„კულტურის მიმართულებით ერთი მხრივ მნიშვნელოვანია, გარკვეული ტიპის სისტემა უფრო მკაფიო გავხადოთ და მეორე მხრივ, ეს სისტემა შევქმნათ ისე, რომ შემოქმედებით პროცესს ხელი კი არ შეეშალოს, არამედ შეეწყოს,” – ამის შესახებ კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, სამივე მიმართულებით – იქნება ეს კულტურა, ახალგაზრდობა თუ სპორტი მნიშვნელოვანი სიახლეები იქნება. როგორც წულუკიანმა ტელეკომპანია “იმედს” განუცხადა, რა თქმა უნდა, ეს ის სფეროა, სადაც თავისუფლებას მოაქვს შედეგი – აზროვნებას, ქმედებას, შემოქმედებით საქმიანობას.
“ამიტომ ამ ტიპის თავისუფლებას, იქნება ეს სისტემის შიგნით თუ გარეთ, ხელი უნდა შევუწყოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ბიუჯეტი არის მწირი. პირველი, რა თქმა უნდა, იქნება სტრუქტურის შექმნა და სხვა ორგანიზაციული საკითხები,” – განაცხადა მინისტრმა.
წულუკიანის თქმით, ასევე მნიშვნელოვანი იქნება სპორტი, რადგან როგორც ახალმა მინისტრმა თქვა, “ჩვენ გვყავს ძალიან დიდი და წარმატებული სპორტსმენები.”
“არის არაერთი ფედერაცია, ათეულობით, რომლებსაც აფინანსებს სახელმწიფო. აქ, რა თქმა უნდა, ლეგიტიმური კითხვები დაისმება, როგორ არის ეს ფული დახარჯული ეფექტიანად.
არავისთვის არ მინდა, იყოს სიურპრიზი, რომ ჩემი მთავარი მიმართულება იქნება სწორედ მასობრივი სპორტი. პირველ რიგში მაინც ახალგაზრდა თაობა უნდა იყოს ჩართული სპორტში, სადაც არის არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული, არამედ წვდომის პრობლემებიცაა,“ – განაცხადა მან.
თეა წულუკიანმა სამინისტროების გაყოფის საკითხზეც გამახვილა ყურადღება და თქვა, რომ “ერთად იმდენად დიდი სისტემა შეიქმნა (განათლება, სკოლები, უნივერსიტეტები, მეცნიერება), რომ წარმოუდგენელი იყო თანაბრად ყველგან სამინისტროს ყურადღება მაღალი ხარისხით განაწილებულიყო.”
“სწორედ ამიტომაც გაჩნდა გამოყოფის იდეა, თუმცა არა პირვანდელი სახით. გაყოფა ოპტიმალური უნდა იყოს, იმისთვის, რომ ყველა დარგს სათანადო ყურადღება მიექცეს,” – დასძინა თეა წულუკიანმა.