LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული ჩვენი მეზობლების კეთილ ნებასა და ხასიათზე – რა სარგებლის მოტანა შეუძლია „ნამახვანჰესს“

99
Ciqovani

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ჩვენი მეზობლების კეთილ ნებაზე და ხასიათზე, აცხადებს საქართველოს „ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი გიორგი ჩიქოვანი „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ნინი ხუგაშვილთან ერთად.

გიორგი ჩიქოვანი გადაცემაში იმ სარგებელზე საუბრობს, რაც „ნამახვანჰენის“ მშენებლობას მოჰყვება.

„მსოფლიო ბანკმა როდესაც გააკეთა კვლევა,  „ნამახვანჰესი“ ერთ-ერთ საუკეთესო პროექტად აღიარა არამარტო თავისი ტექნიკური გათვლებით. ის გააჩენს ტურისტულ ნაკადსაც. მაგალითისთვის გეტყვით, რომ შაორის ტბას ეძახიან, მაგრამ ის არის ჰესისთვის აშენებული ტბა. „ნამახვანჰესზეც“ ტურისტული ატრაქცია შეიძლება, რომ გაკეთდეს, თავი რომ დავანებოთ იმ ეკონომიკურ ბენეფიტებს, რაც პროექტს შეუძლია, ამ ჰესს  მოუტანოს ჩვენ ქვეყანას.

„ნამარხვანჰესმა“ უდიდესი გავლენა შეიძლება იქონიოს მთელ ჩვენს ეკონომიკაზე. პროექტში ჩაიდება 840 მილიონი დოლარის ინვესტიცია. მშენებლობის პერიოდში 1600 ადგილობრივი დასაქმდება .

ჰესი ყოველ წელს ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 8 მილიონ დოლარს შეიტანს. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მაგალითი, თუნდაც მესტიის მუნიციპალიტეტში ახალაშენებულმა ჰესებმა როგორ გააორმაგეს და გაასამმაგეს ადგილობრივი ბიუჯეტი. ეს თანხა მოხმარდება, რა თქმა უნდა, სკოლებს, რეგიონის ინფრასტრუქტურას  და რასაკვირველია, კიდევ გააჩენს დამატებით ახალ სამუშაოებს“ – განმარტა ჩიქოვანმა.

 

მისი თქმით, საფუძველსაა მოკლებული საუბრები, რომ „ნამარხვანჰესის“ წყალობით  ხეობა დაიცლება.

„სიცრუეა იმაზე საუბარი, რომ ჰესის აშენება ხეობის დაცლას გამოიწვევს. მასზე ძალიან ბევრი ბიზნესის მიბმა შეიძლება. „ნამახვანჰესის“ ინვესტორი აცხადებს, რომ  ახალახალი პროექტების განხორციელება იგეგმება.  „ნამახვანჰესის“ ინვესტორი გამოდის ინიციატივით და აცხადებს, რომ ქუთაისი- ალპანას 25 კილომეტრიანი გზას უსასყიდლოდ გააკეთებს, ეს გზა საბჭოთა პერიოდის დროს გაკეთდა და წლებია, გასარემონტებელია. „ნამახვანჰესის“ ინვესტორი ამბობს, რომ ამ გზას უფასოდ გააკეთებს და  სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს“. – აცხადებს ჩიქოვანი „დღის თემასთან“ საუბარში.

კითხვაზე, როგორ უნდა ვუზრუნველყოთ უწყვეტი ენერგომომარაგება, გიორგი ჩიქოვანი აცხადებს:

„ნებისმიერი ქვეყნის პრიორიტეტია, რომ თავისი ქვეყნის ენერგომოთხოვნა დააკმაყოფილოს. ადგილობრივი განახლებადი რესურსით. ჩვენ გვაქვს ათწლიანი განვითარების გეგმა. ე.წ. ქსელის განვითარება. ჩვენი მიზანი არაა, რომ მარტო ჰიროენერგეტიკა განვითარდეს. ჩვენი მიზანია, რომ მიქსი მოხდეს. უნდა აშენდეს დაახლოებით 1000 მეგავატის ქარის ელექტროსადგური, 500 მეგავატიანი მზის ელექტროსადგური და უნდა აშენდეს 3 ათას მეგავატამდე ჰიროელექტროსადგურები.

ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენივე ძალებით მოხდეს ელექტროენერგიით მომარაგება და იმისთვის, რომ ჩვენი ვალიუტა სხვა ქვეყნის ეკონომიკაში არ ჩაიდოს და ჩვენ მოვიხმაროთ ეს ელექტროენერგია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ჩვენი მეზობლების კეთილ ნებაზე და ხასიათზე“,- ამბობს ჩიქოვანი.

შეგახსენებთ, რუსეთი, აზერბაიჯანი, და თურქეთი   ის ქვეყნებია, საიდანაც საქართველო ელექტროენერგიით მარაგდება.