“ბოლო 8/9 წლის განმავლობაში, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკის სენატში მსგავსი, შინაარსობრივად უკიდურესად ნეგატიურად დატვირთული განცხადებები ისმოდა საქართველოს ხელისუფლების და რიგ შემთხვევებში, ოპოზიციის მიერ გადადგმული რადიკალური ნაბიჯების მისამართით”, – წერს სოციალურ ქსელში მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი კახა ქემოკლიძე და აშშ-ს სენატში სენატორების გამოსვლებს ეხმიანება.
ქემოკლიძე აღნიშნავს, რომ საქართველოს მეგობრები და პარტნიორები კარგად არიან ინფორმირებულნი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი “Staffer”-ები, ისევე როგორც საკანონმდებლო-სახელმწიფო აპარატს მიღმა მყოფი ორგანიზაციები, კიდევ უფრო ღრმად და დეტალურად აკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს:
“ამერიკელმა სენატორებმა დაადასტურეს ის განცდა, რაც ყველას გვქონდა – შექმნილი პოლიტიკური კრიზისით სარგებლობს (თანაც მინიმალური დანახარჯით) ოკუპანტი რუსეთი და რომ პოლიტიკური პოლარიზაცია გახდა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევა;
ამერიკელმა მეგობრებმა ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს კრიზისის დაძლევის მზა სახელმწიფოებრივი ხედვა შესთავაზეს – გვერდით გადაიდოს მოკლევადიანი პოლიტიკური დღის წესრიგი, სახელმწიფოს ინტერესების დაცვის მიზნით დაიძლიოს პოლარიზაცია და ნაბიჯ-ნაბიჯ გაგრძელდეს დემოკრატიის მშენებლობა;
ამერიკელმა პარტნიორებმა გახარიას მიერ გადადგომის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება სწორ და პრინციპულ პოზიციად შეაფასეს, რადგან ის რადიკალიზაციის და პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავების არ დაშვებას ემსახურებოდა;
გუშინ მკაფიოდ ითქვა, რომ ფინანსური ბერკეტების ამოქმედებამდე ერთ ნაბიჯში ვართ. ეს იყო საჯარო და მკაფიო სიგნალი, რომ სახელმწიფოს, დემოკრატიული განვითარების გზაზე მეტი შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს.” – წერს ქემოკლიძე.
მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი აღნიშნავს, რომ ახლა მნიშვნელოვანია, სტრატეგიული პარტნიორების ეს გზავნილები ადეკვატურად, და არა ვიწრო პარტიული პრიზმით, იქნას აღქმული და კონკრეტულ ნაბიჯებში აისახოს.
მისი თქმით, დაპირისპირებული მხარეების მხრიდან კონტექსტიდან ამოღებული ცალკეული გზავნილების საკუთარ ინტერესებზე მორგების ნებისმიერი მცდელობა, სრულიად უშედეგო და კიდევ უფრო კონტრპროდუქტიული იქნება.
შეგახსენებთ, აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები სენატორებმა 23 მარტს განიხილეს.