“ტელევიზიები სპეცოპერაციის კადრების პირდაპირ ეთერში გაშვებას დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდონ” – ამის შესახებ სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ “არსენალის” რედაქტორმა, ირაკლი ალადაშვილმა “ფორტუნასთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, მედიამ საზოგადოების ინტერესი უნდა დააკმაყოფილოს და რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გადასცეს, თუმცა შტურმისთვის მომზადებას, სპეცრაზმის გადაადგილებას და სხვა დეტალების პირდაპირ ეთერში გაშვებას უნდა მოერიდოს.
ალადაშვილმა აღნიშნა, რომ ამ კადრებისა და ინფორმაციის დაგვიანებით გაშვება პრობლემას აღარ წარმოადგენს, მხოლოდ იმ კონკრეტულ მომენტშია საფრთხის შემცველი, რადგან შესაძლოა ამ ყველაფერს თვალს ტერორისტები ადევნებდნენ.
„ამ კადრებში ხვდებიან სპეცრაზმელები, არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომელი ქუჩიდან შედიან, რომელ სადარბაზოსთან იკრიბებიან. ეს ყველაფერი შეიძლება ტერორისტებმა საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენონ.
სპეცოპერაციის დეტალების პირდაპირ ეთერში გადაცემა, სპეცრაზმელების უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის“, – განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა „ფორტუნასთან“.
მანვე აღნიშნა, რომ მთელ მსოფლიოში წამყვანი ტელევიზიებიც გადასცემენ სპეცოპერაციის კადრებს და ამას ვერავინ კრძალავს, თუმცა, თავად “ტელევიზიის ხელმძღვანელობა უნდა საზღვრავდეს, რა უნდა ხვდებოდეს ეთერში და რა არა”.