“კრიმინალური პოლიცია, როგორც ძირითადი ხერხემალი სამართალდამცავი სტრუქტურის, უნდა იყოს უფრო ეფექტური,” – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა და აღნიშნა, რომ სტრუქტურული რეფორმები სწორედ კრიმინალური პოლიციის ეფექტიანობის გაზრდას ემსახურება.
მისი განცხადებით, „კრიმინალური პოლიციის სტრუქტურული რეფორმა უნდა განხორციელდეს იმ მიზნებიდან, გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს“.
„ეს პოლიცია, კრიმინალური პოლიცია, როგორც სამართალდამცავი სტრუქტურის ძირითადი ხერხემალი, უნდა იყოს უფრო ეფექტიანი და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უფრო დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული. ეს არის ძირითადი ამოცანა კრიმინალურ პოლიციაში იმ სტრუქტურული რეფორმების, რომელსაც ჩვენ დავგეგმავთ და განვახორციელებთ,“ – განაცხადა გახარიამ.