LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთის “სოლიდარობის გეგმა” მხარს დაუჭერს ვაქცინის საერთაშორისო თანამეგობრობისთვის თანაბარ გადანაწილებას: დავით ზალკალიანი ესპანელ კოლეგას შეხვდა

49
FORTUNA.GE- (2)

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფება.

დავით ზალკალიანმა, ვიზიტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა ესპანელ კოლეგასთან – საგარეო, ევროკავშირისა და თანამშრომლობის მინისტრთან, არანჩა გონზალეს ლაიასთან გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი პარტნიორებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მჭიდრო კოორდინაციის მნიშვნელობას გლობალური პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად და გამოთქვეს მზადყოფნა, გააგრძელონ მჭიდრო კოორდინაცია ამ მიმართულებით.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას. ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა ესპანეთის „სოლიდარობის გეგმის“ შესახებ, რომელიც მხარს დაუჭერს ვაქცინის საერთაშორისო თანამეგობრობისთვის თანაბარ გადანაწილებას. ამ მხრივ კიდევ ერთხელ აღინიშნა ევროკავშირის მიდგომას ვაქცინის პარტნიორი სახელმწიფოებისთვის გადანაწილების თაობაზე.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა ესპანეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და ხაზგასმით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავების აუცილებლობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელობას იძენს გლობალური პანდემიის ფონზე ეკონომიკის სტიმულირების თვალსაზრისით.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე შეხვდა ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს ფერნანდო გრანდე-მარლასკას, რომელიც ასევე ხელმძღვანელობს სანიტარული კრიზისის მართვის მიზნით შექმნილ საგანგებო საკოორდინაციო საბჭოს.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მიერ ვაქცინაციის გეგმის დამტკიცების თაობაზე და ვაქცინების მოპოვების კუთხით საქართველოს მიერ წარმოებულ სამუშაოებზე.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და ესპანეთის წარმატებულ თანამშრომლობას სამართალდამცავ სფეროში და ორი ქვეყნის მხრიდან პოლიციის ატაშის ინსტიტუტის ეფექტურ ფუნქციონირებას.

მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს უვიზო რეჟიმის წესების დაცვის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ეფექტიანი ნაბიჯები, მათ შორის მინისტრმა კოლეგას გააცნო საქართველოს კანონმდებლობაში შესული ცვლილება 2021 წლის 1 იანვრიდან ე.წ. გასვლის კონტროლის ამოქმედების შესახებ.