გმირთა მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვა მიმდინარეობს. 30-მდე მხატვარი კედლების მოხატვას დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში განახორციელებს. სამუშაოები დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.
“გახსოვთ აქ რა მდგომარეობა იყო. აქ ძალიან მძიმე სიტუაცია იყო. დღეს გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული. მინდა ახალგაზრდებს დიდი მადლობა გადავუხადო, რომ დაიწყეს მოხატვა. ძალიან მიხარია, რომ ბევრი ადამიანია ჩართული ამ ყველაფერში. ასე უნდა მივხედოთ ჩვენს ქალაქს. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საზოგადოების ჩართულობა იყოს ქალაქის განვითარებაში. ძალიან მიხარია ეს სოლოდარობა, ახალგაზრდებმა გამოიჩინეს ინიციატივა და ალამაზებენ თავიანთ ქალაქს. ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ. რაც შეეხება სხვა მიწისქვეშა გადასასვლელებს, მე მაქვს ინფორმაცია, რომ წინამძღვრიშვილზე არის ძალიან მძიმე მდგომარეობა და ხვალ ვაპირებ მივიდეთ. გამოვასწორებთ მდგომარეობას, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს მიწისქვეშა გადასასვლელებით. სისუფთავე და მოწესრიგებულობა იქნება მნიშვნელოვანი”, – განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების მოხატვის მსურველები თბილისის მერიასა და „თბილსერვის ჯგუფს“ სოციალური ქსელისა და ცხელი ხაზის საშუალებით დაუკავშირდნენ, რის შემდეგაც, „თბილსერვის ჯგუფის“ ორგანიზებით, მხატვრებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი ჩამოყალიბდა. სწორედ ასე შეირჩა 30 მხატვარი, რომლებიც გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვაზე მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში იზრუნებენ. კახა კალაძის დავალებით, გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში „თბილსერვის ჯგუფმა“ მორეცხვითი სამუშაოები განახორციელა. პარალელურად, მოეწყო განათების ქსელი და დამონტაჟდა ანტივანდალური LED სანათები. თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივით, ეტაპობრივად, „თბილსერვის ჯგუფის“ მოვლა-პატრონობაში არსებული სხვა მიწისქვეშა გადასასვლელებიც მოიხატება.