LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიუხედევად იმისა, რომ საბჭოთა ოკუპაცია ისტორიას ჩაბარდა, საქართველოს კვლავ უწევს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასთან ბრძოლა: სახელმწიფო მინისტრის აპარატი

77
FORTUNA.GE-

“დღეს, ისევე როგორც ერთი საუკუნის წინ, რუსეთი განაგრძობს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უგულვებელყოფას, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევას და ევროპული ღირებულებებისა და ფასეულობების განადგურებას”, – აღნიშნულია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლითაც უწყება საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს ეხმაურება.

როგორც გავრცელებულ მიმართვაში ვკითხულობთ, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ოკუპაცია ისტორიას ჩაბარდა, დღევანდელ საქართველოს კვლავ უწევს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასთან ბრძოლა.

“25 თებერვალი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ დღეს წარმოადგენს. სწორედ ამ დღეს, 100 წლის წინ, წითელი არმიის დანაყოფებმა საქართველოში დემოკრატიული გზით არჩეული ხელისუფლება დაამხეს და კომუნისტური რეჟიმი დაამყარეს, რითიც საბჭოთა რუსეთის მიერ დამოუკიდებელი ქვეყნის მრავალწლიანი ოკუპაცია დაიწყო. 1921 წელს სამხედრო ინტერვენციის გზით საბჭოთა რეჟიმმა არა მხოლოდ გაანადგურა საქართველოს სვლა თავისუფლებისა და დემოკრატიული განვითარებისკენ, არამედ ასეულ ათასობით მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა.

დღევანდელი დღე, ისე როგორც არასდროს, გვახსენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ: კელი დეგნანი

აშშ-ს ელჩის განცხადებით, საბჭოთა ჯარების შემოჭრა იყო სამშვიდობო შეთანხმების უტიფარი დარღვევა, რომელსაც თბილისის მთავრობამ მოსკოვში ერთი წლით ადრე მოაწერა ხელი.

საბჭოთა იმპერიის ერთადერთმა სამართალმემკვიდრემ – რუსეთის ფედერაციამ არათუ განახორციელა რაიმე ქმედება ოკუპაციის შედეგების აღმოსაფხვრელად, არამედ მეტიც, რუსულმა პოლიტიკურმა ელიტამ საბჭოთა კავშირის დაშლა მე-20 საუკუნის ყველაზე დიდ ტრაგედიად შეაფასა”. – ვკითხულობთ განცხადებაში.

სახელმწიფო მინისტრის აპარატი მაგალითად 2008 წელს, რუსეთის მიერ მორიგი სამხედრო ინტერვენციის განხორციელებას ასახელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ადგილობრივი მოსახლეობა, დღემდე, ფაქტობრივად, მძევლად არის აყვანილი და ყოველდღიურად იტანჯება უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის გამო.

“ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის შევიწროვება, მათ შორის ეთნიკური ნიშნით, მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვა, რიგითი მოქალაქეების უკანონო დაკავება, თავისუფალ გადაადგილებაზე უმკაცრესი შეზღუდვების დაწესება, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა, ასევე იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილებისთვის დაბრუნების უფლების წართმევა არის მიმდინარე ოკუპაციის გამოვლინება, რომელზეც პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაცია. საბჭოთა ოკუპაციასთან ბრძოლაში დაღუპული გმირების მსგავსად, 2008 წლის ომს საქართველოს ასეულობით მოქალაქე ემსხვერპლა, ხოლო ღია საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ, მიმდინარე ოკუპაციის მსხვერპლთა შორის არიან დავით ბაშარული, გიგა ოთხოზორია, არჩილ ტატუნაშვილი და ირაკლი კვარაცხელია, ასევე ყველა ის ადამიანი, რომელთა სიცოცხლე საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვასა და, მათ შორის, სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე წვდომის შეზღუდვას შეეწირა.

საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ინტენსიური ნაბიჯები ადასტურებს, რომ მეზობელი სახელმწიფოების მიმართ რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკა და ამბიციური გეოპოლიტიკური ზრახვები არ შეცვლილა.

რუსეთის ფედერაცია ყველა ხერხს მიმართავს, სამხედრო ოკუპაციის, ჰიბრიდული ომისა და ღია პროპაგანდის ჩათვლით, რათა შელახოს სუვერენული ქვეყნების დამოუკიდებლობა, ხელოვნური დაბრკოლებები შექმნას მათი დემოკრატიული განვითარების გზაზე და ამგვარად შეაფერხოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, რაც ამ ქვეყნების სუვერენულ არჩევანს წარმოადგენს”.- აღნიშნულია გავრცელებულ წერილში.

როგორც მიმართვაში ვკითხულობთ, კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარება ქვეყნის უმთავრეს ამოცანად რჩება. ამ მიზნის მისაღწევად კი საქართველოს მთავრობა განაგრძობს თანმიმდევრული, პრაგმატული და კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის გატარებას.

“აღნიშნულ პროცესში, ტერიტორიების დეოკუპაციასთან ერთად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვას, ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის დიალოგს, ნდობის აღდგენისა და თანამშრომლობის განვითარებას გულისხმობს.

რუსეთის დესტრუქციულ პოლიტიკასთან გასამკლავებლად, ასევე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უზრუნველსაყოფად, საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერის გაგრძელება. ამ კუთხით, ძალზე მნიშვნელოვანი იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთს, როგორც საქართველოს ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას აკისრებს სრულ პასუხისმგებლობას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი პატივს მიაგებს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული ადამიანების ხსოვნას”. – წერია სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.