LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოქალაქეებთან” მოლაპარაკებები პოზიტიური შედეგით დასრულდა, განვაგრძობთ დიალოგს პარტიებთან: არჩილ თალაკვაძე

76
FORTUNA.GE- (1)

“პარტია “მოქალაქეებთან” გვქონდა მოლაპარაკებები, რომელიც დღეს დასრულდა პოზიტიური შედეგით. ჩვენ შევქმენით დოკუმენტი, სადაც ჩვენი პირობა და ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ საქართველოს პარლამენტში განვახორციელებთ საარჩევნო რეფორმის შემდეგ ეტაპს ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით.” – მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, ცოტა ხნის წინ ბრიფინგზე განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

გადაწყვეტილება მიღებულია: ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შევლენ

არჩილ თალაკვაძის თქმით, სახელისუფლებო პოლიტიკურმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” თავიდანვე განაცხადა, რომ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებდა, რათა საქართველოს პარლამენტში საარჩევნო რეფორმის შემდეგი ეტაპი განხორციელდეს:

“პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ საარჩევნო რეფორმის შემდეგი ეტაპი განხორციელდეს საქართველოს პარლამენტში და გაუმჯობესებული კანონმდებლობით, გაუმჯობესებულ გარემოში შევხვდეთ ადგილობრივ არჩევნებს, რომელიც 2021 წლის შემოდგომაზე ჩატარდება.

ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკებები ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ელჩების მხარდაჭერით და ასევე გვქონდა მოლაპარაკებები პარტია “მოქალაქეებთან”, რომელიც დღეს დასრულდა პოზიტიური შედეგით.” – თქვა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, დოკუმენტი ღიაა სხვა პოლიტიკური პარტიებისთვისაც და ის იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიციის მონაწილეობა პარლამენტში კიდევ უფრო გაფართოვდება:

“ჩვენ ხელი მოვაწერეთ ამ დოკუმენტს და ეს დოკუმენტი ღიაა სხვა პოლიტიკური პარტიების და მათი წარმომადგენელბისთვის. მათთვის, ვინც გადალახა ბარიერი და მიიღო მანდატი საქართველოს პარლამენტში.

დოკუმენტში ავსახეთ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, ოპოზიციასთან პრაქტიკულად შეთანხმებული იყო. კონკრეტულად, ეს არის საკითხები, რომელიც ეხება საარჩევნო ადმინისტრაციას, საარჩევნო პროცედურებს, ბარიერსა და პროპორციების გადანაწილებას თვითმმართველობის არჩევნებზე. შესაბამისად, ჩვენ განვაგრძობთ პოლიტიკურ დიალოგს, მოლაპარაკებებს პოლიტიკურ პარტიებთან და ველით, რომ ოპოზიციის მონაწილეობა პარლამენტში კიდევ უფრო გაფართოვდება.” – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, მმართველი გუნდი საპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად, გააგრძელებს ძალისხმევას, რათა პროცესს შეუერთთდეს ოპოზიციის, სულ მცირე, იმდენი წარმომადგენელი, რამდენიც საკმარისი იქნება აღნიშნული ცვლილების განსახორციელებლად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები