LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰასკის მოტოპარკი – სპორტი, რომელიც საქართველოში ტურიზმის განვითარებას ხელს უწყობს

451

მოტოპარკი, რომელიც საქართველოში ტურიზმის განვითარებას ხელს უწყობს-  ენდურო სპორტით ჩვენს ქვეყანაში ადგილობრივების გარდა, უცხოელი ვიზიტორებიც ინტერესდებიან.

როგორც ”ფორტუნას” ჰასკის მოტოპარკის დამფუძნებელმა, გიორგი ოთიაშვილმა განუცხადა, ჰასკის პარკი არის ექსტრემალური პარკი მთაწმინდის პარკის მახლობლად, რომელიც მომხმარებელს რამდენიმე სახის მომსახურებას სთავაზობს.

 

”ჩვენს პარკში განთავსებულია:  ენდურო მოტო სკოლა, სადაც მოტოციკლის მართვის სწავლაა შესაძლებელი. გვაქვს როგორც ერთ კვირიანი, ისე უფრო ვრცელი კურსები. ჩვენთან შესაძლებელია ენდურო და ოფროუდ ტურების მოწყობა. დაინტერესებული პირები ქირაობენ ჩვენს მოტოებს და სასურველი მიმართულებით, მთასა და ბარში, გადაადგილდებიან. სურვილის შემთხვევაში, მათ ჩვენი გიდიც მიჰყვება. ამ სერვისით, ძირითადად, უცხოელები სარგებლობენ, რომლებიც ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში და მაღალმთიან რეგიონებში გადასაადგილებლად სწორედ მოტოციკლებს ირჩევენ. გარდა ამისა, გვაქვს მოტოციკლების გაქირავების სერვისი, ენდურო-კროსის ტრასა, ჰასკის კაფე, გარაჟი მოტოციკლებისა და კვადროციკლებისთვის. ამასთან, ჩვენივე ტერიტორიაზე განთავსებულია მაღაზიაც, სადაც შესაძლებელია Husqvarna Motorcycles-ის ორიგინალი და  უმაღლესი ხარისხის, ყველა საჭირო აქსესუარის შეძენა”, – აღნიშნა გიორგი ოთიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ენდურო სპორტი ევროპაში ძალიან პოპულარულია და ცნობადობას ის თანდათან საქართველოშიც იძენს.

”მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა ამ სპორტით დაკავება, მოთხოვნა მაინც მაღალია – ჩვენი მოტოციკლები პრემიუმ ხარისხისაა და შესაბამისად, მაღალ საფასო სეგმენტზეა გათვლილი. ენდურო სპორტით დაინტერესებულ პირებს შორის, ცხადია, უცხოელები ჭარბობენ, რომელთაც შესაბამისი ფინანსები უფრო მეტად აქვთ, ვიდრე ადგილობრივებს. ამასთან, ვცდილობთ, შედარებით დაბალფასიანი მოტოციკლებიც შემოვიყვანოთ, რომელთა დაქირავებას კლიენტები მარტივად შეძლებენ”, – განმარტა ჰასკის მოტოპარკის დამფუძნებელმა.

რაც შეეხება ჰასკის მოტოპარკის წვლილს ტურიზმის განვითარებაში, როგორც გიორგი ოთიაშვილი ამბობს, გარდა იმისა, რომ ტურისტები საქართველოში ენდურო სპორტით კავდებიან, პარკი პერიოდულად შეჯიბრებებსაც მართავს, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან მოტო მოყვარულები და შეჯიბრში მონაწილეობას იღებენ.

”მაგალითად, 28-29 ოქტომბერს მორიგ ენდურო შეჯიბრს ვმართავთ და ველით მონაწილეებს ავსტრიიდან და რუსეთიდან. ბოლო პერიოდში უცხოელებისთვის დაახლოებით 40 ტური ჩავატარეთ და დაახლოებით 200-ამდე ტურისტს ვუმასპინძლეთ ფინეთიდან, პოლონეთიდან,  გერმანიიდან, ისრაელიდან და სხვა ქვეყნებიდან”, – განმარტა გიორგი ოთიაშვილმა.

როგორც ჰასკის მოტოპარკის დამფუძნებელი ამბობს, პარკი 2017 წელს დაარსდა და დაახლოებით 10 თვეა ფუნქციონირებს. ჰასკის მოტოპარკი მონაწილეობას იღებს ”თიბისი ბანკისა” და ”ჯეოსელის” ბიზნესდაჯილდოებაში #გააზიარეწარმატება. ჰასკის მოტოპარკი ერთ-ერთი ფინალისტია, ნომინაციაში: წლის ტურისტული ბიზნესი. გახდება, თუ არა პარკი აღნიშნული ნომინაციის გამარჯვებული, ამას უკვე ბიზნესდაჯილდოების დასკვნით ღონისძიებაზე, დეკემბერში გავიგებთ.