LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არეალი გაფართოვდა: საქართველოში რადიოს მოსმენის შესაძლებლობა მცირე დასახლებულ პუნქტებშიც ექნებათ

52
კომუნიკაციების კომისიამ სამაუწყებლო არეალი გააფართოვა

რადიოების სამაუწყებლო არეალი გაფართოვდება და მოქალაქეებს რადიოს მოსმენის შესაძლებლობა მცირე დასახლებულ პუნქტებშიც ექნებათ. კომუნიკაციების კომისიამ „ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” დადგენილებაში ცვლილება დღეს შეიტანა. დადგენილება კერძო საეთერო რადიომაუწყებლების სამაუწყებლო არეალის გაფართოებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – რადიომაუწყებლობის ბაზარზე ახალი მაუწყებლების შემოსვლას შეუწყობს ხელს. მცირე დასახლებულ პუნქტებში მოქალაქეები რადიოს მოსმენას ვერ ახერხებდნენ, რადგან რადიომაუწყებლობისთვის მოქმედი ლიცენზიები ძირითადად დიდ ქალაქებშია გაცემული.

დადგენილების შედეგად, რადიომაუწყებლობის ბაზარი მრავალფეროვანი, პლურალისტური და კონკურენტული გახდება, მოხდება ამოწურვადი სიხშირული რესურსის მაქსიმალურად ეფექტურად და ოპტიმალურად განაწილება.

მიღებული ცვლილებები  მოქმედ რადიომაუწყებლებს არ შეეხებათ, კერძოდ მათ ვისაც 10+10, ანუ ჯამში 20 წლიანი ლიცენზიის მოქმედების ვადა აქვთ კანონით განსაზღვრული.

კომისიის გადაწყვეტილებით, რადიომაუწყებლობისთვის 15 ზონა განისაზღვრა, რაც თავისუფალ სიხშირულ რესურსზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს. ახალი ზონალური დაყოფით მოხდება არა მხოლოდ დიდი ქალაქების, არამედ თითოეულ ზონაში არსებული მცირე დასახლებული პუნქტების რადიოსიგნალით დაფარვა.

რადიომაუწყებლობის მიღების შესაძლებლობა შემდეგ ზონებში იქნება შესაძლებელი: თბილისი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, სტეფანწმინდა-გუდაური, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი – ქვემო სვანეთი, სამეგრელო, სვანეთი, გურია, აჭარა, აფხაზეთი.

ახალი ზონალური დაყოფის შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარდება საზოგადოებრივი აზრის კვლევა ახალი ზონების მიხედვით, რის შემდეგაც კომუნიკაციების კომისია განახლებულ თავისუფალ სიხშირულ რესურსს გამოაქვეყნებს და კერძო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად გამოაცხადებს შესაბამის კონკურსებს. კონკურსში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ ის რადიომაუწყებლებიც, რომლებსაც ლიცენზიის მოქმედების ვადა ეწურებათ და სურვილი აქვთ კვლავ მოიპოვონ რადიომაუწყებლობის ლიცენზია.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები