29 იანვარს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რასაც ხელი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, რეზო ჩარკვიანმა მოაწერეს.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება სრულად მხარს უჭერს სააგენტოს რეფორმით გათვალისწინებულ მიმართულებებს.
ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზანია, საქართველოში ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნის მხარდაჭერა.
თანამშრომლობის კონკრეტულ სფეროებს წარმოადგენს მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებისა და ადგილობრივი სერვისების განვითარება, მოხალისეობის სფეროს გაძლიერება, მონაწილეობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის გაძლიერება, ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდაჭერა და რეკრეაციული საქმიანობა, ახალგაზრდული მეწარმეობის განვითარება.
სააგენტოსთან პარტნირობით სამიზნე მუნიციპალიტეტში ერთობლივად, ფუნქციური და სტრუქტურული ახალგაზრდული საბჭოები და ამ საბჭოების ჩამოსაყალიბებლად საჭირო გაიდლაინი შეიქმნება.
ცნობისთვის, შეხვედრაზე მხარეებმა მომავალ თანამშრომლობაზე და ერთობლივად განსახორციელებელ პროგრამებსა და პროექტებზეც ისაუბრეს.