“მზად ვართ, შევხვდეთ “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლებს, თუმცა, ამავე დროს, მიგვაჩნია, რომ იმის გათვალისწინებით, თუ რა რეზონანსი მოჰყვა მათ თავდაპირველ მცდარ ინფორმაციას და შემდეგ მის ეტაპობრივ შესწორებას, მნიშვნელოვანია, ორგანიზაციამ განსაკუთრებულად იზრუნოს ამ საკითხის გარშემო რაც შეიძლება მეტ გამჭვირვალობაზე და ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მათ სურთ, რომ დახურულ შეხვედრაზე მოგვაწოდონ, ასევე გახადონ საჯარო საზოგადოებისთვის.” – “ქართული ოცნების” ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრის, შალვა პაპუაშვილის ბრიფინგი გაიმართა.
პაპუაშვილი პარტიის სახელით გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” მიერ 29 იანვარს ჩატარებულ პრესკონფერენციას, რომელიც უბნების 8%-ზე დისბალანსის შესახებ მათ თავდაპირველ განცხადებას ეხებოდა.
შალვა პაპუაშვილმა მოუწოდა ორგანიზაციას, გახადოს ყველა ინფორმაცია გამჭვირვალე და ეფექტიანად შეეწინააღმდეგოს იმ დეზინფორმაციის კამპანიას, რომელსაც დღემდე ეწევა ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი, მათ შორის “სამართლიანი არჩევნების” ანგარიშის გამოყენებით.
პაპუაშვილმა ისაუბრა “სამართლიანი არჩევნების” მიერ, 31 ოქტომბრის საპარლმენტო არჩევნების პარალელური დათვლისა და 1 ნოემბერს წარმოდგენილი ანგარიშის შესახებ, რომელშიც, მათი თქმით, ორი ძირითადი მიგნება იკვეთებოდა:
“მათ მაშინ განაცხადეს, პირველი, რომ ცესკოს მონაცემები არ ემთხვეოდა პარალელური დათვლის შედეგებს და მეორე, უბნების 8%-ში იყო მეტობით დისბალანსი, რასაც შესაძლებელია ჰქონოდა 4,1%-იანი გავლენა არჩევნების შედეგებზე.
საზოგადოებას ახსოვს, რომ სწორედ ეს ორი მიგნება გამოიყენეს ჩვენმა ოპონენტებმა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით დეზინფორმაციის კამპანიის წარმოებისთვის. საზოგადოებას ასევე ახსოვს, რომ ჩვენ პირველივე დღეებში შევიტანეთ ეჭვი ამ მიგნების სისწორეში და მოვუწოდებდით “სამართლიან არჩევნებს” გადაემოწმებინა ეს შედეგები.არჩევნებიდან ერთი თვის თავზე, 11 დეკემბერს, “სამართლიანმა არჩევნებმა” აღიარა, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო მცდარი, ვინაიდან მათ ხმების საერთო რაოდენობაზე მითვლილი ჰქონდათ ბათილი ბიულეტენები და დაადასტურეს, რომ ამ მონაცემების შესწორების შემდეგ პარალელური დათვლის შედეგები დაემთხვა ცესკო-ს შედეგებს. ამასთან, გაირკვა ისიც, რომ სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელობამ ამ ხარვეზის შესახებ მალევე შეიტყო, თუმცა თითქმის ერთი თვე ამ ინფორმაციას არ უმჟღავნებდა საზოგადოებას”.- განაცხადა პაპუაშვილმა.
ოცნების პოლიტიკური საბჭოს წევრმა “სამართლიანი არჩევნების” 29 იანვრის პრესკონფერენცია გაიხსენა, სადაც გაირკვა, რომ მეტობით დისბალანსიანი უბნების დაანგარიშებისას “სამართლიან არჩევნებს” არ ჰქონდა გათვალისწინებული შესწორების ოქმები, ხოლო მათი გათვალისწინების შემდეგ, მეტობით დისბალანსის მქონე უბნების რაოდენობა დაემთხვა ცესკო-ს მონაცემებს:
“სწორედ ამ საკითხს, თითქმის სამი თვის დაგვიანებით, მიეძღვნა სამართლიანი არჩევნების 29 იანვრის პრესკონფერენცია და ამ პრესკონფერენციიდან ჩვენ გავიგეთ, რომ პირველი, მეტობით დისბალანსიანი უბნების დაანგარიშებისას “სამართლიან არჩევნებს” არ ჰქონდა გათვალისწინებული შესწორების ოქმები, ხოლო მათი გათვალისწინების შემდეგ, მეტობით დისბალანსის მქონე უბნების რაოდენობა დაემთხვა ცესკო-ს მონაცემებს – კერძოდ, “სამართლიანი არჩევნების” განახლებული მონაცემებით ეს იყო უბნების 0,4% და არა 8%, როგორც ისინი თავდაპირველად აცხადებდნენ, ხოლო ცესკო-ს მონაცემებით – 0,5%. და მეორე, „სამართლიანმა არჩევნებმა“ სრულად უკან წაიღო მისი თავდაპირველი განცხადება, რომ დისბალანსის შესაძლო გავლენა შედეგზე 4,1% შეიძლება ყოფილიყო.
შესაბამისად, დადასტურდა რომ 1 ნოემბერს „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებული პარალელური დათვლის ორი ძირითადი მიგნებიდან, ორივე აღმოჩნდა მცდარი, რაც, თავის მხრივ, გამოწვეული იყო პარალელური დათვლის შედეგების შეჯამების პროცესში პროფესიული სტანდარტის დარღვევით”. – აღნიშნა პაპუაშვილმა.