“ჩვენი შეფასებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, რომ ბრალდებულებს საქართველოს ტერიტორიის ნაწილის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემის სურვილი ჰქონდათ ან ამ განზრახვით მოქმედებდნენ. მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე, ვერ დადასტურდა ბრალდებულთა ქმედებაში კორუფციული, თაღლითური, მოტყუების, ანგარების, ან სხვა ელემენტი, რომელიც მათ მიერ საექსპერტო საქმიანობის ფარგლებში ბოროტ განზრახვას დაადასტურებდა”, – სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ე. წ. კარტოგრაფების საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა.
სახალხო დამცველმა წარადგინა დოკუმენტი, რომელიც საქმის მასალების 14 ტომის, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესწავლას ემყარება.
აპარატის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნინო ლომჯარიამ შეხვედრები ასევე გამართა ბრალდებისა და დაცვის მხარესთან და აგრძელებს სასამართლო პროცესის მსვლელობის დაკვირვებას.
სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში სახალხო დამცველი ორ ძირითად საკითხზე ამახვილებს ყურადღებას:
◼ არის თუ არა შესაბამისობაში წარდგენილი ბრალდება კანონიერების კონსტიტუციურ პრინციპთან (სახეზე გვაქვს თუ არა დანაშაულის ობიექტური მხარე და ბოროტი განზრახვის ელემენტები);
◼ სახეზეა თუ არა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა (პოლიტიკური ან სხვა ქვენა მოტივის არსებობა) სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კანონიერების პრინციპთან მიმართებით, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში სახალხო დამცველმა დაწვრილებით მიმოიხილა თუ რამდენად იკვეთება ბრალდებულების ქმედებაში სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ნიშნები.
მიმართვაში აღნიშნულია, რომ დამატებით, 1:200 000 მასშტაბის რუკა, რომლის არგამოყენებასაც ეფუძნება ბრალდება, დღემდე არ არის შემოწმებული ვარგისიანობის კუთხით ბრალდების მხარის მიერ.
როგორც გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ევროპული სასამართლოს უახლესი პრაქტიკის გათვალისწინებით, შეფასდა ორი საკითხი:
◼ არსებობდა თუ არა საქმეში პოლიტიკური ან სხვა უკანონო ქვენა მოტივი;
◼ უპირატესი იყო თუ არა პოლიტიკური ან სხვა მოტივი შესაძლო კანონიერ მოტივთან შედარებით.
დოკუმენტში მოხმობილია მმართველი პოლიტიკური პარტიის მაღალჩინოსნების, პოლიტიკური საბჭოსა და მთავრობის წევრების, პარლამენტარებისა და სხვების მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, რომლითაც მელაშვილისა და ილიჩოვას ბრალდებას პოლიტიკური პარტიების კრიტიკისთვის იყენებდნენ:
“როგორც საქმის მასალებიდან იკვეთება, ამ საქმეზე გამოძიების დაწყება განაპირობა პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირმა, რაც შეთანხმებული იყო შესაბამისი პარტიის ხელმძღვანელთან. დაწყებული გამოძიების ფარგლებში უმნიშვნელოვანესი ექსპერტიზა ჩატარდა 4 დღეში და მასში მონაწილეობდა ბრალდების მთავარ მოწმეზე სამსახურებრივად დაქვემდებარებული პირი. ასევე ერთ-ერთი პრობლემური გარემოებაა ის, რომ პირებს ბრალდება ისე წარედგინათ, რომ 1936-38 წლების 1:200 000 მასშტაბის რუკის ვარგისიანობა არ იყო დადგენილი და შესაბამისი ექსპერტიზა თვეების განმავლობაში არ დანიშნულა.” – აღნიშნულია სახალხო დამცველის მიმართვაში.
ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ მათი შეფასებით, საქმეს აშკარად გააჩნია პოლიტიკური ან სხვა მოტივი, რომელიც საქმეში არსებული ხარვეზების ფონზე, კანონიერ მოტივს გადაწონის:
“აღნიშნული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევად ფასდება.
იმედს ვიტოვებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო ჯეროვნად და დეტალურად იმსჯელებს დანაშაულის შემადგენლობის ელემენტებზე და პოლიტიკური მოტივის გარემოებებზე და წარმოადგენს დასაბუთებულ არგუმენტაციას განსახილველ საკითხებზე. საქმის გარემოებების სწორი სამართლებრივი გადაწყვეტა უშუალო გავლენას მოახდენს როგორც ინდივიდების უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფაზე, ასევე, სასამართლოს შემდგომი პრაქტიკის განვითარებაზე.” – წერია აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.