უეფა არ აპირებს სტრუქტურის შეცვლას და ევროპის ჩემპიონატზე 12 ქალაქზე უარის თქმას. სხვა ვარიანტები სასურველი არ არის.
როგორც The Independent ირწმუნება, ასოციაციას იმედი აქვს, რომ ტურნირს 12 ქალაქში ჩაატარებს როგორც ეს თავდაპირველად იყო ჩაფიქრებული. ამაზე გავლენას არც ის ფაქტი მოახდენს, რომ შესაძლოა ზოგიერთ მატჩს დასწრების 25%-იანი შეზღუდვა შეეხოს.
ბოლო 2 კვირაა დისკუსია იმის გამო გააქტიურდა, რომ ბილეთების დაბრუნების ბოლო ვადა მოვიდა. უეფას 12-ვე ქალაქში ორგანიზატორებთან კონტაქტს აქვს და ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ ტურნირი მიიღონ, თუნდაც შემცირებული დასწრების პირობებში.
საგანგებო ვითარების შემთხვევაში ოთხი ძირითადი ვარიანტია გათვალისწინებული: სრული სტადიონები, 75-პროცენტიანი დასწრება, ან 50%-იანი და 25%-იანი. უეფას არ მოსწონს ტურნირის გადატანის ან მისი ერთ ან ორ ქვეყანაში ჩატარების ვარიანტი.
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი გასულ ზაფხულს უნდა გამართულიყო, მაგრამ საყოველთაო პანდემიის გამო ერთი წლით გადაავადეს. ევროპის ჩემპიონატს 2020-ში 60 წელი უსრულდებოდა და ამის გამო მისი მასპინძლობა ლამის ნახევარ ევროპას მიანდეს.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ევრო 2020-ს ეს ქალაქები უმასპინძლებენ: ამსტერდამი, ბაქო, დუბლინი, კოპენჰაგენი, ბილბაო, გლაზგო, ბუდაპეშტი, ბუქარესტი, რომი, ლონდონი, სანკტ პეტერბურგი, მიუნხენი.