LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაერთი სასამართლო დავის საგანია კერძო სკოლებში მოსწავლის გადასახადი, პრობლემა ჩიხშია შესული – რას შეცვლის ახალი კანონი?

237
gg

პარლამენტში დაინიცირებულმა კანონპროექტმა, რომლის მიხედვით, განათლების შესახებ კანონში ცვლილებები იგეგმება, საზოგადოებაში ბევრი კითხვა გააჩინა.

კანონპროექტის მიხედვით, კერძო სკოლას ენიჭება უფლებამოსილება, სწავლის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, ფინანსური დავალიანების დროს სემესტრის დასრულებიდან მომდევნო სემესტრამდე მოსწავლეს სტატუსი შეუწყვიტოს.

სად და როგორ შეძლებს მოსწავლე სწავლის გაგრძელებას, ხომ არ შეიქმნება  საშიშროება, რომ  მივიღოთ სტატუსშეწყვეტილი მოსწავლე, რომელიც  ფუნდამენტური უფლების – განათლების მიღების გარეშე დარჩეს. საკითხის შესწავლისას ირკვევა, რომ პრობლემა ხშირად ჩნდება მშობელს, კერძო სკოლასა და პასუხისმგებელ უწყებას შორის.

„ფორტუნა“ არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ აღმასრულებელ დირექტორს მეგი კავთუაშვილს ესაუბრა.

 

 

„ბევრი წლის განმავლობაში არაერთი სასამართლო დავის საგანი გამხდარა კერძო სკოლებში მოსწავლის გადასახადი.  პრობლემა ჩიხშია შესული.

წლების განმავლობაში ორი ტიპის დარღვევას შევხვედრივართ, ერთი, როდესაც სკოლა ეუბნება მშობელს, რომ არ გაგატან საბუთებს, სანამ დავალიანებას არ დამიფარავ.

მეორე პრობლემაა, როცა  მშობელი ამბობს,  რომ განათლება ბავშვის კონსტიტუციური უფლებაა და მიუხედავად იმისა, რომ ფულს ვერ ვიხდი, განათლება შვილს უნდა მიაწოდონო. ორივე შემთხვევაში ბავშვი ზარალდებოდა და ვფიქრობ, რომ ამ კანონპროექტის ძალიან ფრთხილი განხილვა, საშუალებას მოგვცემს, რომ სამომავლოდ ამოვავსოთ ის ჩიხი, რაშიც ამ დრომდე ვიყავით.

ერთი მხრივ არსებობენ სკოლები, რომლებიც ზრდიან გადასახადს, მშობლებისთვის ეს სიურპრიზი  აღმოჩნდება ხოლმე. 

მეორეს მხრივ,  როდესაც მშობელმა იცოდა, რომ განათლება კონსტიტუციური უფლებაა და არც ერთ სკოლას არ აქვს უფლება,  ბავშვს არ მიაწოდოს განათლება, ამით ბევრი მშობელი ბოროტად სარგებლობდა და არ იხდიდა გადასახადს.

კანონპროექტის ინიცირება აუცილებელი გახდა.  ნებისმიერ შემთხვევაში ბავშვი ზარალდებოდა, გინდ მშობელი ყოფილიყო დამნაშავე და გინდ სკოლა. იმის გამო, რომ ბავშვი არ დაზარალდეს, სახელმწიფომ ცალკე უნდა იზრუნოს ბავშვზე. სამწუხაროდ არიან მშობლები, ვინც თვლის, რომ მის შვილზე ის თავად არის პასუხისმგებელი და რომელ სკოლაშიც უნდა, იმ სკოლაში ატარებს შვილს. ესეც ბავშვზე ერთგვარი ძალადობაა, როდესაც ბავშვს არ აძლევ შესაძლებლობას, რომ მიიღოს განათლება. თუ არ გაქვს შესაძლებლობა, რომ გადაიხადო კერძო სკოლაში, შენ შეიძლება იდაო სკოლასთან, მაგრამ ბავშვი ამ შემთხვევაში არ უნდა იყოს განათლების მიღმა დარჩენილი“. – ამბობს მეგი კავთუაშვილი „ფორტუნასთან“ საუბარში.

 

რატომ დადგა ამ კანონპროექტის დაინიცირების აუცილებლობა მაინცდამაინც ახლა, პანდემიის პერიოდში. ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად „ფორტუნა“  განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი ამილახვარს ესაუბრა.

პარლამენტში ახალი კანონპროექტი განსახილველად სწორედ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა დააინიცირა.

გიორგი ამილახვარის თქმით, განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანაზე მუშაობა, კერძო სკოლების დირექტორთა ასოციაციის მიმართვის შემდეგ დაიწყეს.

 

 

„კერძო სკოლების დირექტორთა ასოციაციისგან, (სადაც გაერთიანებულია თითქმის ყველა კერძო სკოლა), წამოვიდა ინიციატივა, რომ დარეგულირდეს ერთის მხრივ ბავშვის უფლებები და მეორეს მხრივ მათაც გააჩნდეთ კონკრეტული უფლება, რომ ვალის დაგროვების შემთხვევაში რაღაცა ბერკეტი ჰქონდეთ, მიმართონ მშობელს, რომ ბავშვი გადავიყვანოთ საჯარო სკოლაში.

ბუნებრივია, რომ პანდემიის პერიოდში შესაძლებელია, მშობლებმა ვერ შეძლონ  სწავლის თანხის გადახდა, მაშინ ჩვენ არც ბავშვი არ უნდა დავაზარალოთ და არც კერძო სკოლა, აქ ერთვება  სახელმწიფო, რომელმაც სრულიად უფასოდ უნდა უზრუნველყონ ბავშვის მოთავსება საჯარო სკოლაში, შესაბამისი პროცედურებისა და დადგენილი ნორმების გათვალისწინებით და ბავშვისთვის უწყვეტად, ისე რომ სწავლის არც ერთი დღე არ ჩაუვარდება. როდესაც ვალი წარმოეშვებათ, სრულად დაამთავრებს  სემესტრს და მომდევნო სემესტრიდან უკვე გადავა საჯარო სკოლაში“, – განმარტავს ამილახვარი „ფორტუნასთან“ საუბარში.

მისი თქმით,  ჩიხურ მდგომარეობაში განათლების სამინისტრო წლებია არის და კანონპროექტის მიღების შემთხვევაში პრობლემა ეფექტიანად მოგვარდება.

„რეფორმაზე მუშაობისას, აღმოვაჩინეთ,  რომ კერძო სკოლებთან დაკავშირებით წლებია ჩიხური მდგომარეობაა შექმნილი.

რეფორმის გატარების შემთხვევაში მშობლის მხარეც დაცული იქნება და სკოლაც.

გასაგებია, ვალი წარმოიშვა და ვერ გადაიხადა მშობელმა სწავლის საფასური, მაგრამ იმის გამო, რომ ვერ იხდის ვალს, მას არ შეექმნება პრობლემა, შვილი სხვა სკოლაში გადაიყვანოს.  სკოლა ვალდებულია, გასცეს დოკუმენტები, რომ  ბავშვი გადავიდეს სხვა სკოლაში. ეს კანონპროექტი მშობლის უფლებების დამცველიც არის. ამ დრომდე მას დოკუმენტებს არ მისცემდნენ სხვა სკოლაში გადასვლის და გამოიყენებდნენ ბერკეტად. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ამ ჩიხური პრობლემის  ეფექტიანად დარეგულირების კანონპროექტია დარეგისტრირებული“, – ამბობს ამილახვარი.

მისივე განმარტებით, მშობელი ვალს მაინც გადაიხდის, ხოლო სწავლის საფასურის დაბრუნების ბოლო ვადა, სკოლასა და მშობელს შორის მოლაპარაკებაზე იქნება დამოკიდებული.

 

განათლების ექსპერტის რევაზ აფხაზავას თქმით, პრობლემის გადაწყვეტა ძალიან საფრთხილო საკითხია, რადგან  არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ ბავშვი სწავლის გარეშე დარჩეს.

 

„წლების განმავლობაში სულ იყო საუბარი, რომ კერძო სკოლები დაცულები იყვნენ იმ ტიპის მშობლებისგან, რომლებიც სწავლის საფასურს არ იხდიან.

პრობლემა ფრთხილად უნდა გადაიჭრას. ერთის მხრივ კერძო სკოლებს სჭირდებათ მხარდაჭერა და გარკვეული დაცვის მექანიზმები და მეორეს მხრივ საფრთხილოა იმ მხრივ, რომ არ იქნას ისეთი ტიპის შეზღუდვები დაწესებული, რომელიც მოსწავლეს განათლებას შეუზღუდავს. ამიტომ არის სიფრთხილე საჭირო.

კერძო სკოლებს ნამდვილად სჭირდებათ მხარდაჭერა. ამ დრომდე  მიუხედავად იმისა, რომ  მშობლები არ იხდიდნენ სწავლის გადასახადს, მათ მაინც უწევთ მათი მომსახურება, რადგან საკანონმდებლო მექანიზმები არ არსებობს ასეთ შემთხვევაში“, – ამბობს ექსპერტი „ფორტუნასთან“ საუბარში.

ექსპერტი ამბობს, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ საჯარო და კერძო სკოლამ თანაბარი ხარისხის განათლება უზრუნველყოს.

„კვლევები გვაჩვენებს, რომ კერძო და საჯარო სკოლებს შორის განათლების მიღების ხარისხში, ანუ  მოსწავლეთა მიღწევების ხარისხში განსხვავება არის.

სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ საჯარო სკოლამაც და კერძო სკოლამაც თანაბრად უზრუნველყოს ხარისხიანი განათლება.

საჯარო სკოლებში, რა თქმა უნდა, გვაქვს პრობლემები. კერძო სკოლებში უფრო მეტი შესაძლებლობაა, ცხადია, თუ გვინდა დამატებითი სერვისებით სარგებლობა, უნდა გადავიხადოთ.

მშობლებს აქვთ განცდა, რომ იხდიან თანხას არა განათლებაში, არამედ დამატებით სერვისებში.

ახლა, პანდემიის პერიოდში, როდესაც შემოსავლებმა იკლო,  დამატებითი სერვიზები აღარ არსებობს,  პანდემიის გამო მშობლებმა ვერ დაინახეს იმის აუცილებლობა, რატომ უნდა ატარონ შვილები კერძო სკოლებში.

პანდემიამ ისედაც პრობლემები შეუქმნა კერძო სკოლებს, ბევრი მათგანი გაკოტრების პირას არის და ბევრ მშობელს შვილები საჯარო სკოლებში გადაჰყავს.

თუ ჩვენ კერძო სკოლებს მხარს არ დავუჭერთ, ძალიან ბევრი სკოლა შეიძლება გაკოტრდეს  და ბავშვებსაც პრობლემები შეექმნათ“, – ამბობს რევაზ აფხაზავა ჩვენთან საუბარში.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები