პროტოპრესვიტერ მამა გიორგი ზვიადაძის განცხადებით, მას სწამს, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ტერიტორია, რომელიც საქართველოს ნაწილია, ოფიციალურად ჩვენი ქვეყნის შემადგენლობაში იყოს.
მისივე თქმით, გარეჯთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესია კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის უდიდეს ერთგულებას. რაც შეეხება, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებს, პროტოპრესვიტერი ხელისუფლებას მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რათა სტრატეგიულ პარტნიორთან არსებული ურთიერთობა არ დაზიანდეს.
“გარეჯთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესია კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის უდიდეს ერთგულებასა და უდიდეს ზრუნვას საქართველოსადმი. ეს არის მიმართვა ჩვენი ხელისუფლებისთვის, რაც შეიძლება მაქსიმალური სიფრთხილე იყოს გამოჩენილი მეგობარ, სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების დროს. განსაკუთრებული ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანელ ხალხთან და ხელისუფლებისადმი ეკლესიის მოწოდებაა, რომ ძალიან დიდი სიფრთხილით გაიმართოს ეს მოლაპარაკებები; გათვალისწინებული იყოს, რომ გარეჯი და მთელი ეს კომპლექსი არის საქართველოს იდენტობის ნაწილი, სულიერება, კულტურის ნაწილი. აქ არ შეიძლება, რაიმე სხვა აზრი არსებობდეს. დანარჩენი უკვე არის სპეციალისტების, მეცნიერების სამუშაო. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე, როგორც ეს სინოდის განცხადებაშია ნათქვამი, ტერიტორია, რომელიც საქართველოს ნაწილია, რომ იყოს ოფიციალურად საქართველოს შემადგენლობაში“. – აცხადებს მამა გიორგი ზვიადაძე.