18-მა თებერვალმა ქართული პოლიტიკური ცხოვრება შეცვალა. 10 საათსა და 29 წუთზე გახარიამ ქვეყანას უთხრა, რომ მიდიოდა.
ყოფილი პრემიერი წავიდა „ოცნებიდანაც“.
ვრცელდება ბევრი ვერსია, სად შეიძლება ვიხილოთ გახარია. გუნდში ბევრჯერ გვინახავს „მეორედ მოსვლა“, თუმცა ახლა შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს და გახარია ოპოზიციაში ვიხილოთ.
გახარიას „ოცნების“ მეგობრებმა არ იციან, სად წავა მათი თანაგუნდელი.
ექსპერტები მხოლოდ ერთ რამეზე საუბრობენ. ყოფილი პრემიერის გადადგომა მოულოდნელი იყო.
რა შეიცვალა ქვეყანაში გახარიას წასვლით, რა გაკეთდა და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. ამ თემაზე „ფორტუნა“ ექსპერტებს ესაუბრა.
ექსპერტი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ახლა საუბარს იმაზე, სწორად მოიქცა თუ არა გახარია, აზრი აღარ აქვს.
„სწორი იყო თუ არა გახარიას ნაბიჯი, ამის შეფასებას არ დავიწყებ, მაგრამ მოულოდნელი ნამდვილად იყო. მისმა წასვლამ პოლიტიკური მოლოდინები და კითხვები გააჩინა.
მოხსნეს თუ თავის ნებით წავიდა.
აიძულეს წასვლა, თუ თვითონ წავიდა.
ჩაერია თუ არა ივანიშვილი და ა.შ.
თავისთავად გახარია იყო ფიგურა, რომელსაც ამინდის შექმნა შეეძლო. მე მაგალითად მიმაჩნია, რომ ეს ნაბიჯი გადასადგმელი არ იყო, მაგრამ მედალს მეორე მხარე აქვს და უნდა ითქვას, რომ ამ ნაბიჯმა სიტუაცია ცოტა ჩააცხრო. ოღონდ მხოლოდ ერთი დღით. ყველაფერი გადაიფარა მელიას დაპატიმრების შემდეგ. ახლა ამ დისტანციიდან მსჯელობა რომ გახარია სწორად მოიქცა თუ არა, აზრი აღარ აქვს“, – ამბობს არეშიძე.
კითხვაზე, რა შეიცვალა გახარიას წასვლით, ექსპერტი პასუხობს:
„შეზღუდვების მოხსნა ისედაც იგეგმებოდა მარტიდან, გახარიას წასვლასთან ეს არაფერ კავშირში არაა. რომ არ მომხდარიყო მელიას დაპატიმრება, შეიძლება კიდევ გვეფიქრა, რა შედეგები მოიტანა მის წასვლას. მელიას დაპატიმრების შემდეგ ამაზე საუბარს აზრი არ აქვს“. – ამბობს არეშიძე.
არეშიძის თქმით, თუ გახარია გადაწყვეტს შექმნას პოლიტიკური პარტია, მას ბევრი მხარდამჭერი ეყოლება.
„შიდაპოლიტიკურმა ჭიდაობამ საზოგადოება დაღალა. საზოგადოება ნიჰილისტურადაა განწყობილი. მრჩება შთაბეჭდილება, რომ შიდაპოლიტიკური ბრძოლები ესაა ცალკეა და დანარჩენი საზოგადოება ცალკეა. მიუხედავად იმისა, რომ, შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში მხარეების ახალგაზრდა აქტივისტები არიან ჩართული, კარვებს შლიან და ხან ქუჩებს კეტავენ. სოციალურ ქსელში რეაგირება ეს კიდევ არ არის, რაც ქვეყანაში რეალური სურათია. ამ თემებზე სოციალურ ქსელში რეაგირებს საზოგადოების 7-10 პროცენტი. დანარჩენი დაკავებულია სულ სხვა პრობლემით.
მიაქციეთ ყურადღება „ნაციონალური მოძრაობის“ არხებს – ერთი შეხედვით რეიტინგული არხია, მაგრამ რეალურად რეიტინგებს რომ შევხედოთ, ვნახავთ, რომ ტელესივრცის რეიტინგი დაბალია. განასაკუთრებით პოლიტიკური თოქ შოუების.
შეიძლება გახარია მეორედ მოვიდეს პოლიტიკაში, და თუ მოვიდა ახალი პოლიტიკური ძალა გაჩნდება, რომელსაც ბევრი მხარდამჭერი ეყოლება. მას ყოველთვის ჰყავდა მხარდამჭერი. რამდენად იქნება სოლიდური მისი პარტია, ეს მის მოხერხებულობასა და მოქნილობაზე იქნება დამოკიდებული“, – ამბობს არეშიძე „ფორტუნასთან“ საუბარში.
ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ გახარიას წასვლის გამო ქვეყანაში ყველაფერი თავდაყირა დადგა.
„ამ ერთი კვირის მხოლოდ ნეგატიურად შეფასება შეიძლება. ფაქტობრივად ყველაფერი თავდაყირა დადგა. გახარიას პირობებში, თუნდაც მცირე სარკმელი იყო დარჩენილი იმისთვის, რომ კონსესუსი მოძებნილიყო და რაც მთავარია, ქვეყანაში გარკვეული სტაბილურობის განცდა გაჩენილიყო. მისი წასვლით ყველაფერი თავდაყირა დადგა. დაიწყო რადიკალიზაცია, კუნთების თამაში, რაც ყველაზე ცუდია სახელმწიფო დისკრედიტაცია დასავლეთის თვალში. შორს მიმავალი განვითარებით და „ქართულმა ოცნებამ“ თავზე ყველაფერი ჩამოიმხო თავის პრემიერიანად“, – ამბობს ხუხაშვილი.
რა იქნება მომავალში?
ვითარება არის აფექტური, ანუ ფეთქებადსაშიში. აფექტური სიტუაციის პროგნოზირება ძალიან რთულია. მოცემულობა უკვე დამძიმებულია. ჩვენ ვხედავთ დასავლეთის თვალში რა შეფასებებია. ვხედავთ, რომ ოპოზიცია გამოცოცხლდა, დღის წესრიგი ჩამოაყალიბა. ხელისუფლება აბსოლუტურად სტერილურია და პოლიტიკურ ბუნკერშია.
ვიხილავთ თუ არა გახარიას მეორედ მოსვლას პოლიტიკაში?
ეს არის კონკრეტული პიროვნების გადასაწყვეტი და წინასწარ ვერ ვიმსჯელებ. ყველანაირი სცენარი შეიძლება განვითარდეს.
როგორც ვიცი, თქვენი მეზობელია და ხომ არ შეხვდით ამ ერთი კვირის განმავლობაში?
მაგას არ აქვს მნიშვნელობა, არ მგონია, საჭირო იყოს ამ თემაზე საუბარი. მესმის თქვენი ინტერესი, მაგრამ ჩემი პასუხიც ასეთია, გასაგებია, რომ თქვენ არ მოგწონთ, მაგრამ მე სხვა რამეს ვერ გიპასუხებთ.