კორონავირუსს ექიმები მთელი მსოფლიოდან ერთი წელია უშედეგოდ ებრძვიან. რამდენიმე ქვეყანაში უკვე დაწყებულია ვაქცინაცია, მაგრამ ვირუსით ინფიცირების შემთხვევები არ კლებულობს.
ბოლო დღეებში აქტიურად განიხილება მედიკამენტი, რომელმაც მედიკოსთა გარკვეული ჯგუფის მოსაზრებით, შესაძლოა პანდემია დაასრულოს – საუბარია „მოლნუპირავირზე“.
,,აღარავის დასჭირდება ნიღაბი, დისტანცია, აღარ იქნება ,,ლოკდაუნები", ეს ჯოჯოხეთი დამთავრდება, დასრულდება!" - გიორგი ღოღობერიძე
გიორგი ღოღობერიძე საუბრობს წამალზე, რომელმაც შესაძლოა კოვიდპანდემია დაასრულოს
ცდები მიმდინარეობდა ზღვის გოჭებზე. მათი ფილტვების აგებულება ყველაზე მეტად ჰგავს ადამიანისას.
კორონავირუსით დაინფიცირებულ ზღვის გოჭებზე ჩატარებულმა კვლევებმა ექიმები დააიმედა.
ამჯერად, ამერიკის 4 შტატში კლინიკური კვლევების მეორე და მესამე ეტაპი მიმდინარეობს.
„ფორტუნა“ დაინტერესდა, რას ფიქრობენ ქართველი ინფექციონისტები აღნიშნულ პრეპარატზე.
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მიიჩნევს, რომ პანდემიის დროს უკვე იმდენმა პრეპარატმა გაგვიცრუა იმედი, რომ „მოლნუპირავირზე” ჯერჯერობით დიდი იმედების დამყარება არ ღირს.
„კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ამ ტიპის ექსპერიმენტული წამალი ბევრია. ბევრზე გაჟღერდა იმედისმომცემი ინფორმაცია, მათ შორის „მოლნუპირავირზე“, მაგრამ სანამ ეს არ დადასტურდება მრავალი კვლევით და არ დაესმევა წერტილი რომელიმე საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ, გადაჭრით რაიმეს თქმა შეუძლებელია. პანდემიის დროს ძალიან ბევრ პრეპარატზე გაგვიცრუვდა იმედები, ამიტომ ძნელია წინასწარ იმედიანი პროგნოზის გაკეთება.
ბევრი რამის გარკვევაა საჭირო, მაგალითად ხანგრძლივი გამოყენება ჯანმრთელობისთვის რამდენად იქნება უსაფრთხო. კლინიკურ კვლევაში მყოფი პრეპარატი, დიდ ყურადღებას საჭიროებს. იმედისმომცემი პრეპარატია, მაგრამ ნაადრევია იმის თქმა, რომ შეიძლება, გარდატეხა მოახდინოს პანდემიასთან ბრძოლაში. ჯერჯერობით მაინც ვაქცინის იმედად უნდა ვიყოთ“, – აღნიშნა ბუწაშვილმა ჩვენთან საუბარში.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის აზრით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ წამალი იმედებს გაამართლებს, ვაქცინაცია აუცილებელი იქნება.
„იმედი ვიქონიოთ, რომ ანტივირუსული პრეპარატი „მოლნუპირავირი“ მის მიმართ არსებულ განწყობებს გაამართლებს.
ჯერჯერობით, მასზე მე ვერაფერს გეტყვით, ჩვენ არ გამოგვიყენებია და არც კვლევაში გვაქვს ჩართული. ჩატარდება კვლევები და გვიჩვენებს საბოლოო შედეგს. „რემდესივირზეც“ ზოგი ამტკიცებს, რომ ძალიან კარგია. ზოგი კი ფიქრობს, რომ მასში გადახდილი თანხა უაზრობაა. მაგრამ საბოლოო პასუხი მაინც დაკვირვებებმა უნდა გვითხრას.
თუ კვლევებით „მოლნუპირავირის“ დადებითი შედეგი დადასტურდება, ეს იმას ნიშნავს, რომ წამალი მართლაც ახდენს ვირუსის დროულ ელიმინაციას, თავისთავად მოხდება ვირუსისგან მალე გათავისუფლება და ადამიანი თავისთავად აღარ იქნება ხანგრძლივი დროის განმავლობაში გადამდები. ჩნდება კითხვას „ამ წამლის მიღების შემდეგ ვაქცინაცია საჭირო იქნება თუ არა“? ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, გრიპის უამრავი პრეპარატი არსებობს, მაგრამ ვაქცინაცია მაინც საჭიროა. მედიკამენტი, რომელიც ანტივირუსულად და ვირუსის საწინააღმდეგოდ უნდა ჩაითვალოს, ის ვაქცინაციის საკითხს არ მოხსნის. მსოფლიოში, რომელი ვირუსის ელიმინაციაც მოხდა, ჯერჯერობით ეს ფუნქცია შეასრულა მხოლოდ ვაქცინამ “, – აცხადებს ენდელაძე ჩვენთან საუბარში.
ცნობისთვის, „მოლნუპირავირი“ 1980 წელს დამზადდა. მეცნიერებმა პირველად ის 2009-2013 წლებში როგორც ანტივირუსული მედიკამენტი, ისე გამოიყენეს. მას შემდეგ წამალზე არაერთი კვლევა ჩატარდა. იკვლევენ მის ეფექტიანობას კორონავირუსის წინააღმდეგაც. ექიმები ამბობენ, რომ კვლევები ჯერჯერობით დამაიმედებელია. მათი თქმით, წამალი აფერხებს ვირუსის რეპლიკაციას ორგანიზმში და გადადების პროცესს 24 საათში აჩერებს.