ერთად, სიტუაციას იკვლევს, თუმცა, პირველადი დაკვირვებით, როგორც ეს მოწვეულმა სპეციალისტმა თქვა, საკითხი საკმაოდ კომპლექსურია, რომელიც მხოლოდ ერთი გზით არ გადაიჭრება, ამიტომ საჭიროა ყურადღების შენარჩუნება.

 

როგორ გაჩნდა პრობლემა

 

აღსანიშნავია, რომ მეწყერის საშიშროების შესახებ, თავდაპირველად საზოგადოებამ რამდენიმე დღის წინ შეიტყო, როცა ჯერ „თბილისის ფორუმზე“, ხოლო შემდეგ უკვე, სოციალურ ქსელში აეროგადაღების კადრები გავრცელდა და სადაც ნათლად ჩანს ფერდობზე გაჩენილი ნაპრალი. ამის შემდეგ ადგილზე სპეციალისტების ჯგუფი მივიდა, რომლებმაც განაცხადეს, რომ მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, რადგან საქმე ბლოკური მეწყერის განვითარებასთან გვაქვს, ხოლო ფერდობი უკვე დინამიკაში, ანუ, მოძრაობაშია მოსული.

ფოტო: სოციალურ ქსელში საგანგაშო ფოტოები ვრცელდება, რომელიც ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზეა გადაღებული

“ამ შემთხვევაში, რადგან საქმე ბლოკურ მეწყერთან გვაქვს, ეს ნიშნავს, რომ მთელი ბლოკი გადაადგილდება და საბოლოო ჯამში, გადაადგილება დიდ ლოდებად დამსხვრევას იწვევს,” – ამის შესახებ „ფორტუნას“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა სუხიშვილმა ჯერ კიდევ 18 მარტს, კადრების გავრცელების დღეს განუცხადა.

 

სპეციალისტების პირველადი დაკვირვება

 

იმავე დღეს, 18 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრში სპეციალისტებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და გვითხრეს, რომ ვითარება დაუყოვნებლივ დამატებით კვლევებს საჭიროებს, ხოლო პირველადი დათვალიერებით კი ჩანს, რომ საფრთხე საკმაოდ რეალურია.

სეისმოლოგებმა მეწყერული პროცესების შესაძლო გამომწვევ მიზეზებზეც ისაუბრეს და თქვეს, რომ ეს პროცესი არასწორად დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოებიდან გამომდინარეა პროვოცირებული, შესაბამისად, მათ მიმდინარე სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერება მოითხოვეს.

“ეს მეწყერი სხვადასხვა მიმართულებით დამატებით კვლევებს მოითხოვს. ვიზუალური დაკვირვებით რაც გავზომეთ და რაც ჩანს სიღრმე დაახლოებით 10 მეტრი და ნახევარი მილიონი კუბია, რაც მაპროვოცირებელი მოვლენების შემთხვევაში, შესაძლოა მოწყდეს და ეს მასა ქვევით წამოვიდეს – ეს არის პირველადი დაკვირვება,”- განაცხადა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ.

სპეციალისტებმა არც ის გამორიცხეს, რომ მეწყერის მოწყვეტის სიღრმე უფრო დიდ ტერიტორიაზეც ვრცელდებოდეს. მათი თქმით, მეწყერის განვითარების საშიშროებას პროვოცირებას ნებისმიერი ტიპის ვიბრაცია და უხვი ნალექი ახდენს.

 

მოწყვეტილი სიღრმე დაახლოებით 10 მეტრია და ნახევარი მილიონი კუბია, რაც შესაძლოა მოწყდეს – სეისმოლოგების საგანგებო განცხადება

 

როგორ განვითარდა მოვლენები

 

18 მარტის შემდეგ, სპეციალისტებმა ინტენსიური დაკვირვება განაგრძეს და უკვე მომდევნო დღეებში აღმოჩნდა, რომ მათი ვარაუდი ნაპრალის გაღრმავებასთან დაკავშირებით სავსებით რეალური აღმოჩნდა.  მეცნიერებმა თქვეს, რომ ბლოკური მეწყერი კვლავ დინამიკაშია, ხოლო ფერდობზე მოწყვეტილი მასა დღე-ღამეში დაახლოებით 5 სანტიმეტრით გაიზარდა, შესაბამისად, ნაპრალიც გაღრმავდა.

„თბილისში, ვაშლიჯვრის თავზე მთის ფერდზე გაჩენილი ნაპრალის სიღრმე, პირველადი შეფასებით, 19 მეტრია, დაძრული უნდა იყოს დაახლოებით 500 000 კუბური მეტრი მიწა,“ – განაცხადეს გეოლოგებმა და კიდევ ერთხელ თქვეს, რომ სეისმურად არამდგრად ფერდობზე, ნებისმიერი ტიპის სამუშაოები უნდა შეწყდეს.

მეწყერის ტანზე ამოვედით, რათა აჩქარება დაგვეთვალა. ფაქტობრივად, აჩქარების დათვლას აზრი აღარ აქვს, რამდენადაც სურათი რადიკალურად შეცვლილი დაგვხვდა. ნაპრალის შუა ნაწილი მთლიანად ჩავარდნილია, ეს კი ნიშნავს, რომ პროცესი აჩქარებულია. გუშინ წვიმა იყო და ნებისმიერი ნალექი უკვე ამ პროცესს დააჩქარებს. არ ვიცი ვის და რის იმედად მუშაობს „თიბისის“ სამშენებლო კომპანია. რის იმედად და რატომ ვიგდებთ თავს ამ სიტუაციაში, ცეცხლს ვეთამაშებით?“ – განაცხადა სეისმოლოგმა, თეა გოდოლაძემ.

 

 

რას ამბობს თბილისის მერია და რა გეგმა აქვს პრობლემის გადასაჭრელად

 

მეწყერის შესაძლო განვითარების საკითხმა დედაქალაქის მერიის მიმართ საზოგადოებაში კითხვები გააჩინა – რატომ არ იყო მოსახლეობა ამ დრომდე ინფორმირებული და ხომ არ გამოიწვია ეს პროცესი არამდგრად ზონაში სამშენებლო ნებართვებს გაცემამ, ამასთანავე იმ სამუშაოებმა, რომელსაც მერია მაჭავარიანის ქუჩაზე გზის მშენებლობისთვის, ესტაკადისთვის აწარმოებს.

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მეწყრული პროცესისა და განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა, რომ რომ ეს პროცესი გზის მშენებლობასთან კავშირში არაა, რადგან მეწყერი მთის ზედა ფერდობზე განვითარდა, ახალი გზა კი ქვემოთა ნაწილზე შენდება.

კალაძემ ისიც თქვა, რომ მეწყრის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია და „ეს პროცესი დღეს და გუშინ დაწყებული არ არის.“

„ეს არის წლების განმავლობაში მიმდინარე პროცესი. როგორც კი შევატყვეთ, რომ საფრთხე იყო, პრევენციული ღონისძიებები იქნა გატარებული, მაჭავარიანის ქუჩა გადაიკეტა ორმხრივად, მიმდინარეობს პროექტირება,“

– განაცხადა კახა კალაძემ იმ დღესვე დაანონსა, რომ 22 მარტიდან სიტუაციის უკეთ შესასწავლად თბილისს გერმანელი ექსპერტები ეწვეოდნენ.

“ფორტუნა” დაინტერესდა სამუშაოების დაწყებას რამდენად უძვღვოდა წინ შესაბამისი კვლევები. შეკითხვის პასუხად მერიაში განაცხადეს, რომ გზის მშენებლობამდე ჩატარდა გეოლოგიური კვლევები და შემუშავდა მოცულობითი დოკუმენტი. ღონისძებების გატარება კი დაიწყო შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების სრული დაცვით. დოკუმენტიდან  ირკვევა, რომ სამუშაობს აწარმოებდა შპს”აბსოლუტ სერვისი”.

დასკვნაში ერთ-ერთ პუნქტად მითითებულია, რომ უბანზე გამოვლენილ მეწყრულ კერებზე საჭიროა მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება.

ხოლო დოკუმენტში გაწერილ რეკომენდაციებში ვკითხულობთ, რომ ფერდის დამჭერ ნაგებობად სასურველია მოეწყოს გაბიონის და რკინაბეტონის საყრდენი კედლები (დაზუსტდეს პროექტირებისას); მეწყერული პროცესების გამოვლენის ადგილზე გატარებულ იქნას  საწინააღმდეგო ღონისძიებები, რათა თავიდან იქნას აცილებული უარყოფითი პროცესები (გადაწყვეტილება მიღებულ იქნას პროექტირების პროცესში); ასევე, სასურველია მოეწყოს ქვაცვენის საწინააღმდეგო ბადე.

 

  

 

მერია მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს

 

ამ განცხადებას კი წინ მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის სიტყვები უძღოდა, რომელმაც სიტუაცია ადგილზე დაათვალიერა და ასევე თქვა, რომ მეწყერული პროცესი გზის მშენებლობას არ გამოუწვევია. მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერიამ მოსახლეობას რამდენიმე დღით ადრე აცნობა, როცა მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეაჩერა. ამდენად, 18 მარტს, გზის მიმდინარე სამუშაოებიც უწყვეტლივ გაგრძელდა.

„როდესაც პირველი ბზარები გაჩნდა, დაახლოებით, ორი კვირის წინ, იყო გაცილებით პატარა მასშტაბის. შესაბამისად, რეკომენდაციები იყო, რომ იმ მომენტისთვის, იმ დღისთვის მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი არ იყო. თუმცა, როდესაც მეწყერმა იმ ეტაპს მიაღწია, რომ უკვე შეიძლებოდა გადაადგილებისთვის და მოსახლეობისთვის საფრთხე შეექმნა, იმავე დღეს განცხადებაც გავრცელდა და ქუჩაც ჩაიკეტა“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

ოგვიანებით კი, დედაქალაქის მერიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ინფორმაცია, თითქოს მეწყრული პროცესის გააქტიურების გამო, მოსახლეობის ევაკუაცია იგეგმება, არის სიცრუე და პანიკის დათესვას ემსახურება.

გუშინ კი ამ თემაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მერია სიტუაციას აკონტროლებს და მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს. მისი თქმით, დედაქალაქის მერია იქნება პირველი, ვინც მოსახლეობას სრულყოფილ ინფორმაციას მიაწვდის. კალაძემ ჟურნალისტებს მოუწოდა დეზინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ ტერიტორიაზე არანაირი კორპუსების მშენებლობის სამუშაოები არ განხორციელებულა და არც მომავალში არის დაგეგმილი,” – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

 

სიტუაციას ვაკონტროლებთ, მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს” – კახა კალაძე ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრული ზონის შესახებ

 

მოსახლეობის რეაქცია და პეტიცია მშენებლობის მორატორიუმზე

 

აღსანიშნავია, რომ უკვე 21 მარტს ვაშლიჯვრის მოსახლეობამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც მოქალაქეებმა კონკრეტული მოთხოვნები გააჟღერეს. მოსახლეობა მოითხოვს, შეწყდეს მაჭავარიანის ქუჩიდან მიმავალი ესტაკადის მშენებლობა და ქუჩა არ გაიხსნას იქამდე, ვიდრე არ დასრულდება და გასაჯაროვდება ექსპერტიზის პასუხები, რომლებიც ადგილზე პროცესის გაგრძელების უსაფრთხოებას დაადასტურებს.

„ხაზგასმით მოვითხოვთ, გამოკვლეული იყოს როგორც დაზიანებული ფერდი, ასევე მთის სრული ნაწილი და არა მხოლოდ ის ადგილი, რომელზეც ნაპრალები უკვე აღმოჩენილია. აღნიშნული პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, ღია და მოსახლეობას თითოეულ ნაბიჯზე ინფორმაცია რეგულარულად მიეწოდებოდეს. ამ პროცესის აუცილებელ ნაწილად მიგვაჩნია სპეციალურ ჯგუფში მოსახლეობის ჩართულობა,ისევე როგორც მოვითხოვთ კვლევების შედეგების საჯარო განხილვებს,“ – ნათქვამია ვაშლიჯვრის მოსახლეობის განცხადებაში.

ამასთან, მოსახლეობა ხელმოწერებს აგროვებს პეტიციაზე, რის მიხედვითაც ვაშლიჯვარში ყველა ტიპის მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვენ, მათ შორის, განხილვის პროცესში არსებულ სამშენებლო მოთხოვნებზე დასკვნების გაცემის შეჩერებას.

5 მოთხოვნა, რომელიც ვაშლიჯვრის მოსახლეობას აქვს – რა წერია საგანგებოდ გავრცელებულ განცხადებაში

ცნობისთვის, სეისმოლოგის თეა გოდოლაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მეწყრული პროცესი განვითარდება და მიწის დიდი მასა ადგილიდან მოწყდება, ის ვერტიკალურად მდინარე მტკვრისკენ წამოვა. ამის შესახებ მან რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში – „დღის თემა“ ისაუბრა.

 

ნალექის გამო შეჩერებული სამუშაოები და მონიტორინგის სპეციალური სისტემა

 

23 მარტს მერიამ  გადაწყვეტილება მიიღო, რომ მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლოო სამუშაოები შეეჩერებინა. მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ნალექის შემთხვევაში მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები სრულად გაჩერდება.

გარდა ამისა, მისივე თქმით, ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებულ მეწყრულ ზონაში, დამატებითი უსაფრთხოების მიზნით, მეწყრულ ზონაში მონიტორინგის სპეციალური სისტემა დამონტაჟდება, პარალელურად კი კვლევის პროცესი გაგრძელდება.

“გააჩნია, რა მოცულობის ნალექი მოვა და რა პერიოდის განმავლობაში იქნება. თუ მუდმივი წვიმები იქნება, ეს გადაწყვეტილება ისე არ უნდა იყოს აღქმული, რომ წვიმა გადაიღებს და სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება. გადაწყვეტილების მიღება კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით მოხდება”, – აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

ნალექის შემთხვევაში მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები სრულად გაჩერდება: ირაკლი ბენდელიანი

 

რა გვითხრეს გერმანელმა სპეციალისტებმა

 

რაც შეეხება გერმანელ ექსპერტებს, თბილისის მერიის მიერ მოწვეული ინჟინერ-გეოლოგის პეტერ ნიუმანის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყრული ზონის საკითხის მოგვარებას კომპლექსური მიდგომა და სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება დასჭირდება. ეს განცხადება მან ქალაქის მერის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე 23 მარტს გააკეთა.

„უსაფრთხოების ის ზომები, რომელიც მიღებულია, კერძოდ, გზის გადაკეტვა და შეზღუდვების დაწესება არის სწორი. ამჟამად, სავარაუდოდ არის მასშტაბური მეწყრის ინიცირების ფაზა და უნდა განხორციელდეს პირველადი ზომები, როგორიცაა გამაგრების სამუშაოები, დრენაჟი და მონიტორინგი“, – განაცხადა ნიუმანმა.

მისივე თქმით, უნდა გაგრძელდეს დაკვირვება, გეოლოგიური კვლევა, ხოლო შემდგომი ნაბიჯები ამის მიხედვით დაიგეგმოს.

„საკითხი არის საკმაოდ კომპლექსური, რომელიც მხოლოდ ერთი გზით არ გადაიჭრება. საკმაოდ ბევრი ქანია გამოთავისუფლებული, რაც სამუშაო პროცესს ართულებს. უნდა მოხდეს კონკრეტული მიმდინარე პროცესის იდენტიფიცირება და შემდეგ უკვე შესაბამისი ზომების მიღება“, – აღნიშნა გერმანელმა სპეციალისტმა.

საკითხი კომპლექსურია, მისი ერთი კონკრეტული გადაჭრის გზა არ არსებობს – გერმანელი ექსპერტების პირველი დასკვნა

ცნობისთვის, დედაქალაქის მერიის განცხადებით, გერმანელი ექსპერტების ჯგუფთან მუშაობის გამოცდილება გასულ წლებში უკვე ჰქონდათ. კერძოდ, გლდანში, შეშელიძის ქუჩაზე არსებული მეწყრის პრობლემის გადაჭრაზე და 2005 წლის 13 ივნისის შემდეგ დამეწყრილი წყნეთი-ბეთანიის გზის განახლების სამუშაოებზე.

 

რას ამბობენ დამოუკიდებელი ექსპერტები

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით, ვახტანგ ბალავაძე „ფორტუნასთან“ საუბრისას მეწყრის შესაძლო გამომწვევ მიზეზებსა და უკვე დამდგარ შედეგზე საუბრობს. მისი თქმით, მეწყერის გამომწვევი მიზეზები შესაძლოა ბუნებრივი მოვლენები იყოს, რის გამოც ფერდმა გაშლა და წონასწორობის წერტილის დაკარგვა დაიწყო.

როგორც ინჟინერმა განგვიმარტა, შესაძლოა მეწყრის საშიშროებას წინ მაპროვოცირებელი პროცესი სულაც არ უძღოდა და სეისმურად არამდგრად ზონაში, გრუნტის ქვეშ გეოლოგიური პროცესი განვითარდა.

„შესაძლოა გამომწვევი მიზეზის მეორე ნაწილი სამშენებლო სამუშაოებს და მის პროცესთან პროვოცირებას ეხება, რადგან ეს ზონა არის მეწყერული. არის კიდევ მესამე ვარიანტიც – ამ ორი პროცესის ერთად მიმდინარეობა. ანუ, ეს მოვლენები ვითარდებოდა და მშენებლობამ ეს პროცესი დააჩქარა,“

– გვითხრა პროფესორმა და დასძინა, რომ ამის გარკვევა მხოლოდ კომპლექსური ექსპერტიზის საფუძველზე შეიძლება.

 

 

ექსპერტიზა და კომპლექსური კვლევა – სპეციალისტების რეკომენდაცია

 

ვახტანგ ბალავაძის შეფასებით, კვლევა ორი ნაწილისგან უნდა შედგებოდეს – პირველი არის ის, რომ გეოლოგების მიერ ადგილმდებარეობისა შესწავლა და მოვლენების დაკვირვება უნდა მოხდეს. მეორე ნაწილი კი მისი თქმით, არის შემდეგი – უნდა მოხდეს საპროექტო-საინჟინრო დოკუმენტის შემოწმება, თუ რამდენად სწორად იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული.

„შესაძლოა პროექტი სწორად იყო გათვალისწინებული, მათ შორის, საფრთხეებიც, მაგრამ სამშენებლო პროცესი უსაფრთხოების ნორმების დაცვით არ განხორციელდა,“ – აღნიშნავს ინჟინერი.

პროფესორმა აგვიხსნა, თუ როგორ შეიძლება სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების სტანდარტებით წარმოება, რაც მსგავსი პროცესების პრევენციად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

 

„არსებობს ასეთი რეჟიმები, თუ როგორ უნდა ჩატარდეს მეწყერსაშიშ ზონებში სამშენებლო სამუშაოები. მარტივად რომ ავხსნათ, მაგალითისთვის ვიტყვი, რომ შესაძლოა გარემო – გრუნტი არ იძლეოდეს მშენებლობის შესაძლებლობას, თუმცა, არსებობს გარკვეული ღონისძიებები, რომლის გატარების შემთხვევაშიც, სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოება მიღწევადია, ამ ტექნოლოგიით მუშაობა კი ბევრად ძვირი ჯდება. ვერ გეტყვით, იყო თუ არა ამ დოკუმენტში ეს ტექნოლოგია გამოყენებული, ეს მხოლოდ საექსპერტო ჯგუფს შეუძლია თქვას, რომელიც კომპლექსურ კვლევას ჩაატარებს,“ – გვითხრა ვახტანგ ბალავაძემ.

მისი შეფასებით, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი, ვითარების ამჟამინდელი მდგომარეობაა, რადგან შედეგი უკვე დადგა. მისი აზრით, პირველ რიგში, ტერიტორიაზე ყველანაირი სამშენებლო სამუშაოები უნდა შეჩერდეს.

„ფერდი დაძრულია და ვიდრე ის წონასწორობის წერტილს არ იპოვის, ის წამოვა. ის მოსაზრება, რომ უნდა დაველოდოთ როგორ იმოქმედებს, არასწორად მიმაჩნია იქიდან გამომდინარე, რომ მოვლენების პროგნოზირება შეუძლებელია. რომ მოწყდება საით წავა? უბრალოდ ჩამოიშლება და ჩაწვება? – ამის პროგნოზირება ძალიან რთულია“

 

 

მეწყერსაშიშ ზონებში მშენებლობა შესაძლებელია

 

ბალავაძეს არასერიოზულად მიაჩნია იმაზე საუბარი, რომ გზის სამუშაოები მეწყერულ პროცესს არ უკავშირდება და დამეწყრილი ფერდობი სხვა ტერიტორიაზეა.

„ძალიან არასერიოზული და წარმოუდგენელია იმაზე საუბარი, რომ მეწყრული პროცესი ზევით, ქვევით ან გვერდზე მიმდინარეობს.

პირველი, რაც მეწყერის გამომწვევი მიზეზი გახლავთ, ესაა – ფერდის ზემოთ დატვირთვის შეტანა, რომელმაც შესაძლოა ეს პროცესი განავითაროს, ასევე ფერდის ქვემოთ ჩატარებული სამუშაოები, რაც მის დაძვრას იწყებს, ეს ახალი ამბავი არაა,“ – ამბობს ვახტანგ ბალავაძემ.

მისი სიტყვებით, არსებობს მეწყერსაშიში ზონები, სადაც შესაძლოა მშენებლობები დაიწყოს, მაგრამ გარკვეული რეჟიმების დაცვით, რომელიც ასევე მუდმივ დაკვირვებას ითვალისწინებს. ინჟინერი ამბობს, რომ აუცილებელია დადგეს სტაციონარები და მშენებლობის პროცესში მუდმივი დაკვირვება განხორციელდეს.

„როგორც ჩანს, ეს ღონისძიება თავისთავად არ იყო გატარებული და ეს უკვე მეწყერსაშიში ზონა აღარ არის, რაკი პროცესი უკვე დაწყებულია. შესაბამისად, ახლა ყველა მიმართული უნდა იყოს იმისკენ თუ რა საინჟინრო ღონისძიებები გატარდეს,“ – ამბობს ინჟინერი.

 

ინჟინერი მოვლენების შესაძლო განვითარებაზე

 

რაც შეეხება მოვლენების შესაძლო განვითარებას, ბალავაძის მოსაზრებით, მეორე მექანიზმი ფერდის ხელოვნურად ჩამოშლა იქნება, რაც მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც კომპლექსური შესწავლა მოხდება, ხოლო ფერდის კომპლექსურ კვლევაში, მათ შორის, იგულისხმება, როგორც გეოლოგიური, ისე ჰიდროლოგიური კვლევა.

ინჟინერის შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანია როგორ განვითარდება მოვლენები ფერდის ჩამოშლის შემდეგ, რადგან მისი თქმით, ის ფერდი, რაც დარჩება არამყარია და არ ვიცით როგორ მოიქცევა.

იმაზე საუბარი, რომ ეს ერთი მხრივ კატასტროფას გამოიწვევს და სხვა ფერდებიც ჩამოიშლება, ყველას მხრიდან არასერიოზულია, რადგან ეს ტერიტორია რომ პოტენციურად მეწყერულია და გზაც დიდი ხნის გაყვანილია, ყველამ კარგად ვიცით, ხოლო რა იქნება მომავალში, ფერდის ჩამოწოლის შემდეგ, ამის პროგნოზირება ძალიან რთულია.

ამდენად, ამ პროცესის მართვა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ საჭიროა მულტიდისციპლინარული სამუშაო ჯგუფი, რომელიც პროცესს შესაბამისად შეისწავლიან. ინჟინერის ამოცანაა კომპლექსური, რთული ამოცანების გადაწყვეტა, შესაბამისად, გადაუწყვეტელი დღევანდელ რეალობაში არაფერია,“ – განუცხადა „ფორტუნას“ ვახტანგ ბალავაძემ.

 

გეომორფოლოგის შეფასება

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, გეომორფოლოგი, ზურაბ ჯანელიძე კი ამბობს, რომ ასეთი მოვლენები ახალი არაა და ყველგან განვითარებულა სადაც მთიანი ადგილებია. საყურადღებო კი მისი თქმით, ის ფაქტია, რომ მეწყერსაშიში ზონა ქალაქის ტერიტორიაზეა.

 

 

 

„გეომორფოლოგების დასკვნა უკვე გასაგებია, რღვევა დინამიკაშია, თუმცა, ახლა მნიშვნელოვანია საინჟინრო ჩარევა თუ როგორ უნდა შერბილდეს მეწყერის პროცესი და ამის გამოცდილებაც არსებობს. საინჟინრო გადაწყვეტილებებით შესაძლებელია რომ მეწყერი არ მოვიდეს ისეთ მოძრაობაში, რომ რაიმე სერიოზული საშიშროება შეიქმნას. ამდენად, ზუსტი საინჟინრო გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია. იმედია გერმანელი სპეციალისტები საინჟინრო გეოლოგები არიან და რეკომენდაციასაც შესაბამისს გასცემენ,“ – უთხრა „ფორტუნას“ ზურაბ ჯანელიძემ.

 

ინფორმაციის სიმწირე და საყურადღებო მოცემულობა

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გეოფიზიკოსი მიხეილ ელაშვილი ამბობს, რომ არსებული მოცემულობა საყურადღებოა. მისი სიტყვებით, ფერდობზე ქანები სუსტია, მონაცვლეობა კი, შრეების სახით უკვე გაფხვიერებულია, რაც ნიშნავს, რომ მეწყრის საფრთხე საკმაოდ რეალურია.

„რაც მთავარია ეს შრეები ფერდობის დახრის პარალელურადაა განლაგებული, რაც ბუნებრივია, მისი დაცურებისთვის კარგ პირობას ქმნის – ასეთ ფერდობზე დაიგეგმა გზის გაფართოების სამუშაოები, მილების ჩაწყობა და მარშალ-გელოვანის გზის გაყვანა, რასაც წესით შესაბამისი გეოლოგიური კვლევები უნდა ახლდეს და სადაც ამ ფერდობის სირთულე გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო,“ – ამბობს გეოფიზიკოსი.

ელაშვილი ფიქრობს, რომ მოსახლეობაში შფოთვა და პანიკა ინფორმაციის ნაკლებობამ გამოიწვია, რაც მისი შეფასებით, გარემოს დაცვის სააგენტოსა და შესაბამისი პასუხისმგებლობის მქონე პირების მხრიდან არაჯანსაღი მიდგომაა.

ახლა ვხედავთ, რომ მეწყრული პროცესის განვითარებას ინდივიდუალური პირისგან ფაქტობრივად, შემთხვევით ვიგებთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, მონიტორინგი ხორციელდებოდა და შესაბამისმა პირებმა ამის შესახებ იცოდნენ. საუბარი მაქვს გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოზე, რომელმაც მერიასთან ერთად გზის გადაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, კვალიფიციური ინფორმაციის ნაკლებობა გვქონდა და გვაქვს, ხოლო როცა ინფორმაცია არ არსებობს, შედეგად ათასი ვარაუდი, შიში და პანიკა ჩნდება,“ – ამბობს მიხეილ ელაშვილი.

მისი თქმით, ისეთი ტიპის ინფორმაციის გავრცელება როგორიცაა: სიჩქარის გადაადგილება, მეწყრული ტანის მოცულობა და ა.შ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერთა ჯგუფისგან ვიღებთ, რომელსაც ეს რეალურად არ ევალება, ხოლო ოფიციალური უწყება ამ ინფორმაციას არ გვაწვდის.

 

 

 

ვარაუდების დიაპაზონი

 

„როცა განცხადებას ქალაქის მერი აკეთებს, მაშინ მის გვერდით გეოლოგიც უნდა იდგეს, ვინც სამუშაოების დასკვნაზეა პასუხისმგებელი, შესაბამისად, ისევ იქამდე მივდივართ, რომ ინფორმაციის ნაკლებობაა, გვრჩება ვარაუდები, ხოლო დიაპაზონი საკმაოდ დიდია.

დიაპაზონი იმისა, რომ შესაძლოა ეს პროცესი სადღაც გაჩერდეს და ფერდი ბუნებრივად ჩამოიშალოს ან კიდევ ეს მასა სწრაფად ჩამოიშალოს, იგივე წვიმების გამო. რეალურად კი, ამ პროცესის პრევენციული მექანიზმი არ არსებობს. ის, რომ შესაძლოა ეს პროცესი გაცილებით დიდი ხნის წინ იყო დაწყებული, ამაზე პასუხიც არ გვაქვს. მერი კი არა, ამ საკითხზე შესაბამისი საკითხის სპეციალისტი უნდა საუბრობდეს,“ – განუცხადა „ფორტუნას“ გეოფიზიკოსმა.

 

გამოსავლის ძიების ალტერნატიული გზები

 

დასმულ შეკითხვაზე  – როგორ აფასებს გერმანელი სპეციალისტების პირველად დასკვნას, იგი ასე პასუხობს:

„თქვენც ხომ კარგად გესმით, რომ გერმანელ სპეციალისტს ახალი არაფერი უთქვამს, მეც იგივეს ვიტყოდი, თბილისში ჩამოსვლისა და ზონის დათვალიერების გარეშეც კი. ჩამოვიდნენ, გავიდნენ ველზე, კოლეგებისგან მიიღეს ინფორმაცია და ახლა რაიმე სიახლის სათქმელად, ეს ინფორმაცია უნდა დაამუშავონ, ამას ვხვდები მე, რადგან მსგავსი ტიპის სამუშაოებთან შეხება მქონია და ვიცი ეს როგორ ხდება,“ – გვითხრა პროფესორმა.

ელაშვილის შეფასებით, იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რასაც საზოგადოება ყოველდღიურად ეცნობა, მას სუბიექტურად მიაჩნია, რომ მოსახლეობის ევაკუაცია საჭირო არაა და შესაბამისად არც ამ დონის საფრთხეც. „ამას ვამბობ იმიტომ, რომ კვალიფიციური დასკვნისთვის ძალიან მწირი ინფორმაცია მაქვს,“ – დასძენს გეოფიზიკოსი.

 

 

 

სწრაფად და მნიშვნელოვნად გადასაჭრელი საკითხები

 

ელაშვილის აზრით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მეწყრული სხეულის სამგანზომილებიანი მოდელი და ფერდობის მოძრაობის ვექტორის დადგენა, რათა გავერკვეთ თუ რა ტერიტორია მოყვება მეწყერსაშიში ზონის არეალში.

„ახლა გასარკვევია მეწყერი მოდის მტკვრისკენ თუ გვერდითი კომპონენტი უფრო ძლიერია და გვერდითი ხევისკენ მიცურავს, ამის დადგენა შესაძლებელია და ვფიქრობ, ეს უკვე დადგენილი უნდა იყოს,“ – ამბობს იგი.

მიხეილ ელაშვილი მსგავსი ტიპის სამუშაოების პრაქტიკასა და მის გამოცდილებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მეწყერსაშიშ ზონებში მშენებლობისთვის მნიშვნელოვანია პროექტირებისთვის განსაზღვრული შეფასებითი გეგმა.

როგორც ექსპერტი ვმონაწილეობდი მესტია-მულახის თემის განვითარების გეგმაში, ეს იყო წინსწრებით პროექტირების და მათ შორის, ბუნებრივი სამუშაოების შეფასებითი გეგმა, რათა ამ კვლევაზე დაყრდნობით შემდგომი განვითარების გეგმა შემუშავებულიყო – ეს მიდგომა იყო სწორი. სხვათაშორის, ამ ზონაში თეთნულდის განვითარების გეგმა შედიოდა. ამის გარეშე განაშენიანება და ინფრასტრუქტურის განვითარება არც უნდა დაიგეგმოს. იმ დროს კი, როცა თბილისის განვითარებაზე ვსაუბრობთ და მნიშვნელოვანი საპროექტო გზის მონაკვეთზეა ლაპარაკი, რასაც თან განაშენიანება ახლავს, მსგავსი გეგმა აუცილებელია.

“რატომ არ იყო ეს რისკები შეფასებული? და თუ იყო მაშინ გვითხრან, რომ იყო შეფასებული. ასეთი კვლევების არსებობის შემთხვევაში, ასევე საფრთხის შეფასების შემთხვევაში, ფერდობის სტაბილურობის დაანგარიშება უნდა მომხდარიყო,“ – გვითხრა მიხეილ ელაშვილმა და დასძინა, რომ ამ ეტაპზე და ამ მოცემულობაში, სასურველია ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები შეჩერდეს.

 

გამოსავალი და მიმდინარე ღონისძიებები ფერდობზე

 

დღეს დედაქალაქის მერის მოადგილე ვაშლიჯვრის ფერდობზე სპეციალისტებთან ერთად იმყოფებოდა, ადგილზე ვითარების დათვალიერების შემდეგ კი, მან ჟურნალისტებთან განცხადებები გააკეთა და გასატარებელი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

 

 ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ვაშლიჯვრის ფერდობზე, მეწყერული ზონაში განსახორციელებლი ღონისძიების დანიშნულება მოძრავი მეწყერის გადაადგილების შემცირება იქნება.

„გაკეთდება წინაღობა, თუმცა ეს იქნება დროებითი ღონისძიება, რომელსაც  მეწყერულ ადგილზე, უსაფრთხო მისასვლელი გზების მოწყობა მოჰყვება, ამასთანავე, მოხდება გარკვეული სახის მიწის მასების მოჭრა და გატანა,“ – აღნიშნა მერის მოადგილემ.

მისი თქმით, გარკვეული სამუშაოები ტერასული ტიპით უნდა განხორციელდეს და მნიშვნელოვანია, რომ  ადგილზე უნდა მოხდეს ე.წ. დანკერების პრინციპი, რაც ნიშნავს, რომ მცოცავი ფერდის შეჩერება სხვა ღონიძიებებთან ერთად, ასევე ამ დანკერული პრინციპით უნდა მოხდეს.

როგორც ბენდელიანმა განაცხადა, გუშინ უცხოელ ექსპერტებთან ერთად ადგილზე ვითარება კიდევ ერთხელ დაათვალიერეს, რადგან მეწყერი მოძრაობაშია და შესაბამისად, მუდმივად გარკვეული სახის ცვლილებებია.

უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციებზე საუბრისას კი, მერის მოადგილემ განაცხადა, რომ მოწვეული სპეციალისტებისა და სამუშაო ჯგუფის მოსაზრებები ძირითად საკითხებში თანხვედრაშია.

რაც შეეხება ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობებს, ბენდელიანმა თქვა, რომ მერიის  პირველი ამოცანაა, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე ფერდს, მაჭავარიანის ქუჩის ზედა ნაწილში, სადაც მეწყერი პროგრესირებს,  ბუნებრივი მდგომარეობა დაუბრუნდეს.

მისივე თქმით, სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება, თუმცა მთლიანი ღონისძიების დასრულების პერიოდი ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

„თვითონ მთლიანი ღონისძიების დასრულებას რა დრო დასჭირდება, ამისი თქმა ცოტა არასერიოზული იქნება, რადგან ეს ყველა ფაქტორზე ერთადაა დამოკიდებული. რაც შეეხება საავტომობილო მოძრაობას, აღდგება იმ ეტაპზე, როცა დავრწმუნდებით, რომ გადაადგილება უსაფრთხოა,“- განაცხადა ბენდელიანმა.

 

სპეციალური მონიტორინგის სისტემა მომდევნო კვირის ბოლომდე იქნება დამონტაჟებული – ირაკლი ბენდელიანი