ბიორკის კონცერტები საქართველოში 31 ოქტომბერს და 3 ნოემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება. ისლანდიელი შემსრულებელი საქართველოში SOU ფესტივალს ჩამოჰყავს.
დღეს tkt.ge-ზე უკვე განთავსდა ორივე ღონისძიების ბილეთები, სამწუხაროდ, 50 და 80 ლარიანი ბილეთების შეძენა უკვე შეუძლებელია. თბილისის საკონცერტო დარბაზში კონცერტზე დასასწრებად ბილეთებს 200 ლარიდან შეიძენთ (200, 300, 370, 460, 500, 540, 550, 560, 570 ლარი), ხოლო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში – 250 ლარიდან (250, 370, 450, 600, 650, 700, 750 ლარი).
ბილეთების ფასებმა სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:
Fortuna.ge ექსკლუზიურად დაუკავშირდა ფესტივალის დამფუძნებელს, სანდრო ლომინაშვილს და ჰკითხა, რამ განაპირობა ბილეთების ასეთი მაღალი ფასი.
სანდრო ლომინაშვილი:
მიუხედავად იმისა, რომ კონცერტების ფროდაქშენი ფასდაკლებით გაგვიკეთეს, საქართველოსთვის ეს ძალიან მაღალი თანხაა. კონცერტები მაღალბიუჯეტიანია. სახელმწიფოს მონაწილეობა („ჩექ ინ ჯორჯია“) არის მინიმალური, მხოლოდ დარბაზების უფასოდ დათმობა. კონცერტებს გამოუჩნდა მხოლოდ ერთი სპონსორი – „აჭარა გრუპი“. ალბათ, წარმოგიდგენიათ, რომ ისინი ვერ დაფარავდნენ მთლიან ხარჯს. ბიორკის კონცერტები საქართველოში კეთდება მთლიანად კერძო სექტორის ხარჯზე, თუკი არ ჩავთვლით სახელმწიფოს მიერ დარბაზების დათმობას. სწორედ ამან განაპირობა ბილეთების მაღალი ფასებიც.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ როცა სახელმწიფოსგან უფრო დიდი დაფინანსება გვქონდა, ჩვენ მიერ აქამდე გამართულ 26 ღონისძიებაზე ბილეთების ფასები 10-50 ლარის ფარგლებში იყო.
სანდრო, ელოდებით, რომ გაგეყიდებათ ასეთი მაღალფასიანი ბილეთები?
ბილეთები საიტზე დღეს დაიდაო და ნახევარზე მეტი უკვე გაყიდულია. სტატისტიკას თუ ვადევნებთ თვალს, ველოდებით, რომ დღის ბოლომდე ბილეთები აღარ იქნება.
როგორც ფესტივალის დამფუძნებელმა გვითხრა, პრესკონფერენცია ბიორკის საქართველოში ვიზიტის შესახებ ოთხშაბათს შედგება, სადაც ყველა დეტალზე ჟურნალისტებთან დაწვრილებით ისაუბრებენ.
ნინო მურღულია