LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უზენაესმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

59

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე მსჯავრდებული, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის ადვოკატის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად სცნო  და ძალაში  დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2017 წლის 23 თებერვალს ივანე მერაბიშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2005 წლის 29 ივნისს, გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნდა საქართველოს პარლამენტის იმჟამინდელი წევრის ვალერი გელაშვილის სტატია სათაურით „ვალერი გელაშვილი თავის სახლს სააკაშვილს დაუთმობს“. აღნიშნულ სტატიაში ვალერი გელაშვილი გამოთქვამდა უკმაყოფილებას მოქმედი პრეზიდენტის მიმართ იმასთან დაკავშირებით, რომ მას წაართვეს ქონება, რომლის ღირებულებასაც არ უნაზღაურებდნენ. ამავე სტატიაში მან შეურაცხმყოფელი ფორმით ისაუბრა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ.

პროკურატურის ცნობით, სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის სამაგალითოდ დასჯის მიზნით, პირადი შურისძიების მოტივით, საქართველოს თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს დაავალა მოეხდინა ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება, რაზეც ირაკლი ოქრუაშვილისგან მიიღო უარი. ამის გამო, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის ფიზიკური ანგარიშსწორება დაავალა საქართველოს შინაგან საქმეთა იმჟამინდელ მინისტრს ივანე მერაბიშვილს.

დავალების მიღების შემდეგ ივანე მერაბიშვილმა მის დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორის ერეკლე კოდუას ორგანიზებით უზრუნველყო მიხეილ სააკაშვილის დავალების ზედმიწევნით შესრულება, რომელიც განხორციელდა 2005 წლის 15 ივლისს.

“სოდ-ის ოპერატიულმა თანამშრომლებმა და შეიარაღებული სპეციალური რაზმის მებრძოლებმა, ქ.თბილისში, მირცხულავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისას,  მოახდინეს ვალერი გელაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ბლოკირება,  რის შემდეგაც  თავს დაესხნენ ვალერი გელაშვილს და მის თანმხლებ პირებს. ერეკლე კოდუას დავალებითა და სოდ-ის სამმართველოს უფროსის გიორგი სირაძის ხელმძღვანელობით, მოქმედმა სპეციალური რაზმის მებრძოლებმა ძალის გამოყენებით და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ავტომანქანიდან თანმხლებ პირებთან ერთად გადმოიყვანეს ვალერი გელაშვილი, იარაღის კონდახებით  სასტიკად სცემეს და გაიტაცეს ვალერი გელაშვილის კანონიერ მფლობელობაში არსებული „Heckler Koch“-ის მარკის ცეცხლსასროლი იარაღი, ფულადი თანხა – 10 000 აშშ დოლარი და 50 000 ლარად ღირებული ბეჭედი. ცემის შედეგად ვალერი გელაშვილმა მიიღო სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება,”-აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმისთვის თბილისის სააპელაციო სასამართლომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით, 25,117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის და  2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 9 თვის ვადით, მასვე 2 წლისა და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.  ამავე განაჩენით დამნაშავედ იქნენ  ცნობილი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი ერეკლე კოდუა და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსის გია სირაძე. თითოეულს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით. მათვე 2 წლისა და 3 თვის ვადით ჩამოერთვათ თანამდებობის დაკავების უფლება.

ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზების ბრალდებით,  თბილისის საქალაქო სასამართლოში ამჟამად არსებითად იხილება  ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმე. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით,  რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 10 წლამდე ვადით.