შენგენის ზონაში მგზავრობის წესები, შესაძლოა, გამკაცრდეს. ეს ინიციატივა ევროკომისიიდან წამოვიდა.
ევროკავშირის წევრების უმრავლესობას მიაჩნია, რომ აუცილებელია რეგულაციები გამკაცრდეს და საზღვრის დაცვა ამ ფორმით მოხდეს.
მთავარი გამოწვევა, რის წინაშეც ორგანიზაცია დგას – ტერიტორიზმია. მათი თქმით, გამაცრებული რეგულაციებით, ისინი ამ საფრთხის შემცირებას შეძლებენ.
საუბარია სამგზავრო დოკუმენტის აღებაზე, რომელიც ელექტრონული ვერსიით იქნება წარმოდგენილი.
დოკუმენტის შესავსებად აუცილებელია შემდეგი ინფორმაცია: საცხოვრებელი ადგილი, დაბადების ადგილი, საპასპორტო მონაცემები, საკონტაქტო ტელეფონის ნომერები, რომელ ქვეყანაში აპირებს პირი წასვლას, რამდენი ხნით და რომელ სასტუმროში დაბინავდება.
განსაკუთრებულ შემთხვევებში, დოკუმენტის შევსების შემდეგ, პირს გასაუბრებაზე დაიბარებენ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს აღნიშნულ დოკუმენტზე თანხმობას.
ძირითად შემთხვევაში კი ონლაინ აპლიკაცია 72 საათში დადასტურდება. მისი საფასური 10 ევრო იქნება, ვადა კი – 3 წელი.
ახალი წესები უკლებლივ ყველა ქვეყანაზე გავრცელდება.
როგორც ევროპარლამენტარმა ანა მომეშმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა, ეს არ არის სავიზო ვალდებულება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამსახურებმა უნდა იცოდნენ ვინ აპირებს მოგზაურობას შენგენის ზონაში.
„ყველა პირი ვალდებული იქნება მონაცემები სამგზავრო ნებართვის ელექტრონულ ვერსიაში განათავსოს. მონაცემებს ევროპოლის, ინტერპოლისა და შენგენის საინფორმაციო სისტემის შესაბამისი ორგანოები გადაამოწმებენ.
ეს არის ამერიკული მოდელის მსგავსი სისტემა.პროცესი იქნება სწრაფი. ევროპარლამენტი უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ახალი წესებით არ მოხდება მოქალაქეების უფლებების შელახვა და დაცული იქნება მათი პირადი ინფორმაცია“,– განაცხადა ევროპარლამენტარმა ანა მომეშმა.
მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა გუშინ მიიღო. ამასთან დაკავშირებით, კენჭისყრა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების კომიტეტში შედგა. რეგულაციას მხარი კომიტეტის უმრავლესობამ დაუჭირა.
ახალი წესები და რეგულაციები, შესაძლოა ძალაში, 2020 წლისთვის შევიდეს.
“ფორტუნამ” სცადა გაერკვია, რა ინფორმაცია აქვთ ამასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჩვენ გაგზავნილ კითხვებზე პასუხებს ამ დრომდე ველოდებით.
უფრო დეტალურ ინფორმაციას, უწყებიდან პასუხების მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.