LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სურვილი იყო, რომ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხი მოლაპარაკებების მიღმა გასულიყო: ალეკო ელისაშვილი

65
ალეკო ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილის განცხადებით, “გამაოგნებელი და აუხსნელი ამბავია, როცა მოლაპარაკების მაგიდაზე მართლმსაჯულების რეფორმირების საკითხი დევს, ამას ხელს ჰკრავ და მაგიდიდან იმ მოტივით გადააგდებ, რომ ვადამდელი არჩევნები გინდა.”

ეს განცხადება ელისაშვილმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მედიატორის ჩართულობით გამართული შეხვედრის შეფასებისას გააკეთა. დეპუტატის თქმით, ხელისუფლებისა და მმართველი გუნდის გუშინდელი შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკების მაგიდაზე რამდენიმე კონკრეტული საკითხი იყო წარმოდგენილი.

“მოლაპარაკების მაგიდაზე იდო პროკურატურის, მათ შორის მთავარი პროკურორის არჩევის, საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების, სასამართლოს რეფორმირების საკითხი. როდესაც მაგიდაზე ისეთი ისტორიული საკითხი დევს, როგორიცაა სასამართლოსა და პროკურატურის რეალური რეფორმა და ამაზე უარს მხოლოდ იმიტომ ამბობ, რომ გინდა ან ვადამდელი არჩევნები ან პლებისციტი, ეს აუხსნელი და გამაოგნებელია,” – განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, საუბარი ასევე იყო საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარის თანამდებობების განაწილებაზე, საარჩევნო რეფორმაზე.

“რა თქმა უნდა, იყო პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხი, თუმცა იყო სურვილი, რომ აღნიშნული საკითხი ამ მოლაპარაკებების მიღმა გასულიყო. “ქართული ოცნების” მხრიდან შემოთავაზებული იყო, რომ თუკი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში “ქართული ოცნება” 40%-ზე ნაკლებს აიღებდა, მაშინ 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა. ეს ყველაფერი ოპოზიციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

“მოქალაქეების ლიდერი ამბობს, რომ გუშინდელ შეხვედრაზე საუბარი მხარეებს შორის კონსტრუქციულ რეჟიმში მიდიოდა, თუმცა თავად შედეგი დესტრუქციული იყო. ელისაშვილის განცხადებით,  ვადამდელი არჩევნების მოთხოვნამ თავისი თავი ამოწურა და ოპოზიციამ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები