განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ორ სამთავრობო უწყებად გაიმიჯნა. ამიერიდან ეს ორი სამინისტრო საქმიანობას დამოუკიდებლად განაგრძობს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროს ახალ ხელმძღვანელად, იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ამჟამად პარლამენტის ამავე სახელწოდების კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი განიხილება.
ამ საკითხზე საუბრისას წულუკიანმა თქვა, რომ სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ, თუკი მას მინისტრობას შესთავაზებენ, სერიოზულად იფიქრებს. მანამდე კი იუსტიციის მინისტრი სხვადასხვა კულტურის სფეროს დაწესებულებებს სტუმრობდა.
“ჯერ მოხდეს სტრუქტურული ცვლილებები და შემდეგ ვიმსჯელოთ. თუ შემომთავაზებენ, სერიოზულად დავფიქრდები, როგორც ყველა სერიოზულ შემოთავაზებაზე”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
თეა წულუკიანი რუსთაველის თეატრშიც მივიდა
საკანონმდებლო პაკეტი, რომლის საფუძველზეც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იყოფა და ორ უწყებად ყალიბდება, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი 79-ხმით, ერთხმად მიიღეს.
საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტრო ფუნქციონირებას ცალკე, ხოლო სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ასევე ცალკე გააგრძელებს.
ამასთან, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს ინიციატივა, რომლითაც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის შემადგენლობიდან კულტურის სფერო ცალკე გამოიყოფა და ახალი საპარლამენტო კომიტეტი – კულტურის კომიტეტი იქმნება.