“არ ვიცი, როგორ გასტანს სასამართლო, თავისი წესი და რიგი აქვს, შესაბამისად, ყველანაირად ვეცდებით და მე მგონია, რომ სიმართლე გაიმარჯვებს. ნამდვილად უდანაშაულოები ვართ იმ ბრალდებაში, რაც წამოყენებული გვაქვს.” – ამის შესახებ ე.წ კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა განაცხადა.
მელაშვილი ამბობს, რომ განხილული აქვთ ბრალდების ყველა პუნქტი და ისიც და ნატალია ილიჩოვაც აღნიშნულ ბრალდებაში აბსოლუტურად უდანაშაულოები არიან.
“პუნქტობრივად აქვთ ჩამოთვლილი რაღაც ბრალდებები. მიგვაჩნია, რომ ყველა ბრალდება არის აბსურდული, არარსებული ბრალდება. სიმართლე რომ გითხრათ, იმის მოლოდინი დიდი ხანია მაქვს, რომ, ალბათ, უდანაშაულოდ უნდა გვცნოს სასამართლომ. თავიდანვე ბრალდება მიმაჩნდა უსაფუძვლოდ, ახლაც ასეა, თუმცა იცით, რომ ციხეშიც ვიყავით და სასამართლო პროცესი მიმდინარეობს ახლა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წერტილი დაესმება ადრე თუ გვიან ყველაფერს.” – ამბობს ივერი მელაშვილი.
მან ასევე უპასუხა კითხვაზე, შეცვლის თუ არა საქმეს ყოფილი პრეზიდენტის განცხადება, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა 2007 წელს დავით გარეჯთან დაკავშირებით გააკეთა.
მელაშვილის განცხადებით, არ სურს დეტალებზე შეგნებულად ისაუბროს და ყველა აზრის წარმოთქმას თავისი აზრი აქვს:
“შეგნებულად არ მინდა დეტალებში შევიდე, ყველა აზრის წარმოთქმას თავისი აზრი აქვს და რა თქმა უნდა, იცის საზოგადოებამ, რომ იყო რაღაც შეთავაზებები, მოლაპარაკებები, მათ შორის, პრეზიდენტების დონეზე და იყო განხილული საკითხები, რომლებსაც, რა თქმა უნდა, თავისი აზრი და თავისებური განმარტება აქვს.
არ შემიძლია ახლა მაგაზე კომენტარები გავაკეთო, თვითონ ყოფლმა პრეზიდენტმა გააკეთა კომენტარები და რა თქმა უნდა, იყო განხილვები რაღაც დონეზე მაგის თაობაზეც, მათ შორის.” – თქვა მელაშვილმა.