ქუთაისში, ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთსა და მარტვილში არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უბნებზე ხმების დათვლა დაასრულა.
მარტვილში 39 უბნიდან 39–ვე დათვლილია, რომლის თანახმადაც, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ალექსანდრე გრიგალავამ 49.76%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა მამუკა დანელიამ 35.81% მიიღო.
ბორჯომში, 30–ვე უბანი დათვლილია, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ლევან ლიპარტიამ 40.35%, ხოლო „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატმა ზაზა ჩაჩანიძემ 40.15% მიიღო. ლიპარტიამ 5059 ხმა მიიღო, ხოლო ჩაჩანიძემ – 5035 ხმა.
ოზურგეთში 62–ვე უბანია დათვლილი, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ბეგლარ სიორიძეს – 43,35%, ხოლო დამოუკიდებელ კანდიდატს კონსტანტინე შარაშენიძეს – 41,86%. ბეგლარ სიორიძეს 14 801–მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, ხოლო კონსტანტინე შარაშენიძეს 14 294–მა ამომრჩეველმა.
ხაშურში, 52–ვე უბნის მონაცემებია დათვლილი, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გიორგი გურასპაშვილმა 42.24%, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა რამაზ ნოზაძემ 18.48% მიიღო.
ყაზბეგში, სადაც 10-დან დათვლილია 10 უბნის მონაცემები, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ალექსანდრე ზაგაშვილს 44.62%, ხოლო მეორე ადგილზეა „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა – დემოკრატიული მოძრაობა- თავისუფალი საქართველოს“ მერობის კანდიდატი სანდრო ყამარაული – 26,85%-ით.
მერის მანდატის პირველივე ტურში მოსაპოვებლად კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს.