LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში ილტოს წყალსაცავის მშენებლობა იწყება

110

სახელმწიფოს ინიციატივითა და დონორი ორგანიზაციების დახმარებით, ილტოს ხეობაში, წყალსაცავის მშენებლობა დაიწყება. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, წინასაპროექტო სამუშაოებისთვის ნახევარ მილიონზე მეტი ლარი უკვე გამოყოფილია, რომელზეც ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

მომდევნო ეტაპი გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და ტექნიკურ-ეკონომიკური გეგმის საფუძველზე პროექტის შედგენას ითვალისწინებს. წყალსაცავი, რომლის სიმაღლე 118 მეტრი, ფართობი კი დაახლოებით 200 ჰექტარია, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭართალაში აშენდება.

ტერიტორია, სადაც კახეთის რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელება იგეგმება, ახმეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გელა სამხარაულმა, ახმეტის ახლად არჩეულ მერთან იოსებ ქარუმაშვილთან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის სამსახურის ხელმძღვანელ არჩილ ბუკიასთან ერთად დაათვალიერა.

„ილტოს წყალსაცავის მშენებლობა ის მნიშვნელოვანი პროექტია, რომელსაც მრავალმხრივი დადებითი შედეგი ექნება. პროექტის განხორციელება პირდაპირ კავშირშია ილტოს ხეობის სოფლების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან. ერთია, რომ წყალსაცავის ფუნქციონირება წყლით მომარაგების, ფართობების გასარწყავიანების და ენერგეტიკულ პროცესებს არეგულირებს, რასაც თავისთავად სასიცოხლო მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი დარგის განვითარებისთვის და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანია ილტოს ხეობაში ტურისტულ-რეკრეაციული ზონის და სამუშაო ადგილების შექმნა“, – განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის პირველმა მოადგილემ გელა სამხარაულმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები