LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თანამდებობის პირთა ნახევარზე მეტი არაკეთილსინდისიერად ან არაზუსტად ავსებს ქონებრივ დეკლარაციებს: საერთაშორისო გამჭვირვალობა

88
biujetiertii-cr-739x428-cr-739x428-1515584986

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ინფორმაციით, 2020 წლის ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის შედეგებიდან ჩანს, რომ დეკლარაციების შემოწმების მექანიზმი დანერგვიდან ოთხი წლის შემდეგაც სათანადოდ ვერ ასრულებს მის მთავარ ფუნქციას, რაც თანამდებობის პირების ანგარიშვალდებულების გაზრდა და კორუფციული დარღვევების პრევენციაა.

“2020 წელს დაჯარიმებულთა შორის ნახევარზე მეტს 3 ან მეტი ტიპის დარღვევა ჰქონდა, რაც ნიშნავს იმას, რომ დეკლარაციებში მოცემული ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი არაზუსტი ანდა არასრულია. ეს კი, თავის მხრივ, აკნინებს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების, როგორც ანტიკორუფციული მექანიზმის, მნიშვნელობას და ამცირებს მის ეფექტურობას.

3 თანამდებობის პირი, რომლებსაც 2020 წლის დეკლარაციაში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით დარღვევები დაუფიქსირდათ იყვნენ:

რუსლან აბაშიძე – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი (9 დარღვევა)

ოთარ ჩალათაშვილი – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე (8 დარღვევა)

ნონა რეხვიაშვილი – ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე (8 დარღვევა)”, – წერია ქონებრივი დეკლარაციების 2020 წლის მონიტორინგში.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა 3 მთავარი პრობლემა:

  • იზრდება არაკეთილსინდისიერად შევსებული დეკლარაციების რაოდენობა
  • არ მოწმდება ინტერესთა შეუთავსებლობა და კორუფციული დარღვევები
  • მოწმდება დეკლარაციების კანონით განსაზღვრული რაოდენობის ნახევარი

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ინფორმაციით, დეკლარაციების მონიტორინგის სისტემაში არსებული ზემოთ ხსენებული 3 კონკრეტული პრობლემის მოგვარება აუცილებელია, რათა მონიტორინგის მექანიზმმა შეძლოს მისი მთავარი ფუნქციების – თანამდებობის პირების ანგარიშვალდებულების გაზრდა და კორუფციული დარღვევების პრევენცია – სრულფასოვნად შესრულება.

“ამ პრობლემების გადაჭრა შემდეგნაირად გვესახება:

  • დარღვევების მაღალი მაჩვენებელი – ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების დროს თანამდებობის პირების ანგარიშვალდებულების გასაზრდელად აუცილებელია დეკლარაციის შევსების პროცესის განახლება და გამარტივება, მათ შორის პასუხების სტანდარტიზებითა და ავტომატიზების გზით. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” 2020 წლის კვლევა მიანიშნებს, რომ დეკლარირების პროცესის სიმარტივე მნიშვნელოვნად განსაზღვრავს დეკლარირებული ინფორმაციის სისრულე/სიზუსტეს.
  • არარსებული ფოკუსი კორუფციაზე – დეკლარაციების მონიტორინგი არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციის სისწორის შემოწმებით. მონიტორინგის ნაწილი უნდა გახდეს ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციულ სამართალდარღვევების გამოვლენაც, რისთვისაც საჭირო იქნება შესაბამისი მეთოდოლოგიის შემუშავება და დანერგვა.
  • დამოუკიდებელი კომისიის არშექმნა – აუცილებელია, მინიმუმამდე შემცირდეს შესამოწმებელი დეკლარაციების შემრჩევი დამოუკიდებელი კომისიის არშექმნის შესაძლებლობა; ხოლო, მისი არშექმნის შემთხვევაში, კომისიის მიერ შესარჩევ დეკლარაციათა 5% უნდა შეირჩეს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, რათა ყოველ წელს, ნებისმიერ შემთხვევაში, შემოწმებას დეკლარაციების მთლიანი რაოდენობის 10% დაექვემდებაროს,” – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.