თბილისის მერმა კახა კალაძემ გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოები კიდევ ერთხელ დაათვალიერა.
დედაქალაქის მერი გუდიაშვილის მოედანზე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელ ალექსანდრე ტოგონიძესთან ერთად იმყოფებოდა.
მან სოციალური ქსელის მომხმარებლებს სამუშაოების ფარგლებში უკვე დასრულებული შენობა-ნაგებობები აჩვენა, რომელთა უმეტესობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, თბილისის ამ ისტორიულ უბანში სარესტავრაციო სამუშაოების დაწყებისას მხოლოდ 14 შენობა-ნაგებობის აღდგენა-რესტავრაცია იყო დაგეგმილი, თუმცა მოგვიანებით მათი რიცხვი 15-ით გაიზარდა, რის გამოც სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
მისივე განმარტებით, გარდა ფასადების მოწესრიგებისა, მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და გარე განათების სისტემა.
„დარწმუნებული ვარ, როდესაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება და ტერიტორია დასუფთავდება, მოწესრიგდება, ეს ყველაზე პოპულარული ადგილი იქნება თბილისში. გუდიაშვილის მოედანი გამორჩეულია თავისი შინაარსითა და ისტორიით. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იბრძოლა ამ მოედნის შენარჩუნებისთვის. გვახსოვს, აქ რა პრობლემები იყო. დღესაც ძალიან ბევრი ადამიანია პროცესში ჩართული და გვეხმარება, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები სწორად ჩატარდეს. თითოეულ დეტალს, ორნამენტს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და ყველაფერი მაქსიმალურად იქნება შენარჩუნებული. მართლაც, არაჩვეულებრივი პროექტია. ვეცდებით, რომ ზაფხულში ის დამატებითი შენობა-ნაგებობებიც დასრულდეს, რომელთა რეაბილიტაცია მოგვიანებთ გადაწყდა. არასწორი იქნებოდა, მხოლოდ მოედანი გაგვეკეთებინა და მის უკან არსებული შენობა-ნაგებობები დაგვეტოვებინა სავალალო მდგომარეობაში. თუმცა, კიდევ რჩება სახლები, რომლებიც რეაბილიტაციას საჭიროებს. მოსახლეობამ არაერთხელ მოგვმართა თხოვნით და მათაც ვპირდებით, რომ პროექტი ამით არ დამთავრდება. ჩვენ გავყვებით, გავაგრძელებთ ისტორიული შენობა-ნაგებობებს აღდგენა-რეაბილიტაციას. მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ ის სიმდიდრე, რომელიც ჩვენს ქალაქს გააჩნია. ეს ეკონომიკური თვალსაზრისითაც, აქ მცხოვრები ადამიანებისთვის დამატებითი სარგებელის მომტანია, ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ახალი მიზიდულობის კერები იქმნება, სადაც ტურისტები დატკბებიან ჩვენი ქალაქის სილამაზით,“- განაცხადა თბილისის მერმა.
ამასთან, მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რეაბილიტაციის პროცესში ჩართულები არიან შესაბამისი დარგის სპეციალისტები, რომელთა მიზანია, ძეგლების აღდგენის დროს მათი ავთენტურობა და პირვანდელი სახე შენარჩუნებული იყოს.