საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი ”გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებას გამოეხმაურა. ”ნამდვილად ვეთანხმები იაგო ხვიჩიას, როცა არც ხალხია შენს მხარეს, არც საერთაშორისო საზოგადოება და არც სიმართლე, ქუდი უნდა დაიხურო და საქმეს მიხედო”. – ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“მათ სიმართლე გითხრათ, არაფრის იმედი აქვთ, ასეთი შეგრძნება მაქვს. არეულობის, დესტრუქციის და იმის იმედი აქვთ, რომ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე ხალხს მოთმინების ფიალა აევსება, გამოვლენ და ხელისუფლებას დაამხობენ და ეს არ და ვერ მოხდება. ამის საშუალებას ოპოზიციურ ძალებს ნამდვილად არ მივცემთ. ამიტომ არაფრის იმედი არ აქვთ”. – აღნიშნა, დავითულიანმა.
მან ალეკო ელისაშვილის განცხადებაზეც ისაუბრა, გიორგი ვაშაძეზე შესაძლო ზეწოლის შესახებ და განმარტა, რომ “თუ მორალურ შანტაჟზე არ ვსაუბრობთ, ყველა დანარჩენი ტიპის შანტაჟი სისხლის სამართლის დანაშაულია და შესაბამისი რეაგირება სჭირდება”.
უმრავლესობის წევრი ფიქრობს, რომ ოპოზიციის ნაწილი ორი პოლიტიკური პარტიისგან ზეწოლას განიცდის და მათთვის პარლამენტში შესვლის საკითხი ერთგვარი ტესტი იქნება თუ რამდენად დამოუკიდებლები არიან.
“დღეს ოპოზიციას აქვს ერთგვარი ზეწოლა ორი პოლიტიკური ცენტრისგან და ლიდერისგან, ესენი არიან “ევროპული საქართველო” და “ნაციონალური მოძრაობა”. აქვთ ზეწოლა იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ და არ შევიდნენ პარლამენტში და არ აღასრულონ ნება, რომელიც გამოხატა ამომრჩეველმა. ეს არის ერთგვარი ტესტი ვინ რამდენად დამოუკიდებელია ამ პოლიტიკური ცენტრისგან „ნაციონალური მოძრაობის“ და იმედი მაქვს, ამ ტესტს ვიღაცები ჩააბარებენ. ამომრჩეველმა დააფიქსირა, რომ ახალ ძალებს აქვთ შანსი განვითარების, ყოველგვარი სამართლებრივი, პოლიტიკური და რაციონალური ლოგიკის მიღმა არგუმენტების გარეშე ვიღაცები მაინც უარს ამბობენ პარლამენტში შემოსვლაზე. ეს ნიშნავს, რომ მათზე არის სხვა ტიპის ზეწოლა, ბულინგი თუ მორალური შანტაჟი, რის გამოც ისინი ვერ ახერხებენ ამ პლატფორმების ზეგავლენისგან გათავისუფლებას”. – განაცხადა, ბექა დავითულიანმა.