LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობის გადაწყვეტილება ლოგიკაში არ ჯდება, ცუდად განვითარდება მოვლენები, ფრთხილად იყავით – როგორ აფასებენ ექიმები შეზღუდვების შემსუბუქებას

12879
fortuna fxakaZe endelaZe gogoberiZe

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 25 თებერვლიდან შეზღუდვები მოიხსნა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას მედიკოსთა ნაწილი კრიტიკით შეხვდა. ამბობენ, რომ შესაძლოა, შეზღუდვების მოხსნამ დაინფიცირებულთა რიცხვი გაზარდოს.

შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა ცნობილია

თუმცა ყოფილი პრემიერ – მინისტრი, გიორგი გახარიაც ამბობდა, რომ შეზღუდვები ქვეყანაში შესაძლო იყო დაანონსებულზე ადრე მოხსნილიყო.

მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, სადაც თამამად გაიხსნა შეზღუდვები კარანტინის შემდეგ ისრაელია.

თუმცა იქ ვაქცინაცია სწრაფი ტემპით მიდის და მოსახლეობის უკვე ძლიან დიდი ნაწილი მეორედ აიცრა.

საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაწილს ნეგატიურად აფასებს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი  გიორგი ფხაკაძე.

„სიტყვებიც არ მყოფნის, არ ვიცი რა უნდა ვთქვა იმასთან დაკავშირებით, რაც  საქართველოში ხდება. მთავრობის გადაწყვეტილება არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, არც სამედიცინო, არც ეპიდემიოლოგიურ,  არც სამეცნიერო კუთხით. არანაირ ლოგიკაში არ ჯდება ის, რაც  საქართველოში ხდება.

ეპიდემია იმართება პოლიტიკოსების მიერ. წერტილი“, – ამბობს ექსპერტი.

 

 

შეკითხვაზე, რატომ შეიძლება მიეღო მთავრობას შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, ფხაკაძე პასუხობს.

„შეზღუდვების გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან მოკლევადიანი შედეგი დაინახეს. ნურავის გონია, რომ საქართველო არის განსხვავებული ქვეყანა, ვირუსი საქართველოს გვერდს აუვლის და საქართველო იქნება ოაზისი.

დიახ, საქართველო იყო ოაზისი ზაფხულში და გავიხსენოთ, რა მოხდა ნოემბერში. ჩემი მოწოდება, რომ აპრილისათვის უნდა ვიყოთ მზად, რომ რაც შეიძლება ნაკლები ინფიცირებული, გვყავდეს, უგულვებელყოფილია.  აპრილში შესაძლებელია იყოს მესამე ტალღა და ამისთვის ქვეყანაში არაფერი კეთდება. ამ გადაწყვეტილებით რაც მთავრობამ მიიღო, ძალიან დიდი ჯვარია დასმული და უკვე შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი განმეორდება აპრილში“. – განაცხადა ფხაკაძემ.

ფკახაძის თქმით, მსოფლიოში მსგავსი გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ქვეყნებმა მიიღეს, რომელსაც დიქტატორები მართავენ.

„მსოფლიოში არ არსებობს მთავრობა, რომელმაც შეზღუდვების ამ დონეზე შემსუბუქების გადაწყვეტილება აქვს მიღებული და წარმოიდგინეთ, არც ვაქცინაცია არ დაწყებულა. მე არ ვსაუბრობ ბელარუსიაზე, ჩვენთან საქართველოში იყენებენ ბელარუსისა და ჩრდილოეთ კორეას მაგალითებს. ვიღაც ამბობს, რომ ბელარუსიაში ხომ ყველაფერი კარგადააო, მაგრამ ბელარუსში სტატისტიკა გვაქვს? იქ ოფიციალურად დიქტატურაა და ვისაც დიქტატურის დროს არ უცხოვრია, შევახსენებ, რომ პირველი, რაც ასეთ შემთხვევაში ხდება, არის სტატისტიკებით თამაში“, – აცხადებს ფხაკაძე.

ფხაკაძე „ფორტუნასთან“ ამბობს, როგორ მოიქცეოდა თვითონ პრემიერის მრჩეველი რომ ყოფილიყო და მისი რჩევით რომ მიეღოთ შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება.

„გაგიჟებული ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ სკოლები გახსნეს ასე მოულოდნელად. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადგინა, რომ პირბადე უნდა ატარონ ხუთი წლიდან და არა დოლბანდებით. მიკვირს, რომ ის მინისტრები კიდევ არსებობენ, ვინც დოლბანდები საქართველოში ჩამოიტანა. პროფესიონალიზმი აღარ არსებობს. ყველგან არის პოლიტიკა. როგორ შეიძლება ყველაფერში არაპროფესიონალიზმი?

მე რომ საქართველოში ვყოფილიყავი ჯანდაცვის საკითხებში მრჩეველი და ეს გადაწყვეტილება მიეღო პრემიერს,  გადავდგებოდი დაკავებული თანამდებობიდან. გასაგებია, რომ  პრემიერი არაა ეპიდემიოლოგი.  არის ეპიდემიოლოგთა ჯგუფი, რომლებიც რეკომენდაციას აძლევენ მას. მათ თუ მისცეს რეკომენდაცია, არ მოხსნილიყო შეზღუდვები და  პრემიერ-მინისტრმა არ დაუჯერა, მე რომ ვყოფილიყავი მათ ადგილას, გადავდგებოდი და ამით ვაჩვენებდი, რომ წინააღმდეგობას ვუწევდი. ისინი არიან კიდევ თანამდებობაზე და ეს ნიშნავს, რომ არიან კომუნისტური ეპიდემიოლოგები, რომლებიც კი არ აქვეყნებენ, ხატავენ სტატისტიკას. ამ დახატული სტატისტიკის საფუძველზე იმართება ქვეყანა.

მე მათ ადგილას, თანამდებობიდანაც წავიდოდი და პრესკონფერენციასაც გავმართავდი, ამბავს ავტეხდი, რომ ეს არის გენოციდი არ მომხდარიყო. ორი დღეა შოკში ვარ, რაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება მოვისმინე.

სამწუხაროდ ქვეყანაში ცუდად განვითარდება მოვლენები. ფრთხილად იყავით.

ერთი რამ მითხარით რაც ვთქვი და არ გამართლდა. მეჩხუბებოდნენ და მეუბნებოდნენ, პროვოკატორი ხარო. ზოგმა „ნაციონალად“ მომნათლა. არც ერთი პარტიის მხარდამჭერი არ ვარ, უბრალოდ ყოველთვის ვამბობდი, სიმართლეს.  მებრძვიან. მე საფრანგეთში ძალიან კარგად ვარ. ყველა მხარეს დაპირისპირებაა და რეალურ საქმეზე არავინ ლაპარაკობს. არც ოპოზიცია“. – ამბობს ფხაკაძე.

მისი თქმით, ხელისუფლებამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც ქვეყანას ძალიან ცუდად დაუჯდება. 

 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღავნელს მარინა ენდელაძეს კი შეზღუდვების შემსუბუქებას, შედარებით დადებითი კუთხით ხედავს.

 

 

როგორც „ფორტუნას“ მარინა ენდელაძემ განუცხადა, შესაძლოა, მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ შემთხვევებმა მხოლოდ მცირედით მოიმატოს. 

„შემთხვევები შეიძლება მცირედ გაიზარდოს,  თუ მოსახლეობა დაიცავს იმ ყველა რეკომენდაციას, რაც უკვე ყველამ იცის.

კოვიდპანდემიას ჩვენ ასე უცბად ვერ დავამარცხებთ, ამას გარკვეული დრო სჭირდება. პირველ რიგში უნდა შემოვიდეს ვაქცინა სრულყოფილად და მეორე თემაცაა, მარტო ჩვენს ქვეყანაში არ დამარცხდება ვირუსი. ეს უნდა მოხდეს, მთელს მსოფლიოში და როდემდე შეიძლება, რომ არ მოხდეს შეზღუდვების შემსუბუქება. ძალიან რთულია ასე ცხოვრება. სავარაუდოდ გადაწყვეტილება სწორია, მაგრამ მოსახლეობამ არ უნდა გაითვალისწინოს, რომ ეს გარკვეული რისკია და რეგულაციები უნდა დაიცვას“, – აცხადებს ენდელაძე.

კითხვაზე, რამდენად საშიში შეიძლება იყოს ქვეყანაში დაფიქსირებული ახალი შტამის სამი შემთვევა, მაშინ როცა შეზღუდვები მოიხსნა, ენდელაძე პასუხობს.

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის 3 შემთხვევა დადასტურდა: გამყრელიძე

"3 ადამიანს მუტირებული შტამი დაუდასტურდა, ხოლო ასევე გამოვლენილია 31 კონტაქტში მყოფი პირი" - გამყრელიძე

„ახალი შტამის სამი შემთხვევა ისეთი გავრცელებული არაა და მე როგორც ვიცი, სამივე პაციენტთან იყო იზოლაცია. ახალი შტამი თუ ძალიან გავრცელდა, ალბათ კვლავ მივიღებთ იმის გადაწყვეტილებას, რომ სეზღუდვები კვლავ დავაწესოთ.

თუ იქნება მატება, ალბათ შეზღუდვებზე მსჯელობა ისევ დაიწყება. იმისთვის, რომ არ მოიმატოს შემთხვევებმა, მუდმივად ჩაკეტილები ვერ ვიქნებით.“- ამბობე ენდელაძე.

 

ექიმი გიორგი ღოღობერიძე კი ამბობს, რომ შემსუბუქების მოხსნის შემდეგ „აპოკალიფსს“ არ ელოდება.

„სიტუაცია ქვეყანაში ბევრად დასტაბილიზებულია. ვაქცინაცია არაა დაწყებული და ამის მიუხედავად ქვეყანაში კარგი სიტუაციაა. ჩვენ ფაქტობრივად ვუბრუნდებით იმ სიტუაციას, რაც გვქონდა ზაფხულში. რა მოხდება მომავალში, ამის პროგნოზირება საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ მსოფლიოში შეინიშნება იგივე ტენდენცია.

 

 

ასეთ სიტუაციაში რატომ უნდა გავაგრძელოთ შეზღუდვები და ჩაკეტილ რეჟიმში რატომ უნდა ვიყოთ?

ამ ეტაპზე კლინიკის დიდი ნაწილები თავისუფალია. შეუძლებელია, პაციენტები იყვნენ და საავადმყოფოებში არ მიდიოდნენ.

აპოკალიფსურად არ ვუყურებ ამ სიტუაციას.

კოვიდი არ ამოიწურება ერთსა და ორ წელიწადში.  რა თქმა უნდა, თუ მოიმატებს დაინფიციერების შემთხვევები და კლინიკები ისევ გადაიტვირთება, კვლავ დაწესდება შეზღუდვები.

საქართველოში ახალი შტამის მხოლოდ  სამი შემთხვევაა დაფიქსირებული  ოფიციალურად,   მაგრამ დიდი ალბათობით უფრო ბევრია.

თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ. რომ  რაც ხდებოდა ამერიკასა და იტალიაში, ჩვენთან  ის არ ყოფილა.

ახლაც მე დამღუპველად ვერ ვაფასებ შეზღუდვების შემსუბუქებას, რადგან  ყველაფერს შიგნიდან ვხედავ. ზოგიერთ საავადმყოფოს კოვიდაპაციენტები საერთოდ არ ყავს და ეს ნიშნავს, რომ სტატისტიკა არაა გაყალბებული. თუ არიან დაავადებული პაციენტები, შეუძლებელია,  მან ექიმს არ მიმართოს“. – ამბობს გიორგი ღოღობერიძე „ფორტუნასთან“ საუბარში.

შეგახსენებთ, საქართველოში დღეს 362 შემთხვევა დაფიქსირდა.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.61 %, თბილისი 165, იმერეთი 43 – 25 თებერვლის კოვიდსტატისტიკა