LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სულ რაღაც წელიწადნახევარში: როგორი იქნება ქართული ელექტროავტობუსები (ფოტო)

182

საქართველოში პირველი ელექტროავტობუსი წელიწადნახევარში აეწყობა.

ელექტროავტობუსების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას ქართული კომპანია ფრეგობასი, ჩინურ კომპანიასთან ZTE და გერმანულ Eurobus-თან ერთად იწყებს. ამ დროისთვის 4 საავარუდო ლოკაციიდან ერთ-ერთის არჩევის პროცესი მიმდინარეობს.

როგორც „ფორტუნასთან” კომპანია “ფრეგობასის” დირექტორმა, მურმან პატარაიამ განაცხადა, დაახლოებით 3-4 თვეში დასრულდება კვლევა, რომელსაც ისინი ატარებენ და ქარხნის მშენებლობა დაიწყება.

„ოპტიმისტური გათვლებით ერთი წელი, ან წელიწადნახევარი დაგვჭირდება იმისთვის, რომ პირველი პროდუქცია ვაწარმოოთ და ბაზარზე გავიტანოთ. საქართველოში წარმოებული ელექტროავტობუსების კარკასი ძალიან მყარი ალუმინის იქნება. ის სპეციალური გადამყვანებით აეწყობა.“, – აღნიშნა მურმან პატარაიამ „ფორტუნასთან“ ინტერვიუში.

 

როგორი იქნება საქართველოში დამზადებული ელექტოავტობუსი?

კომპანია საქართველოში, 2018 წლის დასაწყისში, ამ ავტობუსების პროტოტიპის ჩამოყვანასაც აპირებს.

როგორც “ფორტუნას” მურმან პატარაიამ განუცხადა, მათი საწარმო საქართველოში, სწორედ ამ ავტობუსების ანალოგებს დაამზადებს:

ელექტროავტობუსების ნაწილები ჩინეთიდან და გერმანიიდან შემოვა. ავტობუსების ბატარეები კი ევროპული ხარისხის იქნება. ხარისხზე პასუხისმგებელი გერმანული კომპანია Eurobus-ია.

საწყის ეტაპზე, “ფრეგობასი”, წლის განმავლობაში, 250-300 ელექტროავტობუსის წარმოებას გეგმავს.

„მეტის რესურსი გვაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე 300 ავტობუსის წარმოებაა დაგეგმილი“, – განაცხადა მან.

 

ქართული ნაწარმი მხოლოდ ევროპაში გაიყიდება?

რაც შეეხება საექსპორტო ბაზარს, “ფრეგობასს” ძირითადი გათვლა ევროპაზე აქვს. Eurobus ამ საკითხზე  ესპანეთთან, პოლონეთთან, გერმანიასთან და სხვა ქვეყნებთან მუშაობს.

„ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზარზე ვმუშაობთ აქტიურად, თუმცა თუ დაინტერესდება სახელმწიფო, შესაძლებელია ადგილობრივი ბაზრისთვისაც დამზადდეს ელექტროავტობუსები. ამ თემაზე ჯერ მოლაპარაკებები არ გვქონია“, – აღნიშნა მურმან პატარაიამ „ფორტუნასთან“ საუბარში.

 

კარგი ამბავი ელექტრომობილების მძღოლებისთვის – ახალი სწრაფი დამტენები თბილისში

ქარხანასთან ერთად, საქართველოში ელექტროავტობუსების თანამედროვე, სწრაფი დამტენებიც დამონტაჟდება.  კომპანია „ფრეგობასის“ დირექტორის თქმით,

“არ გვექნება ის დამტენები, რომლებიც საქართველოში ხშირად გვხვდება. ჩვენი დამტენები ავტობუსებს დაახლოებით, 20 წუთში ტენის, ხოლო 10–15 წუთში მსუბუქ ავტომობილებს”, – განაცხადა პატარაიამ.

ჯერ არ არის გადაწყვეტილი, სად განთავსდება სწრაფი დამტენები.

თამთა უთურგაშვილი