ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში ხელისუფლების, ეპიდემიოლოგების და ბიზნესის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. მთავრობა ამჯერად ბაზრობების წარმომადგენლებს ხვდება.
შეხვედრის დაწყებამდე, „ლილო მოლის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ ბიზნესი მთავრობასთან იმ საკითხებზე იმსჯელებს, რაც მათთვის პრობლემურია.
„ვიმედოვნებ, ისეთ შეთანხმებას მივაღწევთ, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ათიათასობით მეწარმისთვის, რამეთუ დღეს ძალიან რთული სიტუაციაა და თითოეულ დღეს, თითოეულ რეგულაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ მზაობა გვაქვს 15 თებერვლამდე გავიხსნათ და რეგულაციების სრული დაცვით განვაახლოთ მუშაობა. თუ ხელისუფლება 15 თებერვლამდე გახსნის გადაწყვეტილებას მიღებს, ეს ჩვენთვის დიდი შეღავათი იქნება” – განაცხადა კვარაცხელიამ.
„ლილო მოლის“ გენერალური შაბათ-კვირის ლოქდაუნზეც საუბრობს და ამბობს, რომ თუ შაბათ-კვირას არ იქნა დაშვებული მუშაობა, ურთულესი იქნება სექტორისთვის.