LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკანონმდებლო ცვლილებები პრობლემას ვერ აგვარებს: ნარკოპოლიტიკის ეროვნულ პლატფორმის წევრები

126
ნარკოპოლიტიკა

ნარკოპოლიტიკის ეროვნულ პლატფორმაში შემავალი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ნარკოტიკული საშუალებების დოზებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები, პრობლემას რეალურად ვერ აგვარებს და ნარკოტიკების მომხარებლები კვლავ სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ რჩებიან.

დისკუსია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე გაიმართა, სადაც “ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს.

პროექტის მიხედვით, რვა დასახელების ნარკოტიკული საშუალების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები ხელახლა განისაზღვრება და შესაბამისი ცვლილებები მათ დოზათა ნუსხაში ხორციელდება.

საკანონმდებლო ცვლილებებით მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები გაიწერება ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებზე, როგორიცაა: ამფეტამინი, დეზომორფინი (ე.წ. კრაკადილი), ლიზელგინის მჟავა (ლსდ), მდმა (ე.წ. ექსტაზი), ეფედრონი-მეტკათინონი, მეტამფეტამინი, მეთადონი და ჰეროინი.

როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა განაცხადეს, გაუგებარია, რა პრინციპით განისაზღვრა მოხმარების ერთჯერადი დოზა, რადგან ნარკოტიკების რეგულარული მომხარებელი მეტ დოზას მოიხმარს, ვიდრე პროექტით არის წარმოდგენილი.

მათივე შეფასებით, პროექტით შესაძლოა სისხლის სამართლის სასჯელს მხოლოდ დამწყები მომხმარებელი ასცდეს, მაგრამ რეგულარული მომხმარებლები კვლავ ციხეში წავლენ.

“არ ვიცით, ვისზე მოახდენს გავლენას, ვის შეუმსუბუქდება ან ვის აღარ დაიჭერენ აღნიშნული კანონის მიღების შემდეგ“, -აღნიშნეს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლება საკომიტეტო განხილვისას.

პროექტის ავტორთა განმარტებით, აღნიშნული რვა ნივთიერება  პრაქტიკაში მათი განსაკუთრებული დიდი სიხშირით გავრცელებისა და მოხმარების ფაქტიდან გამომდინარე შეარჩიეს, ხოლო ოდენობების განსაზღვრისას მხედველობაში აღნიშნულ ნივთიერებათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საზიანო შედეგები მიიღეს. ოდენობის საზომად  კი ნარკოტიკის ეპიზოდური, მომხმარებლის მიერ მოხმარებულ ერთ დოზაზე მეტი ოდენობა აიღეს, რომლის დათვლა თითოეული ნივთიერების შემთხვევაში სუფთა სუბსტანციის სახით ხდება.

ცნობისთვის, “ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, თეა წულუკიანი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით სერგეენკო, ალუდა ღუდუშაური, დიმიტრი ხუნდაძე და ლადო კახაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები