LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა იცოდეთ, იმისთვის რომ ფინანსური პირამიდის ხაფანგში არ გაებათ

110

საქართველოში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფინანსური პირამიდებისგან მიყენებულმა ზარალმა 100 მილიონ ლარს მიაღწია. დაზარალდა დაახლოებით 4000 ადამიანი.

კერძოდ, კომპანია „საქართველომ“ დააზარალა 2343 მოქალაქე და გაიფლანგა 81 მილიონი ლარი. კომპანია MFX Broker Georgia – 111 ადამიანი და 4.2 მილიონი ლარი. კომპანია ევროკრედიტი – დაუზუსტებელი ინფორმაციით ზარალის მოცულობა 3 მილიონ ლარს აჭარბებს.

ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკების კვლევაშია ნათქვამი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

 

რა სქემით მუშაობს ფინანსური პირამიდა

 

კომპანიაში აცხადებენ, რომ გლობალიზაციის პირობებში, საფრთხისშემცველმა გარიგებებმა უფრო ხშირი ხასიათი მიიღო.

იყიდება არა პროდუქტი, ან აქცია, არამედ გამდიდრების შანსი, რაც ინტერნეტ სივრცით ბევრად მარტივია.

სქემა შემდეგია: დაინტერესებული პირი რეგისტრირდება კომპანიაში, იხდის საწევრო მოსაკრებელს ან დებს “ინვესტიციას”. მომხმარებელი ვალდებულია წაახალისოს, აამაღლოს გვერდის ცნობადობა და რაც შეიძლება ბევრი სხვა “ინვესტორი” მოიზიდოს. მას ქსელის გაზრდის სანაცვლოდ ბონუსი ერიცხება – მოძიებული თანხის გარკვეული პროცენტი.

“ხშირ შემთხვევაში ქსელური მარკეტინგი და ფინანსური პირამიდის თანხვედრაშია. მიზანი ორივე შემთხვევაში ფართო მასების დაინტერესება და ჩართვაა. ეს ყველაფერი კი სქემის ჩამოშლით სრულდება. რაც უფრო რთული სქემაა და ბევრ მომხმარებელს იზიდავს, მით უფრო იზრდება სქემის ხანგრძლივობა და საწყის ეტაპზე გაწევრიანებულმა მომხმარებლებმა შესაძლოა მიიღონ შემოსავალი, რომელიც მათ პირველად შენატანს აღემატება”, – აცხადებენ კომპანიაში და მოკლედ იმ ნიშნებსაც ასახელებენ, რომლიც საქართველოში თაღლითურ კომპანიებს ახასიათებს:

  • აქტიური სარეკლამო მარკეტინგი და საბაზროზე მაღალი სარგებელი
  • დამალული/რთული ბიზნესმოდელი. აქცენტირება ყოველთვის კომპანიის წარმატებაზე და გაცემულ სახსრებზე ხდება.
  • საწევროს მცირე შენატანი და გამდიდრების მომხიბლველი შანსი.

 

მიზეზები

საქართველოში ფინანსური განათლების დაბალი დონე ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა. ერთ-ერთი კვლევის თანახმად ზრდასრული ადამიანების მხოლოდ 30%-ია ამ მხრივ განათლებული – სწორედ ასე იწყება საზოგადოება და ბანკების მიერ გამოქვეყნებული კვლევა.

სწორედ განათლების დაბალ დონეს უკავშირებს ორგანიზაცია, მომხმარებლების ამ სქემაში მარტივად გახვევის შესაძლებლობას.

“საზოგადოება და ბანკების” ცნობით, მომხმარებელი პროდუქტის პირობას არ ეცნობა და ხშირად ხელს ისე აწერს ხელშეკრულებას.

 

რეკომენდაციები

პირამიდული ბიზნესი კრიმინალიზებული არ არის. ორგანიზაცია კვლევის შედეგებიდან გამომდინარე გასცემს რეკომენდაციას, რომ ამ თაღლითური სქემის აღსაკვეთად საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებაა საჭირო.

რეკომენდაციების ჩამონათვალშია ასევე:

  • მოსახლეობის აქტიური ინფორმირება საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ
  • სარისკო კომპანიების გამოვლენა და ზედამხედველობა
  • ბაზრის მუდმივი მონიტორინგი
  • კომპანიების საქმიანობაში თაღლითური მეთოდების დროული გამოვლენა
  • საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება და პირამიდული ბიზნესის კრიმინალიზება

 

*ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევას, ფინანსური პირამიდების შესახებ, რულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ფაილში.

 

“ფორტუნა” ერთ-ერთ კომპანიაზე ადრეც წერდა, რომელიც სავარაუდოდ, ფინანსური პირამიდის სქემით მოქმედებს. იხილეთ სტატია: იოლი ფული სხვების მოტყუების ხარჯზე – Qnet-ის სქემა გაშიფრულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები