LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წულუკიანის პოლიტიკურ რეპრესიებს ძალიან ბევრი პროფესიონალი შეეწირა. როგორც ჩანს, ახლა კულტურის სამინისტრო უნდა მოიყვანოს თავის ჭკუაზე: თამაზ ახობაძე

99
Untitled design

“ჩემს გარდა ქალბატონი წულუკიანის პოლიტიკურ რეპრესიებს ძალიან ბევრი პროფესიონალი შეეწირა. სამაგიეროდ, მას მოჰყავდა საკუთარი პარტაქტივი, უკონკურსოდ ასაქმებდა მანამდე არარსებულ პოზიციებზე და ძალიან მალე აწინაურებდა. ახლა კულტურის სამინისტრო უნდა მოიყვანოს თავის ჭკუაზე, როგორც ჩანს.” – პოლიტიკური მოძრაობა “დროას” ერთ-ერთი ლიდერი, თამაზ ახობაძე თეა წულუკიანის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც კულტურის მინისტრმა ის დრო გაიხსენა, როცა იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობდა და თქვა, რომ გაათავისუფლა კადრები, რამდენიმე ასეთმა გათავისუფლებამ კი სკანდალის ფორმაც მიიღო, რადგან, ისინი ოპოზიციის პირდაპირი აქტივისტები იყვნენ.

თამაზ ახობაძემ წულუკიანის განცხადებას ცენზურის დასაწყისი და ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების რეპრესია უწოდა და სწორედ ასე გამოეხმაურა კულტურის მინისტრის განცხადების იმ ნაწილს, სადაც მისი გათავისუფლების საქმეზე გამახვილდა ყურადღება:

“შევახსენებ ქალბატონ თეა წულუკიანს, რომ მე პირადად ორჯერ მოვუგე მას სასამართლოს სამი ინსტანცია. სასამართლომ მიიჩნია, რომ უკანონოდ ვიყავი გათავისუფლებული, ბათილად სცნო იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება და დააკისრა ჩემი სამსახურში აღდგენა და აღდგენამდე განაცდური ხელფასის ჩარიცხვა. არანაირი მტკიცებულება, რომ მე რომელიმე პარტიის აქტივისტი ვიყავი და საბოტაჟს ვაწყობდი სამინისტროში, მათ არ წარმოუდგენიათ.

ვერც წარმოადგენდნენ, რადგან გათავისუფლებამდე დაახლოებით ორი თვით ადრე ევროკავშირს ვყავდი დაჯილდოვებული სამინისტროში არასრულწლოვანთა განრიდების და მედიაციის პროგრამის განსაკუთრებით ეფეტური მენეჯმენტისთვის, არცერთი საყვედური ან შენიშვნა მიღებული არ მქონდა.” – განაცხადა თამაზ ახობაძემ.

შეგახსენებთ, თამაზ ახობაძემ, რომელიც წულუკიანის ბრძანებით იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წელს გაათავისუფლეს, სამინისტროს დავა ყველა ინსტანციაში მოუგო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები