საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოზარ სუბარი, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მოღალატეობრივი განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ სააკაშვილის 2007 წლის საჯარო გამოსვლა დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. აღნიშნული განცხადება სუბარმა გარეჯის საქმეზე შეფასებისას გააკეთა და აღნიშნა, რომ როცა ჯერ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია ჯერ მომხდარი არაა და ამ დროს ქართველი მესაზღვრეები უკან იხევენ, ხოლო პრეზიდენტი აცხადებს, რომ სიმაღლეებს აზერბაიჯანს უთმობს, ეს ქვეყნის ინტერესების ღალატია.
“ის ამბობს ასეთ რამეს, რომ სიმაღლეს დაიკავებენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები, თუმცა, მონასტრები საქართველოს ტერიტორიაზე დარჩება. თუმცა, თუ სიმაღლეს ქედს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დაიკავებენ და, ეს ორი მონასტერი – უდაბნო და ჩიჩხიტური ავტომატურადაზერბაიჯანის ტერიტორიაზე ხვდება და იქ მისვლა მხოლოდ აზერბაიჯანელი მესაზღვრეების ნებართვით არის შესაძლებელი. როცა ჯერ მომხდარი არ არის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია და ამ დროს ქართველი მესაზღვრეები უკან იხევენ და პრეზიდენტი აცხადებს, რომ სიმაღლეებს უთმობს აზერბაიჯანს, ეს ქვეყნის ინტერესების ღალატია და სხვას მე ვერაფერს ვერ დავარქმევ,”- განაცხადა სუბარმა.
რაც შეეხება დავით დარჩიაშვილის პროკურატურაში დაბარებას, როგორც სუბარი აცხადებს, მასთან რაიმე პრეტენზიები არ არსებობს, ხოლო თუ დარჩიაშვილს ამ საკითხზე რაიმე ინფორმაცია აქვს, კითხვებს უნდა უპასუხოს.
“დავით დარჩიაშვილი არის ჩემი კურსელი და მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ ვიყავით ძალიან კარგი მეგობრები. როცა მე გარეჯში ვმსახურობდი, ის ჩამოდიოდა ჩემთან, მაშინ ხელისუფლებაში იყო და თუ რამე იცის ამ საკითხზე, რასაკვირველია, კითხვებს უნდა გასცეს პასუხი. მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ არსებობს. კონკრეტულად რა კითხვებია მის მიმართ არ ვიცი”, – განაცხადა სუბარმა.