LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე კრეატიული დიზაინერები ჩვენ გვყავს…“ – „მერსედეს ბენცის მოდის კვირეული“ დღეს იხსნება

120

„მერსედეს ბენცის მოდის კვირეული“ თბილისში დღეს, 2 ნოემბერს სავთანდილის ჩვენებით გაიხსნება. რამდენიმე ჩვენების გარდა, 40-მდე დიზაინერის ნამუშევრებს რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე ვიხილავთ, მცირე დარბაზი კი ქართველი არტისტების სხვადასხვა საინტერესო გამოფენასა და ვიდეოინსტალაციას უმასპინძლებს.

2-6 ნოემბრის ჩათვლით „მერსედეს ბენც ფეშენ ვიკ თბილისი“ სახელმწიფო სტრუქტურების მხარდაჭერით, „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში იმართება. მის მეექვსე სეზონე ცნობილი გამოცემების – „ელი“, „ვოგი“, „ფრაცია“, „მადამ ფიგარო“, „ფორბს ამერიკა“ და სხვ. ჟურნალისტებს ტურიზმის დეპარტამენტი მასპინძლობს, ხოლო ბაიერებს პროექტი „აწარმოე საქართველოში“. აღსანიშნავია, რომ კვირეულის ფარგლებში გაიმართება ცნობილი მოდის მენტორის, ბარბარა ტრებიჩის მასტერკლასები. მთლიანობაში ღონისძიებას უცხოეთიდან ჩამოსული 70-მდე სტუმარი დაესწრება. საქართველოში პირველად ჩამოდიან სოციალურ ქსელებში პოპულარული მოდის ბლოგერები.

„მერსედეს ბენცის მოდის კვირეული“ თბილისში იმავე დევიზით იმართება, რაც მთელ მსოფლიოში – „თაობა ახლანდელი, თაობა მომავალი“. ახალი სეზონის აღსანიშნავად გავრცელდა ფილმი ცნობილი მსახიობის, სიუზან სარანდონის მონაწილეობით, რომელიც „მერსედეს ბენცის“ წლევანდელ კონცეფციას ასახავს. თაობებს შორის კავშირი მოდის სფეროშიც მთავარი თემაა, რადგან „მერსედეს ბენცი“ ზრუნავს მოდის აწმყოსა და მომავალზე.

საგულისხმოა, რომ „მერსედეს ბენცის მოდის კვირეული“ თბილისში ყველა წამყვან დიზაინერს მასპინძლობს და საერთაშორისო პრესისა და ბაიერების ყურადღების ცენტრში ამყოფებს. ქართველი დიზაინერების მიმართ ბოლო პერიოდში ძალიან დიდია დაინტერესება და ეს ტალღა თავდაპირველად მოდის სამყაროში დემნა გვასალიას აღზევებამ გამოიწვია, თუმცა სხვადასხვა პრესტიჟულ გამოცემების ფურცლებსა თუ ინტერნეტგვერდებზე ქართველთა ნამუშევრების მოხვედრამ მსოფლიო ვარსკვლავებთან მომუშავებ სტილისტების დაინტერესებაც გამოიწვია და შედეგად, რამდენიმე ქართულმა ბრენდმა ითანამშრომლა ისეთ პოპულარულ სახეებთან, როგორებიც კეტი პერი, ანჯელინა ჯოლი, ბელა ჰადიდი, მერი ჯეი ბლაიჯი და სხვანი არიან.

სოფო ჭყონია, ღონისძიების დამფუძნებელი:

წინა სეზონის შემდეგ ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანების სტილისტები დაგვიკავშირდნენ, ზოგი ჩვენ გვწერს, ზოგი პირდაპირ დიზაინერს. ძალიან დიდი ინტერესი აქვთ ქართველი დიზაინერების მიმართ. ეს განაპირობა პიარმა და საერთაშორისო პრესამ, ჩვენ სულ გვაქვს კომუნიკაცია ჟურნალისტებთან და სტილისტებთან. კიდევ ბევრს აქვს წაღებული რამდენიმე ქართველი დიზაინერის არაერთი ნამუშევარი (იღიმის).

ძალიან დიდი პოპულარობა მოაქვს ბრენდისთვის, როცა მისი სამოსი აცვია რომელიმე ვარსკვლავს. ამაზე ზოგჯერ ოცნებობენ დიზაინერები და დიდი თანხებიც უჯდებათ, ჩვენ კი აბსოლუტურად უფასოდ გვაქვს ეს პიარი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამას აკვირდებიან ბაიერები, რაც უფრო პოპულარულია ბრენდი, მისი შესყიდვაც იზრდება. უცნობ ბრენდს, სამწუხაროდ, მაღაზიები აღარ შეისყიდიან.

ქართული მოდისადმი ასეთი ინტერესი ალბათ, დემნა გვასალიას ფაქტორმა განაპირობა დიდწილად…

დიახ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. რაც მთავარია, ის ქართველობს, რადგან ყველგან წერია, როგორც ქართველი დიზაინერი. დემნას პოპულარობა და ჩვენი პროექტის დაწყება ერთმანეთს დაემთხვა. ეს გვეხმარება, მაგრამ არა მარტო. შეიძლება, ჟურნალისტი ერთხელ ჩამოვიდეს დემნას პოპულარობის ხათრით, მაგრამ შემდეგში აღარ მოუნდეს საქართველოში ჩამოსვლა. გაოცებულები არიან, ამდენი ჩვენებისას როგორ აქვს ყველას სხვადასხვანაირი ხედვა. ვინც უკვე არაერთხელ იყო საქართველოში, აღნიშნავს, რომ ყოველ სეზონზე უფრო დახვეწილი ნამუშევრები გამოდის პოდიუმზე.

უნდა აღინიშნოს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე კრეატიული დიზაინერები ჩვენ გვყავს. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მოდის კვირეულს ვაკეთებ. ამ მოსაზრებას უამრავი ცნობილი გამოცემის ჟურნალისტი თუ ბაიერი ეთანხმება…

ჯიჯი რეჯინი, ფოტოხელოვანი:

ხანდახან ჩვენ გვღუპავს ამბიციები, რადგან ზოგ შემთხვევაში უადგილოა, მაგრამ მოდის სფეროში ამბიცია ძალიან გვშველის. გასაგებია, რომ ყველა ქვეყანას აქვს თავისი ფოლკლორი, მაგრამ ჩვენთან, კოსტიუმებსა და ზოგადად, კოლექციებში, ფოლკლორი მხოლოდ მცირე დეტალებში შეიძლება ჩანდეს. ქართველ დიზაინერებს აქვთ მისწრაფება სიახლეებისკენ, თანაც, ისწავლეს ბევრი რამ. როგორც კი ეს სფერო ბიზნესში გადავიდა, მას სხვანაირად შეხედეს.

ჯიჯი, რაღაც გარდატეხა მოხდა ქართულ მოდაში ამ ბოლო დროს…

გეთანხმები. არ მინდა, ისე გამომივიდეს, რომ დადებითად ვსაუბრობ პროექტზე, სადაც ვმუშაობ, მაგრამ მეექვსე სეზონია „მერსედეს ბენცის მოდის კვირეულს“ აგურ-აგურ ვაშენებთ და მიმაჩნია, რომ მოდის სფეროს საქართველოში მან დიდი ბიძგი მისცა. ბევრი მიხვდა, რომ მორჩა, თამაშის სხვა წესები შემოვიდა, იმავე ნაჭრებს ვეღარ გამოიყენებენ, ვეღარ გააკეთებენ იმ ხარისხს, რაც ადრე გასდიოდათ, იმ დეტალებს, არსაც ადრე იყენებდნენ სამოსში… იციან, რომ თუკი უხარისხო იქნება, ბაიერი ნივთებს არ შეიძენს. ქართველმა დიზაინერებმა ისწავლეს, რომ მოდის კვირეულამდე სამი კვირით ადრე კოლექცია მზად უნდა იყოს, უნდა არსებობდეს პრესრელიზი მის შესახებ. აქამდე მხოლოდ ორ-სამ დიზაინერს ექნებოდა მზად პრესრელიზი. არც ვამტყუნებ, რადგან არ სჭირდებოდათ, მხოლოდ დიზაინერების მცირე ნაწილმა იცოდა ასე მუშაობა. მგონი, ეს ნორმალური პროცესია, რომ არ ყოფილიყო „მერსედესის“ მოდის კვირეული, იქნებოდა სხვა. კონკურენცია გაიზარდა, იდეებიც განსხვავებულია, ტემპიც გაიზარდა, იცი, დღეს თუ არ გააკეთებ, ხვალ სხვა გააკეთებს…

რაც შეეხება სტილისტების მიწვევას კოლექციებისთვის…

ქართველი დიზაინერები უკვე იწვევენ კოლექციების გასამართად სტილისტებს. თბილისში გვყავს რამდენიმე კარგი სტილისტი და ისინი მუშაობენ. ჩვენი პროექტია მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ახალი პროფესიების საჭიროება იკვეთება, დაგვჭირდება მოდის კონსულტანტები, მენეჯერები და ა.შ.

ზუსტად ვიცი, რომ ქართველი დიზაინერების კოლექციები კიდევ უფრო კარგად გაიყიდება. 8 სტილისტი დამოუკიდებლად, ჩვენი მიწვევის გარეშე ჩამოდის, რომ კოლექციები შეარჩიოს. მათ აკრედიტაცია გვთხოვეს.

ანუ ფიქრობ, რომ ეს სფერო ფულს მოიზიდავს?

საზღვარგარეთ გაყიდვებს თუ გულისხმობთ, ქართული მოდის სახლები უკვე მუშაობენ, ქართველი დიზაინერები უკვე იყიდებიან წარმატებით. მათ ისწავლეს, რა არის ბაიერის ფასი. 3-4- დიზაინერი იყო საქართველოში, ვინც ეს იცოდა. მიხვდნენ, რომ სხვანაირად ვერ იმუშავებენ (იღიმის).

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები