LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი მოლოდინი არ გვაქვს, როგორც დაპატიმრება, ასევე გათავისუფლებაც დამოკიდებულია ოცნების ხელმძღვანელობაზე: მელიას ადვოკატები

75
FORTUNA.GE- (4)

“მოლოდინი, რა თქმა უნდა, დიდი არ გვაქვს, ვინაიდან, ისევე როგორც ნიკა მელიას დაპატიმრება, მისი გათავისუფლებაც იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და დამოკიდებულია არა სასამართლოზე, არამედ “ოცნების” ხელმძღვანელობაზე.” – ნიკა მელიას ადვოკატები “ფორმულასთან” საუბარში ამბობენ, რომ ნაკლებად აქვთ ილუზია – ხელისუფლებამ გონიერი ნაბიჯების გადადგმა დაიწყოს.

როგორც დიმიტრი საძაგლიშვილი და გიორგი კონდახაშვილი აცხადებენ, მათ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს, მას გადაწყვეტილების მისაღებად აქვს 72-საათიანი ვადა, რომელიც იწურება:

“სააპელაციო სასამართლოში აღნიშნული საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განაწილდა საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე გიორგი გოგინაშვილზე, გუშინ საღამოს ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია. მოლოდინი, რა თქმა უნდა, დიდი არ გვაქვს, ვინაიდან ისევე როგორც ნიკა მელიას დაპატიმრება, მისი გათავისუფლებაც იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და დამოკიდებულია არა სასამართლოზე, არამედ ოცნების ხელმძღვანელობაზე. რაც შეეხება ნიკას, ჩვენ გუშინ შევხვდით, დღესაც ვაპირებთ მასთან შეხვედრას. ის არის მხნედ და მოუწოდებს თანამებრძოლებს, რომ ბრძოლა იქნება ბოლომდე”. – ამბობს გიორგი კონდახაშვილი.

“ფორმულასთან” საუბრობს კიდევ ერთი ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილიც. მისი თქმით, ხელისუფლებას ჰქონდა შესაძლებლობა, გადაედგა გონივრული ნაბიჯები, თუმცა ეს არ გააკეთა:

“სააპელაციო სასამართლოსგან ველოდებით პასუხს. ამ პასუხისთვის მას აქვს 72-საათიანი ვადა და ამის შემდეგ გახდება ცნობილი გადაწყვეტილება. თუკი ხელისუფლებას ექნებოდა სურვილი, რომ გადაედგა გონიერი ნაბიჯები ნიკა მელიასთან დაკავშირებით, მათ ჰქონდათ სამართლებრივი შესაძლებლობა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ვნახეთ, რა ოპერაცია ჩაატარეს, ცხადია, ნაკლებად გვაქვს ილუზია, რომ ხელისუფლება გონიერი ნაბიჯების გადადგმას დაიწყებს”. – ამბობს საძაგლიშვილი.