წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52.9 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 340.5 მლნ. აშშ დოლარით შეამცირა.
2020 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 90.9 პროცენტი შეადგინა.
სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2020 წლის წინასწარი მონაცემებით, 95.3 პროცენტი შეადგინა. პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება 49.9 პროცენტით, მეორეზე – ნიდერლანდი 27.9 პროცენტით, ხოლო მესამეზე – თურქეთი 17.5 პროცენტით.
სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2020 წელს 93.0 პროცენტი შეადგინა. ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 400.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 64.9 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორი 101.5 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – უძრავი ქონების სექტორი, 71.8 მლნ. აშშ დოლარით.
ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.