“ლიდერთა საბჭოს” წევრები სრულ უნდობლობას უცხადებენ 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარ შედეგებს, – ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული არჩევნების დროს, უპრეცედენტო კონტროლი იყო ხმებზე. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ლიდერთა საბჭოს მიაჩნია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არასამართლიან და არადემოკრატიულ გარემოში, ტოტალური დარღვევების და მანიპულირების ფონზე ჩატარდა.
“ჩვენ, საარჩევნო მონიტორინგში მონაწილე საქართველოს ოპოზიციური პარტიები, უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენი შეფასებით, ამ არჩევნებზე არ იყო უზრუნველყოფილი სამართლიანი და კონკურენტული გარემო, რაც უხეშად არღვევს სამართლიანი არჩევნების პრინციპს. ჩვენი შეფასებით, ამ არჩევნების შედეგები წინასწარ დაიგეგმა ხელისუფლების მხრიდან. არსებული ხელისუფლების პირობებში საქართველოში საარჩევნო გარემო კიდევ უფრო გაუარესდა და ფაქტობრივად, მივიდა იმ ნიშნულზე, რომლის მიღმა ხელისუფლების გადაცემა შეუძლებელი ხდება არჩევნების გზით. ესაა ყველაზე სახიფათო ტენდენცია, რაც კი შეიძლება იყოს ქვეყანაში, რომლისთვისაც მართლა მნიშვნელოვანია სტაბილურობა და ქვეყანაში მშვიდობის არსებობა.
ჩვენ აქ მყოფი პოლიტიკური ლიდერები და “ლიდერთა საბჭოს” სხვა წევრები შევთანხმდით, რომ სრულ უნდობლობას ვუცხადებთ არჩევნების წინასწარ შედეგებს, რომლის ჩამოყალიბება მძიმე დარღვევების შედეგად ყველა ციკლზე გამოჩნდა. სრულ უნდობლობას ვუცხადებთ არჩევნების იმ შედეგებს, რომელსაც ფორმალურად ჰქვია წინასწარი შედეგები, მაგრამ, რომელიც, პრაქტიკულად, უკვე საბოლოო შედეგი გახლავთ”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.